GE

სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი: „სწავლის საფასური 9 000 ლარი მაინც უნდა იყოს“

„სწავლის საფასური – 2250 ლარი, რა თქმა უნდა, ძლიერი მუხრუჭია. სახელმწიფო უნივერსიტეტი არათანაბარ პირობებშია”, – ამ პოზიციას, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის გადასახადთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, ზურაბ ვადაჭკორია აფიქსირებს. იგი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ სამედიცინო განათლებისთვის გამოყოფილი თანხები სხვანაირად უნდა გადაანაწილოს და უფრო მიზნობრივად დახარჯოს.

რექტორი ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ თითოეული სტუდენტის სწავლისთვის გამოყოფილი გრანტი და დადგენილი გადასახადი – 2 250 ლარი, საჭირო თანხის მესამედსაც კი ვერ ფარავს. შესაბამისად, უნივერსიტეტებს სხვადასხვა გამოსავლების ძებნა უწევთ. სამედიცინო უნივერსიტეტის შემთხვევაში, ეს გამოსავალი უცხოელი სტუდენტების მიერ გადახდილი თანხები აღმოჩნდა, რომლითაც ქართული სექტორის საჭიროებები ფინანსდება.

EDU.ARIS.GE ესაუბრა როგორც სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, ზურაბ ვადაჭკორიას, ისე ვიცე-რექტორს აკადემიური მიმართულებით, ხათუნა თოდაძეს. მათ ვრცლად ისაუბრეს ყველა გამოწვევაზე, რაც უნივერსიტეტს იმ შეზღუდვებით ექმნებათ, რომელთაც სახელმწიფო დაფინანსების არსებული სისტემა უწესებთ. შეეხნენ მოლოდინებსაც, რომლებიც უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსების ახალ მოდელთან დაკავშირებით აქვთ. მოდელთან, რომელიც განათლების სამინისტროს, წესით, ჯერ კიდევ 2021 წლის ბოლოს უნდა მიეღო, მაგრამ EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, როგორც მინიმუმ, 2022 წლის ბოლომდე გადაიდო.

ზურაბ ვადაჭკორია: ჩვენთვის ეს ძალიან აქტუალური საკითხია. გრანტი – 2250 ლარი ძალიან მცირეა. განსაკუთრებით, სამედიცინო განათლებისთვის. ეს საკამათო არაა, აღიარებულია, რომ ყველაზე ძვირი სამედიცინო განათლება ჯდება. 2010 წლამდე სწავლა 1500 ლარი ღირდა, 2010 წლიდან 2250 ლარი გახდა და მას მერე გაიყინა. ლარმა განიცადა ინფლაცია, დევალვაცია, მაგრამ ფასი იგივე დარჩა.

ძალიან მარტივი წინადადება გვაქვს, რომელსაც უკვე დიდი ხანია ვაყენებთ – საქართველოს მთავრობამ, კონკრეტულად კი ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დათვალოს რამდენ ექიმია საჭირო ყოველწლიურად ქვეყანაში. ჩვენ კი ვიცით, დაახლოებით, მაგრამ არ გვინდა, რომ ეს რიცხვი ჩვენ ვთქვათ. დავუშვათ, დადგინდა, რომ ქვეყანაში, ყოველწლიურად, 300 ექიმია საჭირო. გამოცდებზე საუკეთესო შედეგების მქონე პირველი 300 სტუდენტი სრულად დაფინანსდეს. ამ პირველმა სამასმა მიიღოს 100 პროცენტიანი გრანტი, დანარჩენმა კი გადაიხადოს. ოღონდ, იმდენივე. სამას მეერთესაც ნუ წავართმევთ სწავლის უფლებას, მაგრამ ან გადაიხადოს, ან სამას საუკეთესოში მოხვდეს. ნურც იმ სამასს წავართმევთ არჩევანის თავისუფლებას – აირჩიოს რომელ უმაღლეს სასწავლებელში წავა.

– რამდენი უნდა იყოს სრული დაფინანსება იმ სამასი საუკეთესოსთვის?

ზურაბ ვადაჭკორია: სამასი საუკეთესო, მინიმუმ, ოთხმაგი გრანტით უნდა დაფინანსდეს, რადგან მიგვაჩნია, რომ სწავლის საფასური 9000 ლარი მაინც უნდა იყოს. მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ამ ფასად ექიმის მომზადება არ არსებობს. რეალურად, სტუდენტის მომზადება 9000-ზე ბევრად ძვირიც კი ჯდება. იცით რას ვაკეთებთ? უცხოელი სტუდენტებისგან ვიღებთ თანხას და ვაბალანსებთ. ჩვენთან ახალგაზრდები 81 ქვეყნიდან სწავლობენ. ყოველი მესამე სტუდენტი უცხოელია და ჩვენმა სტუდენტებმა შესანიშნავად იციან, რომ მათი მეშვეობით ვაკეთებთ დოტაციას, რაც სწორი არ არის. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ არსებული დაფინანსებით ამ უნივერსიტეტის მომავალი ვერ დავინახეთ. ან უნდა ვყოფილიყავით ჩაძირული უმაღლესი სასწავლებელი, ან ამ გზით წავსულიყავით.

მოგეხსენებათ, სახელმწიფო სასწავლებლები გადასახადის ზედა ჭერით შეზღუდულები ვართ. გასაგებია, რომ ქვეყანას არ შეუძლია მეტის გაკეთება, მაგრამ გარკვეული თანხა ხომ არის ბიუჯეტში, ის თანხა მაინც გაიყოს იმდენ ექიმზე, რამდენიც ყოველწლიურად ქვეყანაშია საჭირო და ისინი დაფინანსდნენ. ეს პარლამენტშიც გვაქვს ნათქვამი, განათლების კომიტეტში, საკონსულტაციო საბჭოზეც, რომელსაც ყველა რექტორი ესწრებოდა.

– ფიქრობთ, რომ ამ მომენტისთვის იმაზე მეტი ექიმი ფინანსდება, ვიდრე ქვეყანაშია საჭირო?

ზურაბ ვადაჭკორია: ზოგი 100 %-იანი გრანტით ფინანსდება, ზოგი 50-იანით, ზოგი საერთოდ არ ფინანსდება. საკითხავია, გვინდა კი ამდენი ექიმი? პანდემიამ აჩვენა, რომ ზოგიერთ სპეციალობაში დეფიციტი გვაქვს, მაგრამ იქ არ მიდიან, რადგან იქ რეზიდენტურაში კიდევ ფული უნდა იხადონ. აი ეს უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ, სადაც დეფიციტია. მედიცინაში ჭარბწარმოება ქვეყანას ძვირი დაუჯდება. ამიტომ უნდა იცოდეს რამდენი ექიმი სჭირდება. გერმანიას, ავსტრიას ექიმების დანაკლისი აქვს, რადგან ძვირი ჯდება. ჩვენთან კიდევ იაფია და ბევრია.

ცნობა
2021 სასწავლო წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვან პროგრამაზე 300 აბიტურიენტი მიიღო. 100 %-იანი გრანტის მქონე კი მათგან 86 გახლდათ, 70%-იანი გრანტის – 82 აბიტურიენტი, 50% გრანტი 127 აბიტურიენტმა მოიპოვა, 5-მა აბიტურიენტმა კი საერთოდ გრანტის გარეშე მოახერხა ჩარიცხვა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი EDU.ARIS.GE-ს მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის საქართველოს უნივერსიტეტების რეიტინგულ სიაში კარგად მომზადებული აბიტურიენტების მიხედვით მე-4 ადგილს იკავებს.

– იმ საუკეთესო სამასის მიმართ მოთხოვნებიც უნდა გაიზარდოს?

ზურაბ ვადაჭკორია: დიახ, მოთხოვნები გაიზარდოს და სრულად დაფინანსდნენ. ან ასე უნდა მოხდეს, ან სახელმწიფო სამედიცინო განათლებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი გაზარდოს. სხვანაირად წარმოუდგენელია. ძალიან ვზარალდებით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სტუდენტებისთვის ქვეყანასა და რეგიონში ყველაზე მაღალი ფასი გვაქვს – ამერიკულ პროგრამაზე გადასახადი 13 500 დოლარია, ტრადიციულ პროგრამაზე კი 8 000 დოლარი. აქ სწავლა ევროკავშირის ზოგიერთ უნივერსიტეტთან შედარებითაც კი უფრო ძვირია, საერთაშორისო სტუდენტებისთვის დაწესებული გადასახადის კუთხით. თუმცა, მაინც ვზარალდებით. ჩვენ ვერ ვაძლევთ ისეთ ხელფასს ჩვენს პროფესორებს, რადგან უცხოელების ფულს ვიღებთ და აქეთ, ქართველებისთვის მოგვაქვს. ეს მანიპულაცია უნდა მორჩეს, რეალური ფასი უნდა დაედოს, რა ვქნათ. ქვეყანამ ეს ფული უნდა გადაიხადოს იმდენ ექიმში, რამდენიც სჭირდება.

მაგალითად, ამერიკულ პროგრამაზე, სახელმწიფომ ნება დაგვრთო და საქართველოს მოქალაქეები 8 ათას ლარად სწავლობენ. საერთაშორისო სტუდენტი 13500 დოლარს იხდის, ქართველი კი – 8 000 ლარს. ამისთვის მთავრობის სპეციალური მიმართვა გამოიცა. ესეც კი არ არის საკმარისი და ერთი სტუდენტის ხარჯს ბოლომდე მაინც არ ფარავს.

– ფაკულტეტების მიხედვით დიფერენცირებაც საჭიროა?

ზურაბ ვადაჭკორია: აქ ორი ძირითადი მიმართულებაა – მედიცინა და სტომატოლოგია. ეს ორია ძვირადღირებული. დათვლილი გვაქვს და სტომატოლოგია კიდევ უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე მედიცინა. ასევე ძვირადღირებულია ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია, რადგან ისიც კლინიკურ ბაზებთანაა კავშირში. ფარმაციასა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე არ ვამბობთ იგივეს, კი ბატონო, იყოს გადასახადი 2250 ლარი, მაგრამ სხვა ფაკულტეტებზე, კიდევ ვიმეორებ, რომ ფულს ვამატებთ. ეს ოდესმე უნდა დამთავრდეს. ყველა სამინისტრომ იცის ეს, პარლამენტმა იცის, ყველა კომიტეტში ნათქვამი გვაქვს, ასევე, მსოფლიო ბანკის პროექტშიც.

– თუკი სწავლის საფასური გაიზრდება და სტუდენტი 2250 ლარის ნაცვლად 9000-ს გადაიხდის, რა ბენეფიტს მიიღებს ამ სხვაობაში ისეთს, რომ უღირდეს? რა შეიცვლება ხარისხის მხრივ?

ზურაბ ვადაჭკორია: სტუდენტს სწავლა არ უნდა გაუძვირდეს, რადგან ის ამდენს ვერასოდეს გადაიხდის. თუ იმ 300-ში ვერ ხვდება, რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებს, უფრო კარგად იმეცადინოს. ან იმ პროფესიაზე დაფიქრდეს, რომელშიც საუკეთესოებში მოხვდება. თუ არადა, სტუდენტური სესხი უნდა არსებობდეს. ამერიკაშიც ვერ იხდიან 60 000 დოლარს სამედიცინო განათლებაში და სტუდენტურ სესხს იღებენ. ისეთ ქვეყნებს ვედრებით, სადაც სამედიცინო განათლება წელიწადში 60 000 $ ღირს. როგორ ვუთხრა ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, რომ ჩვენთან 700 $ გამოდის?! რამდენად იაფიც არ უნდა იყოს ამერიკასთან შედარებით აქ ცხოვრება, ამხელა სხვაობა მაინც არ იქნება.

ფასის გაზრდის შემთხვევაში, ხარისხი, რა თქმა უნდა, მოიმატებს, რადგან იმ უცხოელ სტუდენტსაც უკეთეს განათლებას მივცემთ. პროფესორ-მასწავლებლების ხელფასი მოიმატებს, ბევრი რამ შეიცვლება.

– კონკრეტულად რა? მატერიალურ-ტექნიკური ბაზა? უფრო კვალიფიციური პერსონალი?

ზურაბ ვადაჭკორია: ყველაფერი უკეთესი იქნება. ყველაფერი ფინანსებზე დამოკიდებული. ჩვენთან (აკადემიური პერსონალის -ავტ) გადინება დაიწყო, კერძო სასწავლებელში მიდიან, მიუხედავად იმისა, რომ იქ ნაკლები თანხა შემოდის, მათ მეტს უხდიან. ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ, იმიტომ რომ ამხელა ტვირთი გვაქვს – ჩვენს მოქალაქეებს 2250 ლარად უნდა ვასწავლოთ. კერძოში კი თავისუფლები არიან და რა ფასსაც უნდათ, იმას ადებენ.

როცა საერთაშორისო სტუდენტების სწავლის გადასახადს გავზრდით, ქვეყანაშიც მეტი ფული შემოვა. დათვლილი გვაქვს და გეტყვით – სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოელი სტუდენტების მხრიდან არაპირდაპირი ინვესტიცია, ქვეყნის ეკონომიკაში, მათი სწავლის სრული ციკლის განმავლობაში (6 წელი), დაახლოებით, 820 მილიონ ლარს შეადგენს. ახლა 2900 უცხოელი სტუდენტი გვყავს და მათი რაოდენობა 3600-მდე თუ გავზარდეთ, რაც მიღწევადია, ინვესტიცია ერთ მილიარდ ლარს აცდება. არაა პატარა საქმე. მითუმეტეს, თუკი ხარისხს გავზრდით, უცხოელი სტუდენტის გადასახადსაც ავწევთ. ერთ-ერთ წელიწადს ჩვენ მიერ შეტანილი ინვესტიცია, საქართველოს ბიუჯეტში, მეტი იყო, ვიდრე ქართული ღვინოსი. ჩვენი მიზანი საერთაშორისო სტუდენტებთან ფასის აწევა და მათი რაოდენობის შემცირებაა, რათა ხარისხი იქაც გავაუმჯობესოთ.

– აღნიშნეთ, რომ კერძო უნივერსიტეტები ახერხებენ პერსონალს მეტი გადაუხადონ. სწავლების ხარისხში თუა სხვაობა, თქვენთან შედარებით?

ზურაბ ვადაჭკორია: სხვებზე ნუ მალაპარაკებთ, ჩვენს თავზე ვისაუბრებ და ვიტყვი, რომ აღიარებული ლიდერი ვართ. ამ 81 ქვეყნიდან სტუდენტები ჩვენთან იმიტომ მოდიან, რომ რეიტინგი გვაქვს. ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი ვართ, რომელსაც 6 საკუთარი კლინიკა აქვს. არ ვართ ღარიბი უნივერსიტეტი და ვიცით, როგორ განვვითარდეთ. თუ საფასური 2250 ლარს არ აცდება, არ დავიღუპებით, მაგრამ განვითარებისთვის ძალიან შემაფერხებელი იქნება. საქართვლოში არაფრის ფასი არაა იგივე, რაც 2010 წელს იყო. მხოლოდ ეს დარჩა. მითუმეტეს, რომ მას მერე განათლების ხარისხის მხრიდან მოთხოვნები ძალიან გაიზარდა.

– მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტში ჩართულები იყავით და დარწმუნებული ვარ, უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელთან დაკავშირებით საკუთარი წინადადებები წარუდგინეთ კიდეც. საპასუხოდ რა რეაქციას იღებდით?

ვიცე-რექტორი, ხათუნა თოდაძე: სამუშაო პროცესში, მოწვეულნი იყვნენ როგორც საერთაშორისო ექსპერტები, ისე სპეციალისტები საქართველოდან. მათ გაცნობითი, საინფორმაციო შეხვედრები ჰქონდათ სხვადასხვა ფოკუს-ჯგუფთან. მე ვიყავი ჯგუფში, სადაც ჩართულები იყვნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორები, ვიცე-რექტორები, ხარისხის განვითარების სამსახურს უფროსები და ა.შ. როდესაც ამ ახალი მოდელის პირველადი პროექტი გაამზადეს და გადმოგვიგზავნეს, განვიხილეთ და უკუკავშირი მივეცით. შემდეგ მათგან კიდევ მივიღეთ ჩასწორებული პროექტი, რომელიც ასევე განხილულ იქნა უნივერსიტეტში. იქ ჩვენი რეკომენდაციები, გარკვეულწილად, მართლაც გათვალისწინებული იყო.

– კონკრეტულად რა რეკომენდაციები?

ხათუნა თოდაძე: მათ შორის ის, რომ მედიცინის და სტომატოლოგიის პროგრამებზე სტუდენტის დაფინანსება უნდა იყოს მეტი, ვიდრე სხვა პროგრამებისთვის. ასევე გაითვალისწინეს ისიც, რომ დაფინანსება ისეთი პროგრამებისთვის, სადაც ლაბორატორიული ბაზები მნიშვნელოვანია, იყოს უფრო მაღალი, ვიდრე სტანდარტული სახელმწიფო გრანტი იქნება. ასევე, მათ, ჯერჯერობით, ამ დრაფტში აქვთ ის იდეაც გაჟღერებული, რომ კარგი იქნება, თუკი სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული კალკულაცია მოხდება, თუ რამდენი სპეციალისტია საჭირო. ალბათ იცით, რომ ცოტა განსხვავებული ქვემოდელი შემოდის – შესრულებაზე ორიენტირებული, რომელიც საქართველოსთვის, პრინციპში, ახალია. თუმცა, იქაც სხვადასხვა ვარიანტია შემოთავაზებული. როგორ ჩამოყალიბდება, როგორ სახეს მიიღებს ეს ყველაფერი და როგორ დამტკიცდება, ვერ გეტყვით.

– პროექტში ისიც იყო ჩადებული მოიმატებს თუ არა სახელმწიფო გრანტი სამედიცინო უნივერსიტეტისთვის?

ხათუნა თოდაძე: ერთადერთი, რაც პროექტში ჯერჯერობით გათვალისწინებულია, არის ის თუ რამდენჯერ მეტი უნდა იყოს სამედიცინო პროგრამების დაფინანსება. ორჯერ უფრო მეტია მოცემული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უფრო მეტი ჯერადობა უნდა ყოფილიყო. თავად საბაზისო გრანტი რამდენი იქნება, ესეც არაა ჯერ ჩამოყალიბებული- იცვლება თუ 2250 ლარი შენარჩუნდება. თუ საბაზისო გრანტი მოიმატებს, მაშინ, შესაძლოა, ორჯერადად გაზრდილი გრანტი, მედიცინისთვის, უკვე რეალური იყოს.

– იყო თუ არა ამ შეხვედრებზე საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო სასწავლებლებიც თავისუფალნი იყვნენ გადასახადს ოდენობის დადგენაში და არ ჰქონდეთ ზედა ჭერი?

ხათუნა თოდაძე: ჩვენი, სახელმწიფო უნივერსიტეტების მხრიდან, რა თქმა უნდა, გაჟღერდა.

– თუ საფასურის ზედა ჭერი არ გაუქმდება, რამდენად საჭიროებს სამედიცინო უნივერსიტეტი საბაზო დაფინანსებას?

ზურაბ ვადაჭკორია: ყველას ჰგონია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ბიუჯეტიდან დიდ ფულს იღებენ. რეალურად, ჩვენ მხლოდ 2 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელფასებს ვიღებთ, რომელიც 2010 წელს გადმოგვეცა. გრანტი კი სტუდენტს მოჰყვება. სადაც სტუდენტი წავა გრანტიც იქ გაჰყვება. კერძო უნივერსიტეტი იმ ფასს ადებს, რაც მას სჭირდება, სახელმწიფო კი ვერა. სახელმწიფო უნივერსიტეტი არათანაბარ პირობებშია. სწავლის საფასური – 2250 ლარი, რა თქმა უნდა, ძლიერი მუხრუჭია. ამიტომაც არ გვქონდა სხვა გზა – ჩემს რექტორობამდე 239 საერთაშორისო სტუდენტი სწავლობდა, ახლა – 2900. თან, სად მაშინდელი ფასი – 2100 $ და სად ახლანდელი – 7 000 $ (სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამა), 8000 $ (ტრადიციული ინგლისურენოვანი პროგრამა) და 13 500 $(ამერიკული პროგრამა). ხედავთ რამდენჯერაა გაზრდილი?

– შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება როგორ გესახებათ?

ხათუნა თოდაძე: პროექტში, შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების სხვადასხვა მოდელი აქვთ წარდგენილი. იქ წერია, რომ მისი წილი არ იქნება ძალიან მაღალი. დაახლოებით, 7-დან 10 პროცენტამდე. ამიტომ, ეს, რა თქმა უნდა, საინტერესოა, კარგია, მაგრამ უნივერსიტეტის ფინანსური უზრუნველყოფის გადამწყვეტი ფაქტორი არ იქნება.

ზურაბ ვადაჭკორია: აქ ერთი რამაა გასათვალისწინებელი – რას აკეთებს პროფესორი სხვა უმაღლეს სასწავლებელში? ასწავლის და იკვლევს. ჩვენთან კი სამკურნალო საქმიანობასაც ეწევა. თუ ოპერაცია არ გააკეთა, ქირურგიას ვერ ასწავლის. როდესაც პრაქტიკული მუშაობით ექიმის ხელფასი, ზოგ შემთხვევებში, თვეში 18 ათასია, მეცნიერების მიმართ დიდი ინტერესი ექნება? ჩვენ თუ მეცნიერების კუთხით ფიზიკოსს, ან მათემატიკოსს შეგვადარეს, ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდებით. ამიტომაც ვამბობთ, რომ სამედიცინო განათლებას თავისი სპეციფიკა აქვს. სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების მსგავსად, იგი პრინციპულად განსხვავდება ტრადიციული საგანმანათლებლო სქემისგან.

– ანუ, მიიჩნევთ, რომ ყველა უნივერსიტეტისადმი ინდივიდუალური მიდგომა უნდა შემუშავდეს?

ზურაბ ვადაჭკორია: ცოტა განსხვავებული უნდა იყოს. მე რომ მკითხოთ, ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტი და თსუ ერთნაირად უნდა დააფინანსონ, რადგან პრინციპი ერთია. მართალია, პატარა სამედიცინო ფაკულტეტები იმ ორს აქვს, მაგრამ ამინდს ვერ ქმნიან. მსოფლიო ბანკის პროექტშიც სამედიცინო განათლება, როგორც განსხვავებული, ცალკე იდება, მჯერა.

– თუ გადასახადი და საგრანტო დაფინანსება ისე განისაზღვრება, როგორც თქვენ მიგაჩნიათ სწორად, ეს უნივერსიტეტების საბაზო დაფინანსების საჭიროებას მოსპობს?

ზურაბ ვადაჭკორია: ჩვენ თუ სამედიცინო განათლება იმდენით დაგვიფინანსეს, რამდენიც ღირს, ან მასთან მაიხლოებულად მაინც, მეტი არაფერი გვინდა. ჩვენს თავს მივხედავთ და კიდევ უფრო უკეთეს ხარისხს უზრუნველვყოფთ. თუმცა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ იგი რეალურ ფასს მიუახლოვდება, რადგან ჩვენს ქვეყანას ეს არ შეუძლია.

– თუკი უახლოეს წლებში საჭირო ოდენობის დაფინანსება განისაზღვრა, სამედიცინო უნივერსიტეტი ნაკლებ სტუდენტს მიიღებს? უკეთესი ხარისხისთვის სტუდენტთა რაოდენობას შეამცირებს?

ზურაბ ვადაჭკორია: რა თქმა უნდა, გვირჩევნია. არ ვართ გამოდევნებული სტუდენტების რაოდენობას, რათა მეტი ფული მოგვივიდეს. პირიქით, თუ საჭიროა, ნაკლებს ავიყვანთ, ოღონდ რეალური ფასის შემდეგ

შეგახსენებთ, რომ „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q (IBRD“), რომლის ფარგლებში ჩატარებულ სამუშაო შეხვედრებზეც ჩვენი რესპონდენტები საუბრობენ, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის მიერ (IBRD) სასესხო ხელშეკრულებით დაფინანსებული პროექტია. მას, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებენ. პროექტი მიზნად, მათ შორის, უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებასა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას ისახავს. დაფინანსება კი 90 მილიონ ევროს შეადგენს.

ასევე იხილეთ:

„განათლების სისტემა პროფესიონალ უმუშევრებს გვაწვდის“ – ვინ სჭირდება შრომის ბაზარს და ბიზნესს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური