GE

საქართველოს სკოლებში სწავლა 50 715 მოსწავლემ შეწყვიტა – ბოლო 4 სასწავლო წლის მონაცემები

ბოლო 4 სასწავლო წლის მანძილძე, საქართველოს სკოლებში სწავლა 50 715 მოსწავლემ შეწყვიტა. ოფიციალური ინფორმაციით, 2012 წლის 15 სექტემბრიდან 2016 წლის 15 სექტემბრამდე, სრული სასკოლო განათლება 29 214 ბიჭმა და 21 501 გოგომ ვერ მიიღო.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებული ინფორმაციით, 2015 წლიდან ქვეყანაში სწავლის შეწყვეტის მიზეზების მითითების ფორმალიზებული პროცედურა მოქმედებს, რომლის შედეგად გამოკვეთილი მიზეზების ნუსხა ასე გამოიყურება:

untitled სკოლა

სამინისტროს ცნობით, 24%-ის შემთხვევაში მიზეზი დაკონკრეტებული არ არის. უწყებაში იმასაც ამბობენ, რომ მოსწავლეთა ნაწილი სხვადასხვა ეტაპზე უბრუნდება სკოლას ან ამთავრებს სწავლას ექსტერნატის ფორმით.

„სამწუხარო რეალობაა ის ციფრები, რასაც სამინისტრო გვაწვდის”, – გვითხრა გორის ახალგაზრდული მოძრაობა „დროას“ ერთ-ერთმა წევრმა კატო ქოთოლაშვილი. მისი აზრით, სწვალის შეწყვეტის ჩამოთვლილ მიზეზებზე საუბრისას, რამდენიმე გარემობა უნდა გავითვალისწინოთ:

„ერთის მხრივ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარება ოჯახებს და შესაბამისად ბავშვებსაც, აიძულებთ გამოსავალი ეძიონ სამსახურის შოვნის ან/და საზღვარგარეთ გამგზავრების გზით. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება პირდაპირ აისახება განათლების ხელმისაწვდომობაზეც“, – ამბობს კატო ქოთოლაშვილი.

ის ჩვენთან საუბარში, ყურადღებას იმ სოფლებზეც ამახვილებს, სადაც სკოლა ან საერთოდ არ არსებობს ან არასრულ საშუალო განათლებას იძლევა.

„ცალკე პრობლემაა ის სოფლებიც, სადაც თორმეტწლიანი საჯარო სკოლა არ ფუნქციონირებს. მოსწავლეებს კი კილომეტრების გავლადა ზოგჯერ რამდენიმე საჯარო სკოლის გამოცვლაც უწევთ ატესტატის მისაღებად. ჯერ კიდევ პრობლემაა ბულინგი და დისკრიმინაცია სკოლებში. ეს ყველაფერი სხვადასხვა სახის ასახვას ჰპოვებს ბავშვებზე და როგორც ჩანს, არც თუ ისე ხშირად, სწავლის შეწყვეტის მიზეზიც ხდება. ამდენად, სამინისტროს მიერ გავრცელებულ სტატისტიკაში საკვირველი არაფერია და არსებული რეალობის შესაფერისია.“

ინფორმაციისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, უკანასკნელი 4 წლის მანძილზე, გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში სწავლა 1 347-მა, ხოლო ქალაქ გორის სკოლებში 488 მოსწავლემ შეწყვიტა.

ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ შრომის ბაზარზე თავის დამკვიდრება არასრული საშუალო განათლების მქონე ახალგაზრდებს მეტად გაუჭირდებათ. შესაბამისად, სახელმწიფომ, თუ მისი მიზანი კონკურენტუნარიანი ახალგაზრდების აღზდაა, ხელი უნდა შეუწყოს იმ გარემოებების შესწავლას და გამოსწორებას, რაც სწავლის შეწყვეტის მიზეზი ხდება.

პირველკლასელთა რეგისტრაცია 2017-2018 სასწავლო წლისთვის

ინფორმაცია სკოლების შესახებ

მოამზადა გვანცა დოლუაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური