GE

საქართველოში ბავშვების 69% -ის მიმართ აღზრდის ძალადობრივი მეთოდები გამოიყენეს

გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით საქართველოში 14 000-ზე მეტ შინამეურნეობაში ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც 2018-19 წლების მონაცემებს ასახავს, ბავშვების 69%-ის მიმართ გამოიყენეს აღზრდის რომელიმე ძალადობრივი მეთოდი.

ბავშვების 31%-ს გამოუცდია ფიზიკური დასჯა (მკაცრი და სხვა ტიპის). ბავშვების 5%-ს კი მკაცრი ფიზიკური დასჯა, როგორიცაა ხელის დარტყმა სახეზე, თავზე ან ყურებზე დარტყმა და ცემა მთელი ძალით, გამუდმებით… ბავშვთა 66%-მა განიცადა ფსიქოლოგიური აგრესია.

ამავე კვლევის თანახმად, დედების/მეურვეების პროცენტულმა წილმა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ფიზიკური დასჯა საჭიროა ბავშვის სწორად აღსაზრდელად 8% შეადგინა. ძირითადი განსხვავება შეინიშნება მეურვის სქესის მიხედვით. ქალების 8% მიიჩნევს, რომ ფიზიკური დასჯა საჭიროა, რაც 5-ჯერ აღემატება კაცის ანალოგიურ მაჩვენებელს. ეს შეხედულება ასევე დაკავშირებულია დედის/მეურვის განათლების დონესთან, რადგან ბავშვის ფიზიკური დასჯის მომხრეთა რაოდენობა მცირდება რესპოდენტების განათლების დონის ზრდასთან ერთად.

მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა, მიქსი საქართველო 2018, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გლობალური მიქსის პროგრამის ფარგლებში ჩაატარა 2018-2019  წლებში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით.

MICS-ი გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შემუშავებული და მისი მხარდაჭერით ჩატარებული შინამეურნეობების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო კვლევაა მსოფლიოში. კვლევა ფარავს ძირითად ინდიკატორებს, რომლებიც გამოიყენება შინამეურნეობების, განსაკუთრებით კი ბავშვების და ქალების მდგომარეობის შესაფასებლად. MICS-ის ჩატარება 1990-იან წლებში დაიწყო და დღემდე 300-ზე მეტი კვლევა ჩატარდა 100-ზე მეტ ქვეყანაში.  საქართველოში MICS-ი 180-ზე მეტ ინდიკატორს ფარავს. მასში 14 000-ზე მეტმა შინამეურნეობამ მიიღო მონაწილეობა.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური