GE

სამაგისტრო ნაშრომის წერა გენდერულ საკითხებზე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს, შესაძლოა, დაბალ ქულად დაუჯდეთ

რა არის განათლება? – რაც დრო გადის, სულ უფრო რთული ხდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. თუკი წლების წინ განათლებული ადამიანი ჩემთვის ნასწავლ ადამიანს ნიშნავდა, უნივერსიტეტში გატარებული ბევრი წლის შემდეგ მივხვდი, რომ სწავლა და ინფორმაციების მიღება განათლებასთან (ყოველ შემთხვევაში, ნათელ გონებასთან) კავშირში არაა. ასე რომ იყოს, მაშინ პროფესორები ჩვენი საზოგადოების ყველაზე საღად მოაზროვნე ნაწილს უნდა წარმოადგენდნენ, რაც რეალობას არ შეესაბამება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული სადიპლომო ნაშრომების დაცვის პროცესში ნაშრომის ნაცვლად, ქალთა უფლებების დაცვა არ მოუწევდათ.

სხვადასხვა პრობლემურ თემაზე საუბრისას, როგორც წესი, დასკვნა ყოველთვის ერთია: განათლების არარსებობა. თუმცა, როცა იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები არ აღიარებენ გენდერულად მოტივირებულ დანაშაულებს და სრულად იზიარებენ საზოგადოებაში გავრცელებულ მავნე სტერეოტიპებს სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით, ჩნდება შეკითხვა: პრობლემა გაუნათლებლობაზე მეტად, არასწორ განათლებაში ხომ არ უნდა ვეძიოთ?! გაცილებით რთულია ,,პროფესორის“ დარწმუნება, რომ მიუხედავად ამდენი წერა-კითხვისა, ის ცდება და მისი დამოკიდებულებები საზოგადოებისთვის საზიანოა.

გასულ თვეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა გვანცა ხარატიშვილმა თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც სამაგისტრო ნაშრომში დაწერილი ქულის სამართლიანობას ეჭვქვეშ აყენებს. აღნიშნული საკითხის დეტალურად გაგების მიზნით, EDU.ARIS.GE გვანცა ხარატიშვილს ესაუბრა.

სამაგისტრო ნაშრომის თემატიკა

გ.ხ.: ჩემი სამაგისტრო ნაშრომი ეხებოდა სექსუალური ძალადობის საქმეების გამოძიებას, სისხლის სამართლებრივი დევნისა და სასამართლო საქმის განხილვის პრობლემებს. ჩემი თემის მიზანი იყო იმის დადგენა, რამდენადაა მზად ქართული მართლმსაჯულება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების დასაცავად და რა დამოკიდებულება აქვს სისტემას გენდერულად მოტივირებული დანაშაულების მიმართ. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აღნიშნულ თემაზე მუშაობა გადავწყვიტე ის იყო, რომ აკადემიურ წრეებში სექსუალური ძალადობის საკითხი არც ისე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ საკითხის ირგვლივ ბაკალავრზეც იშვიათად ვსაუბრობდით. მთელი ოთხი წლის განმავლობაში იურიდიულ ფაკულტეტზე სექსუალური ძალადობის თემა მინიმალური დოზით განიხილებოდა მაშინ, როცა ეს საკითხი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემაა.

სამაგისტრო ნაშრომის დაცვის პროცესი

გ.ხ.: სულ 15-20 წუთი გვქონდა ნაშრომის წარსადგენად. რთული იყო ამდენგვერდიანი ნაშრომი ასე მოკლე დროში სრულყოფილად განმეხილა, თუმცა მაქსიმალურად ვეცადე. როცა პრეზენტაცია დავასრულე, მადლობა გადამიხადეს რეგლამენტის დაცვისთვის და სულ ეს იყო. ერთი კითხვაც არ დაუსვამთ. თერთმეტნი ვიყავით, ყველას დაცვას დავესწარი. თითქმის არავისთვის დაუსვამთ შეკითხვები, ერთი-ორი სტუდენტის გარდა. ნაშრომის დაცვის პროცესის მიმართ სულ სხვა მოლოდინები მქონდა. წინა ღამით ისე ვნერვიულობდი, როგორ ჩაივლიდა ეს დღე, რეპეტიციას გავდიოდი, საკუთარ თავს კრიტიკულ შეკითხვებს ვუსვამდი, არგუმენტებს ვამზადებდი. იმედი მქონდა, რის თქმასაც მოცემულ 15 წუთში ვერ მოვასწრებდი, კითხვებით შემავსებინებდნენ. თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა. ფაქტობრივად, ყველაფერი წყალში ჩამეყარა.

ნაშრომის შეფასება და გასაჩივრების მექანიზმი

გ.ხ.: ნაშრომის დაცვა დაახლოებით სამი საათისთვის დასრულდა, საღამოს თერთმეტი საათისკენ კი ქულები დაიდო. 88 ქულა დამიწერეს.. შეიძლება ბევრისთვის არც ისე დაბალი ქულაა, მაგრამ იმხელა შრომა ჩავდე ამ ნაშრომში, ასეთი შეფასება ნამდვილად მიუღებელი იყო. იურიდიული ფაკულტეტის კოორდინატორს დავურეკე. ვუთხარი, რომ შეფასებას არ ვეთანხმებოდი და გასაჩივრება მინდოდა, რაზეც მიპასუხა, რომ უნივერსიტეტს გასაჩივრების მექანიზმი არ აქვს და სამაგისტრო ნაშრომის ქულა საბოლოოა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი პრეზენტაციის პროცესში დასმულ შეკითხვებზე გაცემული პასუხების შეფასებაა, რაშიც 10-დან 8 თუ 9 ქულა მეწერა. ერთი კითხვაც კი არ დაუსვამთ ჩემთვის და მაინტერესებს, ამ კრიტერიუმით საერთოდ როგორ შემაფასეს? მრჩება შთაბეჭდილება, რომ სექსუალურ ძალადობას და ზოგადად, გენდერულ საკითხებს, ლექტორთა ნაწილი არასერიოზულად უყურებს. სიმართლე გითხრათ, როცა ჩემმა რამდენიმე ნაცნობმა გაიგო, რა თემაზე ვაპირებდი სამაგისტრო ნაშრომის დაწერას, გამაფრთხილეს მოსალოდნელი შედეგების შესახებ. თუმცა, ბოლომდე მეგონა, რომ აზვიადებდნენ. თურმე, არა.

იმის გასაგებად, თუ რატომ არის სამაგისტრო ნაშრომის დაცვის ადეკვატურად ჩატარება მხოლოდ კომისიის წევრების კეთილ ნებაზე დამოკიდებული, ოფიციალური შეკითხვით მივმართეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რაზეც ზოგადი შაბლონური პასუხი მივიღეთ, რომელიც ჩვენი შეკითხვის არსს საერთოდ არ პასუხობდა:

,,სამაგისტრო ნაშრომის დაცვა ხორციელდება საჯაროდ, რომლის მსვლელობისას მაგისტრანტი წარმოაჩენს ნაშრომში განხორციელებული კვლევის შედეგებს. დადგენილია, რომ გამოცდის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კომისიის წევრები დამოუკიდებელნი არიან შეფასებაში და შეფასება ხორციელდება დადგენილი კრიტერიუმებით. საყურადღებოა, რომ სამაგისტრო ნაშრომი ფასდება ერთჯერადი დასკვნითი შეფასებით და ისეთი კრიტერიუმებით, რაც ცხადყოფს სამაგისტრო ნარკვევისათვის მოსალოდნელ და სასურველ სიღრმისეულობასა და დასაბუთებულობას“.

სამაგისტრო ნაშრომის ქულის გასაჩივრებასა და გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ახალი არ არის. ჯერ კიდევ წლების წინ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა ანა თავხელიძემ უნივერსიტეტის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა სასამართლოში. როგორც EDU.ARIS.GE -სთან საუბარში აღნიშნავს, მას სამი ძირითადი მოთხოვნა აქვს: მიეცეს სადიპლომო ნაშრომის დაცვის ხელახალი შესაძლებლობა ჯანსაღ გარემოში, უნივერსიტეტმა შექმნას ქულის გასაჩივრებისა და რაც მთავარია, სექსუალური შევიწროებისა და სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის ფაქტის შემსწავლელი მექანიზმი, რომელიც დღესდღეობით არ გააჩნია. სასამართლო დავა სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის უკვე სამი წელია მიმდინარეობს. თუმცა, უშედეგოდ.

ანა თავხელიძე: ,,ჩემი სამაგისტრო ნაშრომი შეეხებოდა აუცილებელი მოგერიების გენდერულ ანალიზს. პრეზენტაციის დროს შევეხე ასევე გაუპატიურების საკითხს, რამაც კომისიის წევრებში აგრესია გამოიწვია. ნაშრომის დაცვა, ფაქტობრივად, ყვირილის ფონზე მიმდინარეობდა. კომისიის წევრების მხრიდან იყო არაეთიკური გამონათქვამები, რომელიც გაუპატიურების ნაწილში ქალების დადანაშაულებას შეიცავდა. ეს განწყობა, ბუნებრივია, შეფასებაზეც აისახა. საკმაოდ დაბალი ქულა დამიწერეს, რაც, დარწმუნებული ვარ, პირდაპირ კავშირში იყო ჩემ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებთან. გასაჩივრების უფლება არ მომცეს. უბრალოდ სირცხვილია, როცა უნივერსიტეტი სტუდენტს არ აძლევს ქულის გასაჩივრების შესაძლებლობას. კიდევ უფრო დიდი სირცხვილი კი ისაა, როცა უნივერსიტეტს არ გაქვს დისკრიმინაციის ფაქტის შემსწავლელი და მასზე რეაგირების მექანიზმი. როცა სასამართლოში სარჩელი შევიტანე, უნივერსიტეტმა უბრალოდ არ იცოდა, რა უნდა ექნა“.

ანა თავხელიძის საქმესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან კიდევ ერთი ზოგადი პასუხი მივიღეთ:

,,სტუდენტის მიმართვის საფუძველზე ხდება კონკრეტული საკითხის შესწავლა და სტუდენტი იღებს სამაგისტრო გამოცდის შემფასებელი კომისიის წევრების დეტალურ განმარტებას მისი ნაშრომის / დაცვის საკითხებთან დაკავშირებითა და ასევე, დეტალურ ინფორმაციას შეფასებების კომპონენტების მითითებით. მაგალითისათვის, თქვენ მიერ ნახსენები ანა თავხელიძის შემთხვევაშიც, სამაგისტრო ნაშრომის დაცვის შემდეგ მან მიმართა განცხადებით იურიდიულ ფაკულტეტს და სამაგისტრო საგამოცდო კომისიამ მას გაუგზავნა მოცულობითი და დასაბუთებული პასუხი, როგორც ნაშრომის შინაარსობრივ მხარესთან მიმართებით, ასევე მის დაცვასთან და დაკავშირებულ საკითხებზე“.

ზოგადი და არაფრისმომცემი პასუხები ჩვენი ქვეყნის საჯარო უწყებების მხრიდან საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. სხვა თუ არაფერში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ მხრივ მაინც ამართლებს თავის ,,სახელმწიფოებრიობას“ და არც ერთ შეკითხვაზე არ იძლევა პასუხს, რომელიც გარკვეულწილად მაინც ახსნიდა, რატომ არ ეძლევათ სტუდენტებს თავიანთი ნაშრომების ადეკვატურ გარემოში დაცვის შესაძლებლობა და სურვილის შემთხვევაში, შედეგის გასაჩივრება. საინტერესოა ისიც, რომ, როგორც ანა თავხელიძე EDU.ARIS.GE -სთან საუბარში ამბობს, ნაშრომის დაცვას მხოლოდ კომისიის წევრები ესწრებოდნენ. ამასთან, არ არსებობს არანაირი ოქმი და ჩანაწერი, რითაც ის თავის სიმართლეს დაამტკიცებს. უნივერსიტეტი კი ამ დროს საქმიდან სუფთად გამოსვლაზეა ორიენტირებული და სიმართლის დასადგენად, როგორც ჩანს, არ სცალია. საკუთარ რეპუტაციაზე ზრუნვა ისედაც საკმაოდ ძვირი უჯდებათ და ერთი სტუდენტის გამო ამდენ შრომას წყალში ხომ ვერ ჩაყრიან?!

გვანცა ხარატიშვილი თავის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს:
,,მხოლოდ უნივერსიტეტის გამო რომ ვყოფილიყავი ამ თემასთან დაკავშირებული, ალბათ, ამ საკითხს აღარასდროს დავუბრუნდებოდი და სამუდამოდ დავივიწყებდი. კიდევ კარგი, რომ ჩემი ოთხწლიანი სამუშაო გამოცდილება უფრო მეტია ჩემთვის, ვიდრე აკადემიური ხარისხის მინიჭებისას უნივერსიტეტის მიერ დაწერილი ქულა. მაგრამ მაინც, რატომ ფიქრობს „საქართველოში პირველი უნივერსიტეტი“ თავის სტუდენტებზე ასე ცოტას? თემას რომ ვირჩევდი, კი გამაფრთხილეს, მაგრამ მაინც…“

ერთხელ ერთმა ლექტორმა მითხრა, ჩვენც ვიცით რა ხდება უნივერსიტეტში, მაგრამ გვიყვარს და რაღაცებზე თვალს ვხუჭავთო. თუკი ,,ქვეყანაში მთავარი უნივერსიტეტის“ კედლებში არსებული მდგომარეობით ვიმსჯელებთ, ძალიან ბევრი თვალდახუჭული თანამშრომელი ჰყოლია. და მაინც, რა უცნაურია, გიყვარდეს ვიღაც/რაღაც და მისი ნგრევის პროცესში ერთადერთ გზად თვალების დახუჭვა გესახებოდეს.

350 დოლარად ნაყიდი დიპლომი – ,,პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ ის მხოლოდ უნივერსიტეტებს არ უკავშირდება, ეს მთლიანად ქვეყნის კატასტროფაა“

მოამზადა ინგა ღოღობერიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური