GE

„სანამ მეტიჩარა მშობლები სკოლის საქმეებში ერევიან, არაფერი გვეშველება“, – ვინ და რისთვის კრეფს ფულს სკოლებში?

ფარდები, ცოცხი, აქანდაზი, გაზეთები, ცარცი, მაგიდის გადასაფარებელი, შოკოლადები და ასე უსასრულოდ… დიასახლისის მიერ ჩამოწერილი საყიდლების სია არ გეგონოთ. ეს ის ნივთებია, რისთვისაც სკოლებში თანხა ყველაზე ხშირად იკრიბება და რასაც მშობლების ნაწილი არც თუ ისე დიდი სიხარულით ხვდება. აპროტესტებენ, ოღონდ ჩუმად ან გულში… ვაიდა, ვინმემ მერე მისი შვილი არ დაჩაგროს. ასეთი შემთხვევაც გვახსოვს, როცა სკოლაში ბავშვს ტორტის პატარა ნაჭერი არ მისცეს, დედაშენს ფული არ დაუდიაო. შვილის დამცირებას ისევ საფულის მოცულობის შემცირებას არჩევენ და „კასირებად“ მონათლულ ინიციატორებს იშვიათად თუ დაუპირისპირდებიან.

როგორც EDU.ARIS.GE-მ სკოლის მოსწავლეთა მშობლების გამოკითხვისას დაადგინა, ფულის ამკრებები ხშირად თავად მშობლები არიან და პედაგოგები იშვიათად ერევიან ამაში. ცხადია, დირექტორი მათ არც ჭერის შეთეთრებას უკრძალავს და არც კედლების გადაღებვას, მაგრამ სკოლის გარემონტება ყველა მშობლისთვის პრიორიტეტი არაა. საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურის სკოლის მოსწავლის მშობელს უსიამოვნება სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით მოუვიდა. მისთვის „მეტიჩარა“ მშობლების ამბიციები გაუგებარია და საკუთარი ხარჯებით კლასის გარემონტების მომხრე არაა:

„უარი კლასის გარემონტებაზე განვაცხადე. ჭერი შეღებეს, კედლები გაალამაზეს. ახალ გადმოსულთა მშობლებმა, შვილებს მაგ „საღორეში არ შევიყვანთ და ზუსტადაც, უნდა გავალამაზოთო. ზოგადად უპატრონოდაა ყველაფერი. დირექტორი ამბობს, რომ სკოლას ბიუჯეტი არ აქვს. ახლა ზამთრისთვის გამათბობლის ყიდვაც ჩვენ გვიწევს. ამას გარდა, 20-20 ლარი წვრილმანებისთვისაც აიკრიბა – ცოცხი, ნაგვის ურნა, მასწავლებლის მაგიდის გადასაფარებელი. კლასში 14 ბავშვია და 280 ლარი საკმაოდ მოცულობითი თანხაა.  მაინც მგონია, არაფერი გვეშველება, სანამ მეტიჩარა მშობლები სკოლის საქმეებში ერევიან“, – ამბობს მშობელი.

ქუთაისის მე-13 სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის ახლობელმა კი რეგიონულ მედიასთან ისაუბრა,  რომ რეაბილიტირებულ სკოლაში ფარდების ფულს ფარულად კრებენ და მოსწავლეებს კლასების მიხედვით, 10-დან 20 ლარამდე თხოვენ. პირად საუბრებში ამ ფაქტს მშობლები აპროტესტებენ, თუმცა საჯარო კომენტარზე უარს ამბობენ.

რეგიონების მსგავსად ფულის აკრება არც თბილისის სკოლებში გადასულა „მოდიდან“.  154-ე სკოლის ყოფილი მოსწავლის მშობელმა EDU.ARIS.GE-სთან ის პერიოდი გაიხსენა, როცა ყოველი  ფეხის ნაბიჯზე ფულის დადების მოთხოვნით მიმართავდნენ:

“თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ყველა ფეხის ნაბიჯში ფულის გადახდას გვთხოვდნენ. არათუ ღონისძიებებში ითხოვდნენ დიდ თანხებს, სკოლის ინვენტარსაც – დაწყებული ფარდებით, დამთავრებული ცარცით ჩვენი საყიდელი იყო და დასადები თანხა ყოველთვის აღემატებოდა 15 ლარს. გასულ ახალ წელს სამი სხვადასხვა რაღაცისთვის დაგვადებინეს ფული – ქეიფი მასწავლებლებისთვის, საჩუქარი მასწავლებელბისთვის და ღონისძიება ბავშვებისთვის, ამ ღონისძიების თანხა კიდევ ორ ნაწილად იყო გაყოფილი – მონაწილეობის საფასური და ბავშვისთვის თოვლის ბაბუის საჩუქარი. ორი სკოლის მოსწავლე შვილი მყავს და მსგავს რამეებს ფეხს ნამდვილად ვერ ავუბამდი. უფროსი მათემატიკას კარგად სწავლობს, თუმცა მისი მასწავლებელი მაინც მოითხოვდა წრეზე მეტარებინა. ცხადია, წრის ხელმძღვანელი თავადაა და ფასიანია. იძულებული გავხდი, ბავშვები სხვა სკოლაში გადამეყვანა“, – გვიყვება მშობელი.

სწავლის დაწყებიდან 1 კვირაში ფული უკვე ორჯერ აიკრიბა თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში. როგორც ერთ-ერთი მშობელი EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, თანხა მიზერულია, თუმცა იმდენად ხშირად იკრიბება, რომ სასაუბროდ ნამდვილად ღირს. ამას გარდა, არის რაღაცები, რაც მშობელს „ზედმეტ ხარჯად“ მიაჩნია:

„მე სამი შვილი მყავს. 16 წლის წინ, როცა უფროსი სკოლაში მივიყვანე, შეშის ფულიც იკრიბებოდა. დროთა განმავლობაში რაღაცები შეიცვალა, მაგრამ ფარდების ფული ისევ იკრიბება. მასწავლებლის დღესთან დაკავშირებულ ყვავილებისთვის ასაკრებ ფულზე აღარაფერს ვიტყვი, ეს ყველა სკოლაში ხდება. ყვავილების ფული ისეთი არაფერი, მაგრამ როცა ეს ხშირად ხდება, სალაპარაკოც არის. მაგალითად, წელს სწავლა ერთი კვირის დაწყებულია და ფული უკვე ორჯერ აიკრიბა.  მესამე კლასში გადავედით, კლასი გამოვიცვალეთ, მშობლებს  ფარდები არ მოეწონათ და ახალი ფარდებისთვის აიკრიბა ფული, პლუს მასწავლებლის დღე მოდის. უბრალოდ ხშირია ფულის აკრებები – მასწავლებლის დღე, ახალი წელი, დაბადებიის დღე, 3 და 8 მარტი, სკოლის დამთავრების დღე  –  მგონი, მეტი არაფერი დიდ თანხებზე არაა ლაპარაკი, ყველას უნდა მასწავლებლის მიმართ პატივისცემის გამოხატვა და ყვავილებს, შოკოლადებს, ან სასაჩუქრე კალათს ჩუქნიან ხოლმე, თუმცა მაინც მაქვს პროტესტი, ხუმრობით ვამბობდი, რატომ მასწავლებელი არ ჩუქნის ბავშვს დაბადების დღეზე შოკოლადს ან ყვავილებს-მეთქი.

„არ ვიცი, სკოლის დამლაგებელს ჰყოფნის თუ არა დრო ყველა კლასის დასალაგებლად, არც ის ვიცი საკმარისი ხელსაწყოები აქვს თუ არა, მაგრამ ერთი ცოცხი და ტილო მაინც გვაქვს, იმ შემთხვევისთვის თუ ვინმეს სახლიდან მოტანილი წყლის ბოთლი წაექცა და იატაკი მოსაწმენდი გახდა. ზედმეტი ხარჯი ის მგონია, რომ რვეულები, რომელიც წიგნებს მოჰყვება ყველა წიგნს არ აქვს და საყიდელი შეიძლება გახდეს”, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს მშობელმა.

ფულის აკრებები აქტუალურია სამეგრელოშიც, თუმცა ზემოთ მოყვანილი მაგალითებისგან განსხვავებით, აქ ყველაფრის ინიციატორ-განმხორციელებელი, მოსწავლის ინფორმაციით, არც მეტი, არც ნაკლები სკოლის დირექტორია. სკოლა კი, რაც უნდა გასაკვირი იყოს , წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიაა. სკოლის ყოფილმა მოსწავლემ ასეთი რამ გვიამბო:

„თანხის აგროვებასთან დაკავშირებით არაერთი შემთხვევა შემიძლია გავიხსენო. ის ადამიანი კი, ვინც ამას ყველაზე ხშირად აკეთებდა, თავად დირექტორი იყო.  ყველაზე მკაფიოდ  მახსოვს შემთხვევა, როცა ყველა მოსწავლეს 10 ლარის მიტანა გვაიძულეს იმისთვის, რომ ეზო და სკოლის იერსახე მოწესრიგებულიყო. თავადაც ხვდებით რამდენი კლასია, რამდენი მოსწავლე და რამდენად სოლიდური თანხა აგროვდებოდა, თუმცა სკოლის ეზოში მხოლოდ ერთი რამ შეიცვალა და ესეც 2 ძირი ახალი ხე იყო. ასევე, სკოლაში რაღაც გაზეთები შემოდიოდა, რომლებსაც კლასში გვირიგებდნენ და თანხის მოტანას თითოეულ ჩვენგანს ავალებდნენ. ყოველ წელს საპატრიარქოს დაფინანსებით ფესტივალი ტარდება, რისთვისაც  20-20 ლარს გვადებინებდნენ.

„ზამთარში, ძირითადად ელექტროღუმელით ვთბებოდით, ამიტომაც ყოველთვე უნდა აგვეგროვებინა 60 ლარი. ეს ღუმელი სულ ჩართული იყო, მიუხედავად იმისა, ვიყავით თუ არა სკოლაში.

„ეს დირექტორი ისევ ამ პოზიციაზეა, მე და ბევრი ჩემი მეგობარი იმ სკოლის მოსწავლეები აღარ ვართ. ყველაზე სასაცილო, ალბათ, ის არის, რომ სასულიერო სკოლაზეა საუბარი (წმიდა გიორგის სახელობის გიმნაზია). ერთი ჩემი კლასელი ამბობს, ბედის ირონიაა, რომ სასულიერო სკოლაში დავკარგე რწმენაო. ალბათ, ყველა მიხვდება რატომ მოხდა ასე.

მოსწავლის ბრალდებებს დირექტორი უარყოფს და ამბობს, რომ სკოლაში ფული არასდროს აუკრეფია.

აღნიშნული ფაქტების დაფიქსირების შემდეგ EDU.ARIS.GE-მ შეკითხვებით სამინისტროს მიმართა. გვაინტერესებდა არსებობს თუ არა კონკრეტულად გაწერილი წესი, რომელიც აღნიშნულს გრძალავს, ან არსებობს თუ არა რაიმე სანქციები დართვევის შემთხვევაში. როგორც უწყებაში გვითხრეს, კანონით  სკოლაში ფულის აკრეფა აკრძალულია, თუმცა კონკრეტიკა სანქციებთან დაკავშირებით ვერ მივიღეთ და არც ის გახდა ცნობილი, ხორციელდება თუ არა ამ მიმართულებით სკოლის მონიტორინგი.

„სკოლაში ფულის აკრეფა კანონით არ შეიძლება. წიგნს, რვეულს კომპიუტერს, ყველა სასწავლო რესურსს უზრუნველყოფს უფასოდ. შესაბამისად, სკოლაში ფულის აკრეფა არ ხდება. თუ გაქვთ ინფორმაცია კონკრეტული, მოაწოდეთ სამინისტროს და მერწმუნეთ, შესაბამის ზომებს მივიღებთ“, – განგვიცხადეს უწყებაში.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური