GE

საქართველოს მასშტაბით მასწავლებლების, დირექტორებისა და აღმზრდელების გადამზადება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

მიმდინარე ცხელ ზაფხულს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს სატრენინგო მარათონის მხრივაც მეტად „ცხელი“ პერიოდი აქვს.

„საერთო ჯამში, 21 ათასზე მეტი მასწავლებელი დარეგისტრირდა ცენტრის მიერ შეთავაზებულ ტრენინგებზე. ეს უპრეცენდენტო რაოდენობაა“, –  აღნიშნავს   EDU.ARIS.GE -სთან საუბარში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და დასძენს: პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელების მხრივ, შემუშავებულია ახალი მიდგომა. ყურადღება გადატანილია მისაღწევ  შედეგებზე, ანუ იმაზე, თუ როგორ ივითარებენ ტრენინგებში მონაწილე პედაგოგები კონკრეტულ უნარებს და როგორ იყენებენ ამ უნარებს პრაქტიკაში. ამ მიმართებით  გვექნება ძალიან აქტიური მონიტორინგი. დაინერგება ტრენინგების მართვის ელექტრონული სისტემა, რომელშიც ინტეგრირებული იქნება მონიტორინგის კომპონენტიც. ეს სიახლეა, უკვე გვაქვს ელექტრონული სისტემის გარკვეული მონახაზი და გრძელდება მასზე მუშაობა.“

ტრენინგები ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდეგაც გაგრძელდება?  – EDU.ARIS.GE-ს ამ კითხვაზე, ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ტრენინგები სასწავლო წლის დაწყების შემდეგაც გაგრძელდება, მაგრამ მხოლოდ დასვენების დღეებში.

„ტრენინგები ეტაპობრივად ტარდება, ვინც ახლა ვერ მოხვდა სიაში, მათ შემდეგ ეტაპზე მიეცემათ საშუალება პროფესიული განვითარებისთვის, თანაც ეს მოხდება  მათთვის სასურველ ლოკაციასთან შეძლებისდაგვარად ახლოს. თუ რეგიონში ჯგუფი არ შეიქმნა, მაშინ შედგება ნაკრები ჯგუფები. რაც მთავარია, მსურველებს ამ შესაძლებლობის გამოყენების საშუალება მიეცემათ. ასეთი გამოკვეთილი ინტერესი ადასტურებს, რომ პედაგოგები არიან გააქტიურებულნი, ზრუნავენ პროფესიულ განვითარებაზე. მათ რეალურად დაინახეს ტრენინგების შედეგები, საკუთარი წინსვლა და ეს ზრდის მოტივაციას“, – აღნიშნავს გიორგი მაჩაბელი.

ტრენინგებზე რეგისტრაცია ერთდროულად მრავალი მიმართულებით გამოცხადდადა, ასევე მრავალი მიმართულებით დაიწყო მათი განხორციელება. პედაგოგებს მიეცათ საშუალება, სასურველი მიმართულებით განივითარონ პროფესიული შესაძლებლობები და თან საჭირო კრედიტქულები დააგროვონ.

„პროგრამები აგებულია აქტუალურ თემებზე, რომელიც ეპასუხება სწავლა-სწავლებისა და აღზრდის დღევანდელ საჭიროებებს. ამიტომ შეთავაზებული მოდულები მოთხოვნადი აღმოჩნდა მასწავლებლებისთვის. მაგალითად, ტრენინგი გვაქვს სკოლებში ბულინგის პრევენციისა და ტოლერანტული კულტურის დამკვიდრების თემაზე. სიახლე გახლავთ, რომ  აქტუალურობის გამო, ამ მოდულზე რეგისტრაცია სამოქალაქო განათლების მასწავლებლებსა და კლასის დამრიგებლებთან ერთად, ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვისაც გაიხსნა.მოთხოვნა დიდია ქართულის მასწავლებლებისთვის შეთავაზებულ მოდულზე, რომელიც სწავლა-სწავლების პროცესში სამუზეუმო ფონდების გამოყენებას მოიცავს და ძალიან საინტერესო და ინოვაციური მეთოდებითაა დაგეგმილი. მნიშვნელოვანია მოდული, რომელიც სასწავლო პროცესში  საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას ეხება.

„ლიდერობის აკადემიის“ პარალელურად, ტრენინგები მიმდინარეობს სკოლის დირექტორებისთვის. ცენტრმა სამინისტროს აუდიტის სამსახურთან ერთად მოამზადა მოდული, რომელიც უშუალოდ სკოლის კომპონენტს და ,კერძოდ, ფინანსური საკითხებს  (ფინანსების მართვა, შესყიდვების საკითხები და ასე შემდეგ) ეხება… იხილავენ კონკრეტულ ქეისებს, მსჯელობენ სწორი გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებზე და გზებზე. გარდა ამისა, იხილავენ მონაწილეთაგან აღწერილ სიტუაციებს და მსჯელობენ მათზე. ეს მიდგომა უზრუნველყოფს ამ ტრენინგების განსაკუთრებულ ეფექტურობას და ხელს შეუწყობს სკოლებში შეცდომების პრევენციას ფინანსური საკითხების გადაწყვეტის დროს. ამ ტრენინგს გაივლის ყველა სკოლის დირექტორი.  დაიწყო ტრენინგები სკოლამდელი დაწესებულებების წარმომადგენლებისთვისაც. აქაც იკვეთება მაღალი ინტერესი, არის ბევრი მსურველი. ეს მოთხოვნა ჩვენც სტიმულს გვაძლევს. ამ სამიზნე ჯგუფთან პირველად ვახორციელებთ პროფესიული განვითარების აქტივობას“, –დასძენს გიორგი მაჩაბელი.

2017 წლის მარტში დამტკიცდა კანონი ადრეული და სკოლამდელი განათლების შესახებ, რომელიც ამ სფეროზე უწყებათაშორის ვალდებულებების გადანაწილებას არეგულირებს. განათლების უწყებას  აღმზრდელი-პედაგოგების პროფესიულ განვითარებაზე აქვს პასუხისმგებლობა.

ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესების დეტალებზე EDU.ARIS.GE-სმასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის სტანდარტების განვითარებისა და დანერგვის სამსახურის უფროსი მარიკა სიხარულიძე ესაუბრება:

„ჩვენთან საბავშვო ბაღების სააგენტოების თანამშრომლებისთვის შეიქმნა 4-კრედიტიანი, ანუ 100-საათიანი პროფესიული განვითარების  პროგრამა. სამიზნე ჯგუფში არიან მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღების გაერთიანებების თანამშრომლები, რომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი სამინისტროს ვალდებულებაა და ჩვენ ვახორციელებთ ამ ქვეპროგრამას. ამ ეტაპზე გადამზადება უნდა გაიარონ სააღმზრდელო დაწესებულებების ფსიქოლოგებმა, კოორდინატორებმა, მეთოდისტებმა. მთელი საქართველოს მასშტაბით, გადასამზადებელია 602 ადამიანი, რომელთაგან 3 ჯგუფი –70 მონაწილე, უკვე გადამზადდა.

პროგრამა 11 დღეზეა გადანაწილებული. ის მოიცავს აღმზრდელ-პედაგოგთათვის სტანდარტების გაცნობის ნაწილს. სტანდარტი, თავის მხრივ, ეხება საკითხთა ფართო წრეს, როგორიცაა: ბავშვის ჰოლისტური განვითარების საკითხები, კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა,  სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა და მართვა, მშობლებთან თანამშრომლობა, საკუთარი პროფესიული უნარების შეფასება და რეფლექსია და ასე შემდეგ. პირველივე ეტაპზე მეტად დადებითი უკუკავშირი გვაქვს. მონაწილეები ძალიან მონდომებულები არიან და დიდი მოლოდინებიც აქვთ. ისინი პროგრამის დასრულების შემდეგ, პროგრამის შეფასების სისტემის შესაბამისად, მიიღებენ სერტიფიკატს. ვინც ტრენინგის მოთხოვნებს გადალახავს, მას საშუალება მიეცემა, გახდეს ტრენერი-მულტიპლიკატორი აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადების ნაწილში.ჯერ მხოლოდ დასაწყისთან ვართ დაშედეგებზე საუბარი ნაადრევია. არ გადავდეთ საქმე და ამ ზაფხულსვე დავიწყეთ თბილისისა და აჭარის ჯგუფებთან მუშაობა. როგორც განახლდება სააღმზრდელო პროცესი, მთელ საქართველოს მოვიცავთ. უკვე მიღებული უკუკავშირი გვაძლევს უფლებას დავასკვნათ, რომ ძირითადად, სწორად მივდივართ.

იმედი გვაქვს, მონაწილეთა უმრავლესობა შეძლებს პროგრამის სერტიფიკატის აღებას. მოცემულობაა, რომ ეს ადამიანები არიან სხვადასხვა პროფესიული სარბიელიდან  მოსული, ჩვენთვის უცნობია მათი საგანმანათლებლო „ბეგრაუნდი“. ამიტომ პროგრამის შედგენის დროს მაქსიმალურად ვეცადეთ, პროგრამაში შეგვენარჩუნებინა ის  ინფორმაცია, რაც აუცილებლად უნდა მიგვეტანა მონაწილეებამდე, მაგრამ ეს მოგვეხერხებინა დასაშვებად პოპულარულ ენაზე. ასევე, ერთდროულად უნდა გაგვეთვალისწინებინა საერთაშორისო სტანდარტებიც და პროგრამის დაძლევადობაც.  ამ ახალ კომპონენტს ჩვენ პირველად შევეჭიდეთ, მაგრამ ამ მიმართულებით სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურები დიდი ხანია მუშაობენ და ამ პროცესებში ჩვენც ვიყავით ჩართული. ეს გამოცდილება ძალიან დაგვეხმარა. ქალბატონი ნინო ლაბარტყავას თაოსნობით, რომელიც ჩვენი ცენტრის თანამშრომელი და  ასევე, თსუ-ის ასოცირებული პროფესორია, ეს ჯგუფი აქტიურად და პროფესიულ დონეზე მუშაობს.“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური