GE

საქართველოს საზღვრის კვეთისას ინდოეთიდან შემოსული სტუდენტებისთვის განსხვავებული წესი იმოქმედებს – ბრძანება

საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესში“ შესული  ცვლილების თანახმად, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი (მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად) ექვემდებარება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ − საზღვრის კვეთიდან 3 დღის განმავლობაში (72 საათი) სავალდებულო თვითიზოლაციას. მე-3 დღეს კი, საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარებას.

აღნიშნული ცვლილება ეხება ინდოეთიდან შემოსულ სტუდენტებსაც. ბრძანების თანახმად, საქართველოში შემოსვლისას უცხო ქვეყნის სტუდენტები საზღვარზე წარადგენენ ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში − ერთი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი უცხოელი სტუდენტები (მიუხედავად მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარებისა) კი დამატებით წარადგენენ საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს, საზღვრის კვეთიდან 3 დღის განმავლობაში გაივლიან სავალდებულო თვითიზოლაციას და მე-3 დღეს უზრუნველყოფენ საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარებას.

„უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები საქართველოში შემოსვლის მიზნით, ვალდებულნი არიან, დარეგისტრირდნენ ელექტრონული წესით საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე – „StopCov.ge“, ელექტრონულ პროგრამაში სპეციალური აპლიკაციის ფორმების შევსების გზით“, – ვკითხულობთ პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.

ბრძანებითვე დამტკიცდა, რომ ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი სტუდენტების საქართველოში შემოსვლა მხოლოდ ჩარტერული რეისებით განხორციელდება.

“ინდოეთის რესპუბლიკიდან საქართველოში ჩარტერული რეისის შესრულებისას, ავიაკომპანიას ეთხოვოს მგზავრების დოკუმენტაციის ვალიდურობის ადგილზე გადამოწმება, წამოსვლამდე”, – აღნიშნულია პრემიერის ბრძანებაში.

ამავე დადგენილებაში მოგვიანებით შესული ცვლილების თანახმად, ინდოეთიდან შემოსული პირები, მათ შორის სტუდენტებიც 14 დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარებიან. კარანტინის ხარჯებს ისინი თავად აანაზღაურებენ.

„ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი (მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად) ექვემდებარება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ − სავალდებულო 14-დღიან კარანტინს საკუთარი ხარჯით“, – ვკითხულობთ ბრძანებაში.

„4-დან 11 მაისის ჩათვლით დაწესებული უქმე დღეები სკოლებსა და უნივერსიტეტებსაც შეეხებათ“ – განმარტება სამთავრობო ხაზისგან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური