GE

საპატრიარქო სუიციდის პრევენციისთვის სპეციალური ცენტრის შექმნის იდეით გამოდის

საქართველოს საპატრიარქოში აქვთ იდეა, სუიციდის პრევენციისთვის სპეციალური ცენტრი შეიქმნას. საპატრიარქოში სასულიერო პირების, პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების, განათლებისა და იუსტიციის სამინისტროების, საპატრულო პოლიციის, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ფსიქოლოგების შეხვედრა შედგა, სადაც აღნიშნულ თემაზე ისაუბრეს.

საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი იყო თანამედროვე ახალგაზრდებში თვითმკვლელობის მზარდ სტატისტიკაზე, მის გამომწვევ მიზეზებზე და, ზოგადად, ამ პრობლემის დასაძლევ ღონისძიებებში ეკლესიის აქტიური ჩართვის აუცილებლობის შესახებ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ  განაცხადა, საქართველოში თვითმკვლელობების საგანგაშო სტატისტიკის გამო სასურველია სპეციალური ცენტრი შეიქმნას.

“10 წლის განმავლობაში თვითმკვლელობათა რიცხვი თითქმის გაათმაგდა. ჩვენ ამ პრობლემაზე ვფიქრობთ და ძალიან გვტკივა. შეიძლება ბუნებრივიცაა, იმიტომ რომ ადამიანის სული ავადდება და სულის მოკვდინება ხდება იმ პროპაგანდით, რასაც დღეს მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ, მათ შორის, მატერიალიზმის, ამორალიზმის, გარყვნილების, უღმერთოების, ყალბი იდეალების, აზარტული თამაშების, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდით. ადამიანის სული კი ვერ უძლებს ამ ყველაფერს და მწუხარებაში, სევდაში, დეპრესიაში ვარდება და ბევრი ადამიანი თვითმკვლელობამდე მიდის. ჩვენ ვფიქრობთ ამ ყველაფერზე. არის ასეთი აზრი, რომ საპატრიარქოსთან ერთად შეიქმნას გარკვეული ცენტრივით, სადაც სხვადასხვა სპეციალისტი სახელმწიფო სტრუქტურებიდან, პარლამენტიდან, ფსიქოლოგებიდან გაერთიანდება და ერთად ვიფიქრებთ, თუ როგორ ვუშველოთ და ავიცილოთ თავიდან სუიციდის პრობლემა”, – განაცხადა მეუფე შიომ.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური