GE

„საკუთარ ქვეყანაში ევროპულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა საუკეთესო შანსია ახალგაზრდებისთვის“ – KIU-ს სტუდენტი სიღნაღიდან

დავით ბაბალაშვილი სიღნაღიდანაა. ვერცხლის მედალოსანი ბიჭი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის პროგრამაზე სწავლობს. მედლისა და სახელმწიფო გრანტის საშუალებით მოპოვებული აქვს KIU-ს სტიპენდია, ასევე უფინანსდება კამპუსში ცხოვრების გადასახადი. დავითი უნივერსიტეტის ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტ-ელჩია. KIU-ს ელჩობას საპატიო სტატუსად მიიჩნევს, რომელიც საშუალებას აძლევს თავის თანატოლებს, მომავალ სტუდენტებს, მშობლიურ კახეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს, საკუთარი თვალით დანახული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გააცნოს.

დავითს აქტიური სასკოლო ცხოვრება ჰქონდა. მისი საყვარელი საგანი მათემატიკაა, შესაბამისად, პირველი კლასიდანვე, გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, მონაწილეობას იღებდა არაერთ კონკურსში, მათ შორის – კინგსსა და ეროვნულ სასკოლო ოლიმპიადებში. ფორმალური განათლების პარალელურად, აქტიურად იყო ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ინიცირებულ მრავალფეროვან პროექტებში, რომლებიც სხვადასხვა აქტუალურ და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხს ეხებოდა – სამოქალაქო აქტივიზმი, გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების კონსერვაცია, კლიმატის ცვლილება, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაცია, რეგიონული განვითარება, მეწარმეობა და ა.შ.

სკოლაში, სადაც დავითი სწავლობდა, ხორციელდებოდა პროექტი „მომავლის თაობა“. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებმა ჩამოაყალიბეს კლუბი, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც იყო დათო. კლუბის მეშვეობით, მოზარდები სისტემატურად გეგმავდნენ სხვადასხვა აქტივობას (დისკუსიები, პრეზენტაციები, თემის განხილვა) და უპირისპირდებოდნენ ისეთ პრობლემებს როგორებიცაა: „ბავშვთა შორის ჩაგვრა“, „გარემოს დაბინძურება“, „ქალთა უფლებების დაცვა“, „ნაადრევი ქორწინება“. ყველაზე მნიშვნელოვანი ორი პროექტი, რომელიც დავითმა და მისმა თანატოლებმა ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით განახორციელეს, გახლდათ – კეთილმოწყობილი სკვერი სოფელს და „საქველმოქმედო მაღაზია“ უმწეოებს, ამ უკანასკნელში, გაჭირვებულ ადამიანებს უფასოდ შეეძლოთ ესარგებლათ ტანსაცმლითა და სხვადასხვა ნივთით.

აღსანიშნავია, რომ დავითი ბავშვობიდანვე თავისუფალ დროს მუსიკას უთმობს. საყვარელი ინსტრუმენტი გიტარაა. მუსიკისადმი განსაკუთრებულმა ინტერესმა უნივერსიტეტში ბენდის დაარსება გადააწყვეტინა. შესაბამისად, შეკრიბა თანამოაზრე სტუდენტები, რომლებსაც მუსიკის სიყვარული აერთიანებთ და დიდი შემართებით შეუდგნენ საქმეს. ჯერ მხოლოდ რამდენიმეჯერ შეძლეს შეხვედრა, მაგრამ მოახერხეს ერთმანეთის შესაძლებლობების დანახვა/გაცნობა. ახალბედა მუსიკოსებმა მიზანი დაისახეს და მალე ბენდის ოფიციალურ წარდგენას აანონსებენ. ერთ-ერთმა სტუდენტმა საპროექტო განაცხადიც კი მოამზადა „მუსიკალური ოთახის“ მოწყობის თაობაზე და იმედი აქვთ, რომ უნივერსიტეტი მათ ინიციატივას მხარს დაუჭერს.

როგორც თავად ამბობს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარება დათოსთვის მთავარი გამოწვევა იყო. დღეს კი ბედნიერია, რომ თავის დროზე ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. მისთვის უპირობოდ მნიშვნელოვანია ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც KIU სთავაზობს. გაოცებას ვერ მალავს პროფესორების, აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის მხრიდან ახალგაზრდების მიმართ დამოკიდებულებაზე. მიაჩნია, რომ პროგრამა რთულია, თუმცა იმაზე ფიქრი, რომ უნივერსიტეტის წარმატებით დასრულების შემდეგ პროფესიონალ კადრად ჩამოყალიბდება, სასწავლო პროცესს უმარტივებს.

„KIU-მ ნამდვილად გამაოცა. უნივერსიტეტის TUM-თან თანამშრომლობა უპირატესობას გვანიჭებს სტუდენტებს. საკუთარ ქვეყანაში ევროპულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა საუკეთესო შანსია ახალგაზრდებისთვის. დატვირთულ სასწავლო რეჟიმთან ერთად, საინტერესო საუნივერსიტეტო ცხოვრება გვაქვს, გავიცანი და დავიმეგობრე არაჩვეულებრივი გოგო-ბიჭები, რომლებსაც საერთო მიზნები და ინტერესები გვაქვს. კარგ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი ასეთ გარემოს. კამპუსში დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობა ხომ უდიდესი გამართლებაა სტუდენტებისთვის?!“ – ამბობს მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტი დავით ბაბალაშვილი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2021-2022 აკადემიური სასწავლო წლისთვის სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. KIU სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უნივერსიტეტია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ კამპუსს, ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ, იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. სტუდენტები, გარდა აკადემიური და სასწავლო პროცესისა, აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიულ კლუბში, შიდა კონკურსსა და ოლიმპიადაში.

უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური