GE

სამინისტრო: გრიფირების შესახებ ინსპექტირების დასკვნა რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცემა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის მიერ სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხთან დაკავშირებული დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის სამართალდამცავ სტრუქტურებს გადაეცა.

საკითხის შესწავლის დასრულების შესახებ დღეს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

უწყების ცნობით, სამინისტროს ინსპექტირების სამსახურს დაევალა პროცესის სრულყოფილად შესწავლა. ინსპექტირების სამსახურის მოკვლევის შედეგად გამოვლინდა არაერთი სხვადასხვა ხარისხის დარღვევა და ხარვეზი, თუმცა სწავლის დაწყებამდე ამაზე რეაგირება სახელმძღვანელოების სკოლაში დარიგების პროცესს შეაფერხებდა.

„ფინალურ ეტაპზე ამაზე რეაგირება რისკის ქვეშ აყენებდა მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების გადაცემას სასწავლო წლის დაწყებამდე. ვინაიდან გრიფირების პროცესში ჩართული ცალკეული სუბიექტების მიერ მითითებული გადაწყვეტილებები სცდება მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს, ხოლო გამოვლენილ დარღვევებში შესაძლოა, იკვეთებოდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით,  ინსპექტირების სამსახურის დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცემა სამართალდამცავ ორგანოებს“, – განაცხადეს სამინისტროში.

უწყების თქმით, გრიფირების შედეგად I-VI კლასის მოსწავლეებისთვის დაინერგა შინაარსობრივად, ვიზუალურად და ტექნიკურად გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები.

EDU.ARIS.GE საკითხზე მეტი დეტალის მოპოვებას შეეცდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური