GE

სამსახურში უკონკურსოდ მიღებული პირების ოდენობით მიხეილ ბატიაშვილის უწყება ლიდერობს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“  საჯარო სამსახურის რეფორმის კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მთელ რიგ სამინისტროებში ხარვეზები გამოვლინდა, მათ შორისაა განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროც.

კვლევის მიზანი იყო სამინისტროებში საჯარო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობის მონიტორინგი და შეფასება, რაც 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. საია-ში აცხადებენ, რომ ყველა სამინისტროსგან და სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან გამოითხოვეს საჯარო ინფორმაცია რეფორმის მიმდინარეობის პროცესის თაობაზე. პასუხი ვერ მიიღეს მხოლოდ იუსტიციის და ფინანსთა სამინისტროებიდან. კვლევაშია ასახულია როგორც დადებითი ტენდენციები, ასევე რამდენიმე პრობლემური საკითხი:

2018 წლის განმავლობაში, სამინისტროებმა შრომითი ხელშეკრულებით სამსახურში მიიღეს სულ 197 პირი, რომელთაგან გამარტივებული კონკურსი ჩატარდა 67 შემთხვევაში, ხოლო 130 პირის დასაქმება მოხდა კონკურსის გარეშე (დამხმარე ფუნქციების შესასრულებლად – 75, ხოლო არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად – 55 პირი).

სამსახურში უკონკურსოდ მიღებული პირების რაოდენობით, ლიდერობს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, სადაც გასულ წელს კონკურსის გარეშე მიღებულია 43 ადამიანი, მას მოსდევს ეკონომიკის სამინისტრო – 27 ადამიანი და შემდგომ პოზიციაზეა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო -14 ადამიანი.

„სამინისტროების მიერ  შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე პირების უკონკურსოდ დასაქმების მაჩვენებელი 2-ჯერ აღემატება კონკურსის საფუძველზე დასაქმებული პირების რაოდენობას, რაც, ერთის მხრივ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებისათვის არსებულ გამარტივებულ კონკურსს აზრს უკარგავს და, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად ზრდის ნეპოტიზმის რისკებს საჯარო დაწესებულებაში“,-  განმარტავენ საია-ში.

კვლევის თანახმად,  განათლების სამინისტრო გამოცხადებული კონკურსების რიცხვითაც ერთ-ერთი ლიდერია. მაგალითისთვის, საანგარიშო პერიოდში, პროფესიული საჯარო მოხელის პოზიციაზე სულ გამოცხადდა 228 კონკურსი, აქედან თავდაცვის სამინისტროში-106, განათლების სამინისტროში – 61, ეკონომიკის სამინისტროში -56.

საია-ს მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ 2018 წლის განმავლობაში სამინისტროების ნაწილში ჩატარდა მასშტაბური (განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო) ან მცირე ხასიათის რეორგანიზაციები, რის საფუძველზეც გათავისუფლდა სულ 89 საჯარო მოხელე, აქედან განათლების უწყებიდან გათავისუფლებულია 43 პირი.

კანონმდებლობის თანახმად, რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების საფუძველზე გათავისუფლებული საჯარო მოხელე, თუ საჯარო დაწესებულებამ ვერ უზრუნველყო მისი მობილობა, იღებს 3-თვიანი კომპენსაციას ბოლო თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; ხოლო თუ საჯარო მოხელე უარს განაცხადებს შეთავაზებული მობილობით სარგებლობაზე იღებს – 1 თვიანი კომპენსაციას. 2018 წლის განმავლობაში რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების საფუძველზე გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებზე გაცემული კომპენსაციის ჯამური ოდენობამ შეადგინა 354 200 ლარი. ამ შემთხვევაშიც ყველაზე დიდი ოდენობით კომპენსაცია განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერაა გაცემული და ის  197 730 ლარია.

კვლევის თანახმად, სამინისტროების დიდ ნაწილში (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; განათლების და მეცნიერების სამინისტრო; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი; თავდაცვის სამინისტრო; კულტურისა და სპორტის სამინისტრო; საგარეო საქმეთა სამინისტრო) პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების სისტემის დანერგვა და განხორციელება  ხარვეზებით წარიმართა.

2018 წლის განმავლობაში სულ შეფასდა 984 საჯარო მოხელე, რომელთაგან 243 მოხელე არის ხელმძღვანელ პოზიციაზე. შეფასების შედეგების საფუძველზე, 2018 წლის ბოლოს საჯარო მოხელეებზე გაცემული ფულადი ჯილდოს ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 1 831 281 ლარი. თითოეულ საჯარო მოხელეზე გაცემული ფულადი ჯილდოს ოდენობა თვიური ანაზღაურების ოდენობის 60-დან 100%-მდე მერყეობს.

გაცემული ფულადი ჯილდოების ოდენობით ლიდერობს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 513 924 ლარით, ჯანდაცვის სამინისტრო – 501 175 ლარით და განათლების სამინისტრო – 348 433 ლარით.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური