GE

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტ ადელა დე ლა ტორესა და აკადემიური დელეგაციის ვიზიტი KIU-ში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური დელეგაცია პრეზიდენტ ადელა დე ლა ტორეს ხელმძღვანელობით. ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი სტუმრები გაეცნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ინგლისურენოვან პროგრამებს, შეხვდნენ სტუდენტებს, დაათვალიერეს აკადემიური და რეკრეაციული სივრცეები. ვიზიტისას, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, KIU-ს რექტორი, ალექსანდრე თევზაძე, კანცლერი, მაგდა მაღრაძე, ფონდ „ქართუს“ აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი და ფონდის პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა, სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებს.

„დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია კალიფორნიიდან. სამუშაო შეხვედრაზე განვიხილეთ თანამშრომლობის შესაძლებლობები რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ერთობლივი პროექტების განვითარება როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო და პროფესიული განათლების კუთხით. შეხვედრას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი და ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლები“, – განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა მაგდა მაღრაძემ.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) ასწლიანი ისტორიის მქონე ამერიკული უნივერსიტეტია. ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია კალიფორნიაში.

„სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის KIU-ში ვიზიტის ძირითადი მიზანია, სამომავლო პარტნიორობების განვითარება და ისეთი პროგრამების შემუშავება, რომელიც დაეხმარებათ აქ მყოფ ქართველ სტუდენტებს, მიეცეთ უფრო მეტი შესაძლებლობები. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს აქვს განვითარების შესანიშნავი შესაძლებლობები, ისეთი როგორიც არ აქვს არცერთ სხვა უნივერსიტეტს საქართველოში. ჩვენ წარმოვადგენთ ინსტიტუციას, რომელიც ამაყობს ინოვაციებით. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შესაძლებლობა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი, როგორც გლობალურ ინსტიტუციად ჩამოყალიბებაში. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს უკვე მრავალი წელია აქვს ხანგრძლივი და მტკიცე ურთიერთობა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. შესაძლებლობა რომ ამ კუთხით თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ ახალ უნივერსიტეტთან, ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელია“, – განაცხადა SDSU-ს პრეზიდენტმა ადელა დე ლა ტორემ.

„სან დიეგოს უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, რომელიც სტუმრად იმყოფება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ვისაუბრეთ სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებაზე, მათ შორის, საერთო სადოქტორო, სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების დამატებაზე. სან დიეგოს უნივერსიტეტს აქვს მთელი რიგი მიმართულებები, რომელთაც შეიძლება გააჩნდეთ სტრატეგიული მნიშვნელობა არა მარტო ჩვენი უნივერსიტეტისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნისთვის. დარგებს შორისაა, კიბერ უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, ინჟინერია, ბიო და ფარმაცია. ყველა ამ მიმართულებით, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ საერთო აკადემიური ენის გამონახვას“, – აღნიშნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2021-2022 სასწავლო წლისთვის სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. მშობლებისა და აბიტურიენტებისთვის რეგულარულად ტარდება საინფორმაციო შეხვედრები და ღია კარის დღეები. KIU სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უნივერსიტეტია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ კამპუსს, ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ, იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. სტუდენტები, გარდა აკადემიური და სასწავლო პროცესისა, აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიულ კლუბში, შიდა კონკურსსა თუ ოლიმპიადაში. უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური