GE

საქართველო წიგნიერების საერთაშორისო კვლევის (PIRLS) 2021 წლის ციკლში იღებს მონაწილეობას

11-20 ოქტომბერს წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში მონაწილეობას (PIRLS – Progress in International Reading Literacy Study) საქართველოს 192 სკოლის 261 მასწავლებელი, 5 716 მოსწავლე და მათი მშობლები მიიღებენ.

PIRLS ფოკუსირდება მხატვრული და საინფორმაციო ტექსტის გააზრების პროცესებზე. კვლევაში შეფასდება წაკითხულის გააზრებისათვის აუცილებელი 4 მნიშვნელოვანი პროცესი:

  • ტექსტში ინფორმაციის მოძებნა და ტესტურ დავალებაში მოცემული ინფორმაციის გაგება;
  • ტექსტიდან უშუალო დასკვნების გაკეთება;
  • აზრებისა და ინფორმაციის ინტერპრეტაცია და არსებულ ცოდნასთან ინტეგრირება;
  • შინაარსისა და ტექსტუალური ელემენტების შეფასება და კრიტიკულად გააზრება.

წიგნიერების საერთაშორისო კვლევა საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის (IEA) მიერ მსოფლიოს 60-მდე ქვეყანასა და 15-მდე რეგიონში ტარდება. საქართველო ამ კვლევაში 2006 წლიდან ჩაერთო და მას შემდეგ 2011 და 2016 წლების კვლევებში მიიღო მონაწილეობა.

წიგნიერება: მეოთხეკლასელთა მიღწევები და მათზე მოქმედი ფაქტორები (PIRLS 2016)

PIRLS-ის მიზანია 9-10 წლის (მეოთხეკლასელი) მოსწავლეების კითხვის უნარების შეფასება და კვლევაში მონაწილე ქვეყნების მოსწავლეების მიღწევების დონის საერთაშორისო სტანდარტებთან შედარება. აგრეთვე იმის დადგენა, თუ რა გავლენას ახდენს მოსწავლის სწავლის პროცესზე ისეთი კონტექსტუალური ფაქტორები, როგორებიცაა სასწავლო გარემო, მშობლების ჩართულობა, სკოლის მართვა, მასწავლებლის კვალიფიკაცია და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

წიგნიერების საერთაშორისო კვლევას საქართველოში ადმინისტრირებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უწევს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური