GE

სამინისტროს ჯერ არ გადაუწყვეტია ექნებათ თუ არა მშობლებს დისტანციური სწავლების არჩევის შესაძლებლობა – რა ვიცით და რა არა სკოლების გახსნამდე

2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში განათლების სამინისტრომ მშობლებს მისცა შესაძლებლობა, რომ სურვილის შემთხვევაში, შესაბამისი განცხადების წარდგენით, შვილებისთვის დისტანციური სწავლება მოეთხოვათ. მაშინ ეს შესაძლებლობა საკმაოდ ბევრმა მშობელმა გამოიყენა, თუმცა სასწავლო წლის დაწყებიდან ერთი თვის თავზე სკოლების უმრავლესობა ისედაც დისტანციური სწავლების მოდელზე გადავიდა.

მართალია, მიმდინარე სასწავლო წლის მეორე სემესტრიც დიდ ქალაქებსა და აჭარის რეგიონში დისტანციურად განახლდა, მაგრამ მთავრობამ 1-ლი თებერვლიდან შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დააანონსა, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც შეეხო, კერძოდ თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის გარდა სწავლა სკოლებში დასწრებულად განახლდება.

ამ ფონზე, ინტერესი გაჩნდა საკითხზე სწავლის დასწრებულ რეჟიმში განახლებასთან ერთად, კვლავ მისცემს თუ არა განათლების სამინისტრო მშობლებს არჩევანის საშუალებას, რომ მათ სურვილის შემთხვევაში ისევ დისტანციური სწავლა მოითხოვონ.

როგორც EDU.ARIS.GEმ გაარკვია, განათლების სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერ ისევ არ მიუღია.

„ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მიმდინარეობს ამ რეკომენდაციზე მსჯელობა, ამ დროისთვის სადაც სწავლა დაიწყება, მოსწავლეებმა ბავშვებმა დასწრებულ რეჟიმში უნდა იარონ“, – გვითხრეს განათლების სამინისტროში.

როგორც განათლების მინისტრის მოადგილის ერთ-ერთი ბოლო სატელევიზიო ინტერვიუდან ჩანს, განათლების სამინისტროს ისევ არ მიუღია გადაწყვეტილებები შემდეგ საკითხებზე:

რა გეგმა აქვს სამინისტროს ჰიბრიდულ სწავლებასთან დაკავშირებით (მაგალითად წინა სემესტრში I-VI კლასები დასწრებულად სწავლობდნენ, მაღალი კლასები კი დისტანციურად);

მიეცემათ თუ არა მშობლებს სურვილის შემთხვევაში ისევ ონლაინ სწავლების არჩევის შესაძლებლობა;

დაემატება თუ არა ექიმი ან ექთანი ყველა სკოლაში მეორე სემესტრიდან, რომელიც უზრუნველყოფს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვას სკოლის შენობაში? (პირბადის ტარება, თერმოსკრინიბგი) და ა.შ.;

როგორ განხორციელდება სკოლებში კლასგარეშე აქტივობების აღდგენა, რაც არაფორმალური განათლების მთავარი კომპონენტია;

როგორ აპირებს სამინისტრო მოსწავლეების აკადემიური მიღწევების შეფასებას, იმ მოსწავლეების გამოვლენას, ვისაც დისტანციური სწავლებაზე ხელმისაწვდომობის არქონის გამო ჩამორჩენა აქვთ სხვადასხვა საგანში;

რაც შეეხება სკოლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული წესების დაცვას, განათლების მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, ყველა საკითხზე სკოლებს შესაბამისი რეკომენდაციები  მიწოდებული აქვთ და მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ამ წესებით უნდა იხელმძღვანელონ.

წინა სემესტრში სამინისტროს შეთავაზების მიხედვით, თითოეულ სკოლას შეეძლო შეემუშავებინა მის შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული საგაკვეთილო ცხრილი შემდეგი ვარიანტებიდან:

შესაძლოა ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ 2 ცვლაზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით;

შესაძლოა სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ დღეების მონაცვლეობით;

ერთცვლიანი და ორცვლიანი სკოლებისთვის მოსწავლეთა რაოდენობა განახევრებულია;
ერთცვლიანი სკოლებისთვის მოსწავლეთა რაოდენობა გამეოთხედებულია.

ამავე თემაზე:

რა შემთხვევაში განახლდება სწავლა 1-ლი მარტიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში – მინისტრის განმარტება

„პირველ სემესტრში მშობლების დაჟინებული მოთხოვნის შედეგად გაიხსნა სკოლები და იცით რა მოხდა?“ – მასწავლებლის პასუხი მშობლებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური