GE

სამუშაო ბაზარი და სტუდენტის ინტერესები

თუ სტუდენტებს კითხავთ, სურთ თუ არა მუშაობის დაწყება, თითქმის ყოველი მესამე გიპასუხებთ, რომ ერთ-ერთი, რასაც გამუდმებით ცდილობენ, სწორედ სამსახურის შოვნაა.

უმაღლეს განათლებას გორში მოქმედ უნივერსიტეტებში დაახლოებით 2 000 ახალგაზრდა იღებს. მათ უმრავლესობას ფინანსური პრობლემების, პროფესიული გამოცდილების მიღებისა თუ საზოგადოებაში თავის დამკვიდრების მიზნით, სწავლის პარალელურად მუშაობა სურს, თუმცა სასურველი სამსახურის შოვნას მხოლოდ ერთეულები თუ ახერხებენ.

„უკვე მეექვსე თვეა, სამსახურს ვეძებ, ყველა იმ საიტს ვათვალიერებ, სადაც ვაკანსიები ქვეყნდება, მაგრამ არაფერია“, – ამბობს თეონა ჩერქეზიშვილი.

თეონა 26 წლის არის. მან 2007 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ფსიქოლოგიის განხრით, თუმცა უსახსრობის გამო, რამდენჯერმე სწავლის შეჩერება მოუხდა. ბოლოს კი, იძულებული გახდა, გორში დაბრუნებულიყო და სწავლა აქ გაეგრძელებინა.

„გორში დაბრუნებულმა მუშაობაც დავიწყე, თან რამდენჯერმე, მაგრამ სამუშაო გრაფიკი სწავლაში ყოველთვის ხელს მიშლიდა, რადგან არათუ დრო არ მრჩებოდა სამეცადინოდ, არამედ ლექციებზეც კი ვერ დავდიოდი. არც ანაზღაურება იყო მაღალი. საბოლოოდ, ისევ სწავლის გაგრძელება გადავწყვიტე და სამსახურიდან წამოვედი“, – გვიყვება თეონა.

ის სამსახურს ახლაც ეძებს, თუმცა გორში სტუდენტის ინტერესებზე მორგებული სამსახურის შოვნის იმედი თითქმის აღარ აქვს.

unnamedსამსახურს 21 წლის ანა გოგოსაშვილიც ეძებს. ანა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტია.

„რაც სწავლა დავიწყე, მას შემდეგ ვეძებ სამსახურს. ჩემთვის ფინანსური დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ქალაქში ძალიან ჭირს ისეთი სამსახურის შოვნა, განათლების მიღების უფლებას რომ არ შეგიზღუდავს“, – ამბობს ანა.

ანა ამჟამად  პროექტის “საქართველოს მოხალისე” კოორდინატორია.

„ყველაფერს მოხალისეობრივ საწყისებზე ვაკეთებ. ვცდილობ, გამოცდილება დავაგროვო და იმედი მაქვს, რომ ეს მომავალში დამეხმარება. თუმცა ისიც ფაქტია, რომ  ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობა გორში ძალიან ნაკლებია. ამიტომაცაა მასიური გადინება ქალაქიდან. ადამიანები მუდმივად საკუთარი თავის ძიებაში არიან, განსაკუთრებით ახალგაზრდები და სამწუხაროდ, გორში დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მცირეა დასაქმებისა და განვითარების შანსი”, – აღნიშნავს ანა.

სამუშაო ადგილების არარსებოს გამო, ქალაქიდან ახალგაზრდების გადინებაზე იმ ორგანიზაციებშიც საუბრობენ, რომლებიც სხვადასხვა პროექტებს სწორედ ახალგაზრდების განვითარებისა და გაძლიერების მიზნით ახორციელებენ.

unnamed (1)„გორი თითქმის ვერაფერს სთავაზობს ახალგაზრდებს იმისთვის, რომ მათ საკუთარი თავების რეალიზება შეძლონ“, – ამბობს საზოგადოება „ბილიკის“ წარმომადგენელი ლია გორელიშვილი.

„ბილიკი“ ერთ-ერთი ის ორგანიზაციაა, რომელსაც სტუდენტთა სტაჟირების პროგრამა აქვს.

„გარდა იმისა, რომ ჩვენ მუდამ მზად ვართ სტუდენდებთან სათანამშრომლოდ, ჩვენ ასევე ვცდილობთ, რომ სტაჟირების პროგრამაში ჩართული სტუდენტებიდან საუკეთესოები ანაზღაურებად სამუშაოზე გადავიყვანოთ მაშინვე, რა წამს ორგანიზაციაში ამის შესაძლებლობა ჩნდება“, – აღნიშნავს გორელიშვილი.

მისი თქმით, ქალაქის განვითარებისთვის მნიშნელოვანი და აუცილებელია, რომ ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლბელობების რეალიზება ადგილზევე შეეძლოთ. ამ მოსაზრებას გორის ახალგაზრდული მოძრაობა „დროას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მაიკო გოგიძეც იზიარებს. ის  EDU.ARIS.GE-სთან საუბარში განსაკუთრებულ ყურადღებას იმ მოთხოვნებზე ამახვილებს, რომელსაც სამსახურის მაძიებელს დამსაქმებლები უყენებენ ხოლმე.

„აი, მაგალითად, jobs.ge – ზე გამოქვეყენებული ვაკანსიების უმრავლეობაში, დამსაქმებლების მიერ წამოყენებული მოთხოვნები ძალიან არარელისტურია, მით უფრო სტუდენტებისთვის. ვგულისხმობ, თუნდაც გამოცდილებას, სამუშაო საათების რაოდენობას და ა.შ.“, -ამბობს მაიკო გოგიძე.

unnamed (2)მაიკო გოგიძეს, „დროას“ პროექტების ფარგლებში ხშირად უწევს სტუდენტებთან კავშირი. შესაბამისად, ის იმ პრობელებსა და საჭიროებებსაც იცნობს, რომლებზეც გორში მცხოვრები სტუდენტები საუბრობენ.

„მართლაც მქონდა შემთხვევა, როდესაც ჩვენი ერთ-ერთი მოხალისე წუწუნებდა, რომ სწავლა და სამსახური გორის პირობებში შეუთავსებელია”, – ამბობს მაიკო, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ მისი დაკვირვებით, სამსახურს ძირითადად ის ახალგაზრდები ეძებენ, ვისაც ფინანსური პრობლემები აქვთ.

საკითხზე საუბრისას, გასათვალისწინებელია, რომ ფინანსური პრობლემების გამო, სტუდნეტის სტატუსი ქვეყნის მასშტაბით ათასობით სტუდენს აქვს შეჩერებული. მათ შორის არიან გორში მცხოვრები სტუდენტებიც. მათი ნაწილი, საზოგადოების გარკვეული ჯგუფის მსგავსად ფიქრობს, რომ სტუდენტის ინტერესებზე მორგებული სამუშაო ბაზარი განათლების ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდიდა.

გვანცა დოლუაშვილი – გორი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური