GE

სამ საათში EMIS-ის პორტალზე უკვე 36 500 პირველკლასელი დარეგისტრირდა

დღეს 24 მაისს, საჯარო სკოლებში 2022-2023 სასწავლო წლის პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი, საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია დაიწყო. როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განუცხადეს, დღის 12:00 საათის მონაცემებით, შესაბამის პორტალზე 36 500 პირველკლასელი დარეგისტრირდა.

მათივე ინფორმაციით, 125 სკოლაში ყველა ადგილი უკვე შევსებულია, საყოველთაო რეგისტრაციის დაწყებამდე კი ადგილები 3 სკოლაში იყო შევსებული.

გუშინდელი მონაცემით სისტემაში 25 366 პირველკლასელი იყო რეგისტრირებული და დარჩენილი იყო 43 842 ვაკანტური ადგილი.

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2022-2023 სასწავლო წლისათვის 24 მაისს09:00 საათზე დაიწყო და 15 ივნისს 18:00 საათზე დასრულდება, ხოლო საბუთების წარდგენა 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე:

სარეგისტრაციო გვერდი

ელექტრონულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი:

რეგისტრაციის ინსტრუქცია

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ 20 მაისს განახლებულ ინფორმაციაში რეგისტრაციის შემდეგ სკოლაში საჭირო დოკუმენტების წარდგენის შესახებ ჩანაწერში ახალი გარემოებებიც დაემატა, კერძოდ გაჩნდა მოთხოვნა საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და უცხოურ ენაზე წარმოდგენილი დოკუმენტების თარგმნის შესახებ:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
  • კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

2022-2023 სასწავლო წელს, პირველ კლასში რეგისტრაცია შესაძლებელია იმ ბავშვებისათვის, რომელთაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ.

იხილეთ სკოლებში დარჩენილი თავისუფალი ადგილები 

მშობლისთვის საინტერესო სხვა დეტალები რეგისტრაციის პროცესში იხილეთ ბმულზე.

ამავე თემაზე:

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 24 მაისს დაიწყება – ყველა დეტალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური