GE

სამუშაო ძალაზე გაწეული საშუალო წლიური ხარჯი ყველაზე დაბალი კვლავ განათლების სფეროშია – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს, 31 ოქტომბერს გასული წლის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, სადაც მოცემულია ქვეყანაში დასაქმებულთა ხელფასები დაკავებული პოზიციების მიხედვით დ ასევე გაასაჯაროვა საშუალო წლიური დანახარჯი ერთ დაქირავებით დასაქმებულ პირზე.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მონაცემებით, სამუშაო ძალაზე გაწეული დანახარჯები საშუალოდ ერთ დაქირავებით დასაქმებულზე 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს 32.3%-ით აღემატება. სექტორების მიხედვით, სამუშაო ძალაზე გაწეული საშუალო წლიური ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროში ფიქსირდება და 29 201 ლარი შეადგინა, ხოლო ყველაზე დაბალი კვლავ განათლების სფეროში გამოვლინდა და 10 152 ლარით განისაზღვრა.

საქსტატის 2021 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საშუალო წლიური დანახარჯი ერთ დაქირავებით დასაქმებულზე 16 142 ლარს შეადგენდა, საიდანაც 97.0% შრომის ანაზღაურებაზე მოდიოდა, ხოლო 3.0% – სხვა დანახარჯებზე – თანამშრომლების სოციალურ, კულტურულ-საგანმანათლებლო, კვალიფიკაციის ამაღლებისა და მსგავსი სახის ღონისძიებებზე.

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის მონაცემებით, დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი -მენეჯერების პოზიციაზე დაფიქსირდა და 2 414.7 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო ხელფასის ყველაზე დაბალი მოცულობა – არაკვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე გახლდათ დაფიქსირებული-674.1 ლარი.

მენეჯერები სპეციალისტის შემდეგ 2021 წლის საშუალო თვიური ხელფასი დაკავებული პოზიციების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ტექნიკოსები და დამხმარე სპეციალისტები-1 193.7 ლარი;
  • ხელოსნები და მონათესავე სფეროების მუშები -1 178.6 ლარი;
  • ოფისის დამხმარე პერსონალი-1 144.6 ლარი;
  • დანადგარებისა და მოწყობილობების ოპერატორები და ამწყობები-1 112.1 ლარი;
  • მომსახურებებისა და გაყიდვების სფეროებში დასაქმებული პირები-911.6 ლარი;
  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის კვალიფიციური მუშაკები-791.5 ლარი;
  • არაკვალიფიკაციური მუშაკები-674.1 ლარი.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სქესის მიხედვით კაცების ხელფასი ყველა პოზიციაზე აღემატება ქალების ხელფასს. მაგალითისთვის, მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი 1863.5 ლარით განისაზღვრა, ხოლო კაცების ხელფასი – 2768.9 ლარით.
გავიგეთ ისიც, რომ გენდერული სახელფასო სხვაობა ყველაზე მაღალია არაკვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე, სადაც ქალების საშუალო ხელფასი მამაკაცების ხელფასს 53.5 პროცენტით ჩამორჩება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური