GE

განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების წესი და საფასური შეიცვალა

„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა.

ცვლილება საფასურში:

ბრძანებით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის – 40 ლარი, 15 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 80 ლარი, 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 120 ლარი, ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 250 ლარი განისაზღვრა. ერთი სამუშაო დღის ვადაში მომსახურების გაწევა ხორციელდება ცალკეულ საგანმანათლებლო დოკუმენტებთან დაკავშრებით, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ამასთან, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) გადაწყვეტილების მოსამზადებლად,  პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში მომსახურებისათვის გადასახდელ საფასურს დაემატა 25 ლარი.

ცვლილება წესში:

1 პუნქტი: საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისას მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოში გაცემული უმაღლესი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ან საგანმანათლებლო პროგრამის გავლის/მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების/მიღებული შეფასებების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში კვალიფიკაციის ასახვისას, მის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.

საქართველოში გაცემული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი მონაცემებს ამოწმებს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებულ ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლების მქონე პირების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. აღნიშნულისგან განსხვავებულ საფუძველზე გაცემული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი იკვლევს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულების სტატუსისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის მფლობელის სწავლის პერიოდის შესახებ ინფორმაციას (სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების ფაქტს), მხოლოდ სწავლის ბოლო წლის მდგომარეობით.

“ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი/პროფესიული განათლების გათანაბრების საკითხი შესაბამისი განათლების საფეხურთან”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
თამარა იაკობიშვილი