GE

„…საკუთარ სამშობლოში იძულებით გადაადგილებული ბავშვების მასწავლებლად ვიქეცი, ჩვეულებრივ გაკვეთილებს ვატარებდი, მე უჩვეულო-ომნაჭამი მასწავლებელი“

თამარ ლომიტაშვილის ბლოგი აგვისტოს ომის შესახებ

თამუნა ლომიტაშვილი, განათლების მეცნიერებების მაგისტრი, თბილისის #192 საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი ქართულ ენაში

,,მიცქირე თვალში, შენ დადუმდი…

ო, ჩემს თვალში საშინელება იგრძენი განა?!“

აგვისტოს ომის შემდეგ, ჩვენი, თითოეული ქართველის ცხოვრება თავისებურად შეიცვალა – ვიღაცისთვის ისტორიის მტკივნეულ თარიღად ჩაიწერა, ვიღაცისთვის სწორი ან არასწორი პოლიტიკა გატარდა, ვიღაც სულით ხორცამდე შეიძრა, ბევრიც უსახლკაროდ, უქმროდ, უშვილოდ, უთვისტომოდ დარჩა…

შვილმკვდარი ბებიაჩემი გულიანად რომ გაიცინებს, მერე ოხვრას აყოლებს, რა მაცინებს, ჩემი შვილის დამკარგავსო… ასე ვართ ჩვენც, სადაც არ უნდა გადავსახლდეთ, რამდენი ფულიც არ უნდა ვიშოვოთ, როგორი კომფორტიც არ უნდა შევიქმნათ, მაინც ვერ ვპოულობთ სრულ ნეტარებას, რადგან შვილმკვდარი დედებივით გვტკივა, გაგლეჯილი, შეუხორცებელი კიდურები…

ბოლო დროს, საყოველთაო დარდის გარდა, ომთან დაკავშირებული პირადი მტკივნეული გამოცდილებების მოყოლა დავიწყეთ და თითქოს ამან კიდევ უფრო დაგვაახლოვა, საერთო მწუხარებით გაგვამთლიანა…

ის კადრები, როცა ომის დროს ქართლში ვისვენებდი და რამდენიმე კილომეტრში ცვიოდა ბომბები, გრგვინავდა მიწა და კიოდა ჩემი 6 წლის გოგონა – დავიხოცებით დედა?  ჩემი მოგუდული ხმა, არა, ნუ გეშინია… ალმოდებული გორის გავლა, გზებზე ხალხი, მუდარით – გაგვიყოლეთო- ვერ გავიყოლეთ –  ალბათ, ყველაზე მსუბუქია, იმასთან, რაც მსმენია და მინახავს, მაგრამ ახლა სულ სხვა ტკივილზე მინდა გიამბოთ…

იმ წლის სექტემბერში, საკლასო ოთახში, რამდენიმე ახალი მოსწავლე დამხვდა. ვინაობა ვკითხე. ფეხზე დგებოდნენ და მპასუხობდნენ: ლტოლვილი –  სამაჩაბლოდან… უცებ, საკუთარ სამშობლოში იძულებით გადაადგილებულ ბავშვების მასწავლებლად ვიქეცი.

მერე გავიგე, თურმე, მათი დროებითი თავშესაფარი სკოლა იყო. მერხი, საღამოობით, სავახშმო მაგიდად გადაიქცეოდა ხოლმე, ღამით – საწოლად, დილით – სასწავლო რესურსად…

შუა გაკვეთილზე, თვითმფრინავის ხმაზე, შეშინებული მოსწავლეები ყურებზე იფარებდნენ ხელებს და თავს ხრიდნენ. მე, ვითომ უშიშარი, მტკიცედ ვიდექი და ვიღიმოდი, ნახეთ, საშიში არაფერია, მაგრამ ზუსტად შენობის თავზე რომ გადაიფრენდა ის ბომბების მაუწყებელი, მეც ძლიერ ვხუჭავდი თვალებს. უშიშარი მასწავლებლის შიგნით, მშიშარა გოგო ცახცახებდა… ჩვენ ყველა ერთად, ომის შვილები ვიყავით…

არ მახსოვს მაშინ როგორი იყო ჩემი გაკვეთილების გეგმა, სტრუქტურა, შინაარსი, მიზანი, მაგრამ ზუსტად მახსოვს, რომ მათ არ წავუკითხე ანა ფრანკი… არა თუ წავუკითხე, საერთოდ დავივიწყე ომთან დაკავშირებული, ყველა ნაწარმოები, სიტყვას ბანზე ვაგდებდი და ცხოვრების ვითომ ჩვეულ კალაპოტში გადასაყვანად, ჩვეულებრივ გაკვეთილებს ვატარებდი, მე უჩვეულო-ომნაჭამი მასწავლებელი…

ამდენი წელია მტანჯავს ეს ამბავი… სულ ვფიქრობ, ახლანდელი გამოცდილება, სიმამაცე, ცოდნა და უნარები რომ მქონოდა, როგორ შევუმსუბუქებდი იმ პატარა ქვეყნის, პატარა ომის, პატარა შვილებს – დიდ დარდს…

როგორები იყვნენ? ჯიუტნი, ამაყნი, ოდნავ მომღიმარნი… მათი თვალები… ისინი არასდროს მარიდებდნენ თვალებს, მე ვერ ვუძლებდი… მათი თვალებიდან, თითქოს, გალაკტიონი მეჩურჩულებოდა:

,,მიცქირე თვალში,
შენ დადუმდი?
იგრძენი განა?

იყავი ჩუმად
და ბინდიან
თვალში მიყურე.

ნურაფერს მეტყვი,
მე არ მინდა
არავის ნანა.

მიცქირე თვალში,
ო, ჩემს თვალში
საშინელება იგრძენი განა?!“

სპეციალურად EDU.ARIS.GE-სთვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური