GE

SANGU-ს სტუდენტებს ჩინურ ენას უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ნინო ასანიძე შეასწავლის

დიდი ხანი არ გასულა რაც წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი დავასრულე. სულ რაღაც შარშან, ერთ-ერთი ვიყავი იმ სტუდენტთაგან, რომელმაც 100 ქულიანი შეფასებით დაასრულა SANGU-ს ტკბილად მოსაგონებელი ბაკალავრიატი. და მაშინ, სადღაც გულის სიღრმეში, რაღაც მოუსვენრად მიღიტინებდა, თითქოს მოვრჩი, უნივერსიტეტიც დავასრულე და თავი დიდი გოგო მეგონა, თუმცა ვაანალიზებდი, რომ SANGU დავტოვე, ჩემი მეორე მზის სხივებიანი სახლი, თბილი და კომფორტული. ვემზადებოდი ახალი ეტაპისთვის. ძალისხმევა არ დამიშურებია რათა ჩემი ოცნება ამესრულებინა და მაგისტრატურისთვის 100 %-იანი გრანტი მომეპოვებინა. იმ წელს, შარშან, ყველაფერი საათივით აწყობილი იყო. ივლისამდე SANGU-ს სტუდენტი მერქვა, თუმცა მაშინ, როცა სიით პირველმა, საბაკალავრო ნაშრომის წარდგენა დავასრულე და შეფასებაც მივიღე, ჩემი წოდებაც შეიცვალა და აწ უკვე, SANGU-ს კურსდამთავრებულად გადავიქეცი. დიახ, ასე უცებ გაირბინა წლებმა, რომლებიც ჩემს უსაყვარლეს უნივერსიტეტში გავატარე. ეს ის მომენტი იყო და არის, როცა ერთი წამითაც კი არ მინანია ჩემი გადაწყვეტილება, როცა SANGU-ში ჩავაბარე.

ღიმილიანი და სევდით სავსე გამომეტყველებით მინდა თქვენამდე მოვიტანო ჩემი ისტორია, რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. შეიძლება ვიღაცისთვის უბრალოდ SANGU-ს რიგითი კურსდამთავრებული ვიყო, თუმცა მჯერა, რომ ჩემი უნივერსიტეტისთვის ისტორიის პატარა ნაწილი მაინც ვიქნები.

2016 წელს, იმ ბედნიერ წელს ჩავაბარე SANGU-ში… გამოვიპრანჭე და პირველ დღეს უნივერსიტეტისკენ გავეშურე. პატარა ქალაქიდან დიდ ქალაქში ჩამოსული პატარა დაბნეული გოგო ვიყავი. რას ვიფიქრებდი თუ ცხოვრება ამდენ სიურპრიზს მიმზადებდა.

05 აუდიტორია, 82 სტუდენტი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური პროცესების მაშინდელი ხელმძღვანელი ბატონი ავთანდილ კიკნაძე, ეს არის ჩემს მეხსიერებაში ჩარჩენილი, წარუშლელი მოგონება, რომელიც ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ეპიზოდს წარმოადგენს.

მაშინ, როცა მე ჩავაბარე, SANGU ცნობილი იყო აზიური და ევროპული ენების სიუხვით. ყველა სტუდენტს ჰქონდა საშუალება აერჩია მისთვის სასურველი ენა. ხუთი წლის წინ დავამსხვრიე ყველა სტერეოტიპი და ვთქვი, რომ დამატებით ენად ჩინური უნდა მესწავლა. დიახ, აზიური ენებიდან ერთერთი ურთულესი ენა, რომელიც დღეს ჩემი განუყოფელი ნაწილი და მეორე ენაა მშობლიური ენის შემდეგ. შეიძლება წარმოუდგენლად გეჩვენებოდეთ, თუმცა ერთი საათიც კი არ მქონდა გაცდენილი პირველ კურსზე ისე მომწონდა ენის შესწავლა. გადავწყვიტე ჩამებარებინა ჩინური ენის დონის გამოცდა (HSK) და, საკუთარი თავისთვის მიმეცა შანსი მონაწილეობა მიმეღო გაცვლით პროგრამებში.

2017 წელს კი, პირველად ჩემს ცხოვრებაში, მოვიპოვე ჩინეთის საელჩოს 100 %-იანი გრანტი, სრული დაფინანსება ერთწლიან ენის შემსწავლელ კურსზე, ჭეძიანის პროვინციაში, ულამაზეს ქალაქ ხანგჭოუში. ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთ ერთი საუკეთესო წელი. ერთ წლიანი აქტიური ცხოვრების შემდეგ კი, ჩავაბარე ჩინური ენის დონის გამოცდა, უკვე მეხუთე დონე (HSK5级). ძალიან ამაყი და ამაღლებული თვითშეფასების გრძნობით დავბრუნდი საქართველოში. მესამე კურსიდან კი, ჩემი ლექტორების რეკომენდაციების საფუძველზე სამსახური დავიწყე საქართველოში არსებულ ჩინურ კომპანიაში. ჩინურ პლატფორმებზე დღემდეა განთავსებული ჩემი ავტორობით დაწერილი ჩინურენოვანი სტატიები საქართველოს შესახებ. ვიყავი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებების წამყვანი, გავხდი სინოლოგების წევრი, თარჯიმანი, მასწავლებელი და ასე მოვაღწიე დღევანდელ დღემდე.

მინდა ძალიან სათუთად შევეხო ჩემს ახალ წარმატებას. მანამდე კი გეტყვით, რომ არასოდეს იქნება შეუძლებელი ის, რასაც მიზნად დაისახავთ.

იქ სადაც ხუთი წლის წინ დიდი მოწიწებით შევაბიჯე, მორცხვი თვალებით, თავაზიანი მიდგომითა და მეგობრული დამოკიდებულებით, დღეს საშუალება მომეცა გავმხდარიყავი იმ ოჯახის წევრი, რომელსაც SANGU-ს ოჯახი და თანამშრომლობა ჰქვია. დიახ, დღეს მე, 25 წლის ასაკში, SANGU-ს კურსდამთავრებული, ჩინური ენის ლექტორი ვარ. ხანდახან ვფიქრობ და არ მჯერა, რომ ეს რეალობაა. დღეს შევდივარ იმ აუდიტორიაში სადაც, რამდენიმე წლის წინ, ლექტორის პირისპირ მდგარ მაგისთან ვიჯექი და დაფაზე დაწერილ იეროგლიფებს ნაზად ვიხატავდი რვეულში. ახლა კი, არც მეტი არც ნაკლები ლექტორის ადგილზე ვზივარ და გაცვლილი პოზიციიდან ახალ პროფესიას ნელ-ნელა ვეუფლები.

დღეს, ვარ ლექტორი, მაგისტრანტი, თარჯიმანი და ჩემი ყოველი დღე დილის 6:00 საათიდან იწყება. დატვირთული და აქტიური ცხოვრება ჩემი განუყოფელი რუტინის ნაწილია. რა შემიძლია ვთქვა თუ არა, რომ… SANGU არის შესაძლებლობა, ახალი ურთიერთობების, განვითარების, წინსვლის, მეგობრობის და ადამიანად ჩამოყალიბების გარანტი.

დიდი სურვილი მაქვს, ჩემი სტუდენტებისთვის გავხდე ისეთივე მისაბაძი ლექტორი, როგორიც ჩემი ლექტორი იყო ჩემთვის. იმედი მაქვს ჩემი დაგროვილი ცოდნით მათაც მივცემ საშუალებას, ისწავლონ, განვითარდნენ და მიაღწიონ დასახულ მიზნებს. SANGU-ს კი ვუსურვებ, დიდხანს არსებობას, უამრავ მზის სხივს, ლაღ სტუდენტებს და კონკურენტუნარიანობას.

ნინო ასანიძე
SANGU-ს კურსდამთავრებული, ლექტორი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური