GE

„სამინისტრო ვერ უკარნახებს, რადგან ინდივიდუალური საჭიროება აქვს ყველა სკოლას“ – დგებუაძის განმარტება

სკოლებში მოსწავლეების უსაფრთხოების მიზნით, არსებობს რეკომენდაციები და ასევე სავალდებულოდ შესასრულებელი წესები. ეს ინფორმაცია აქვს ყველა სკოლას და ვალდებულია, სკოლამ ასევე გააცნოს ყველა მშობელს ინფორმაცია, თუ როგორ აორგანიზებს საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ განაცხადა.

როგორც ეკა დგებუაძემ აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია არის, რომ მოსწავლეებს შორის ერთმეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული.

„საჭიროების შემთხვევაში სკოლას აქვს მოქნილობის შესაძლებლობა თავისი ინფრასტრუქტურიდან, საჭიროებიდან, მოსწავლეთა რაოდენობიდან გამომდინარე, ეს პროცესი თავად დააორგანიზოს. სამინისტრო ვერ უკარნახებს სკოლას, რადგან ინდივიდუალური საჭიროება აქვს ყველა სკოლას. განსაზღვრული არის, წესით, რომ უნდა იყოს გაკვეთილზე 29 მოსწავლე მაქსიმუმ. მაღალ კლასებში შესაძლებელია ცოტა მეტი. თუ საკლასო ოთახი იძლევა შესაძლებლობას, რომ ერთმეტრიან დისტანციას ვიცავთ მოსწავლეებს შორის, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, ყველა მოსწავლე იყოს საკლასო ოთახში განთავსებული იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია ყველა მოსწავლის ერთ სივრცეში განთავსება იმ რეკომენდაციით, რაც არსებობს, ამ შემთხვევაში სკოლას შეუძლია განსხვავებული მოდელი დააორგანიზოს, მათ შორის ჰიბრიდული მოდელი. ჰიბრიდულ მოდელზე როდესაც ვსაუბრობთ, შესაძლებელია, თუნდაც ერთი საგანი იყოს დისტანციურზე, რამდენიმე საგანი, დღეების გადანაწილება მოხდეს, შეჭრილი საგაკვეთილო პროცესი იყოს, სხვადასხვანაირად შეიძლება დაორგანიზდეს. იმიტომაც არის, რომ განათლების სამინისტრომ ერთი კონკრეტული მკაცრი ბრძანება თუ რეგულაცია არ შექმნა სკოლებისთვის. საჭიროება არის განსხვავებული ყველა სკოლასთან მიმართებაში. ამიტომაც აცხადებენ სკოლებში, რომ მაქსიმალური თავისუფლება აქვს სკოლას თავისი საჭიროებიდან გამომდინარე დააორგანიზოს პროცესი. ეს ეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლას“, – განაცხადა დგებუაძემ.

წყარო: 1tv

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური