GE

საქართველოში დაბადებულ ბავშვებს მხოლოდ ნაწილობრივ შეუძლიათ საკუთარი პოტენციალის რეალიზება – კვლევა

“პიემსი” კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში დაბადებულ ბავშვებს, მხოლოდ ნაწილობრივ 61 პროცენტით შეუძლიათ საკუთარი პოტენციალის რეალიზება და პროდუქტიულობის იმ ხარისხის მიღწევა, რომელიც სრულყოფილი საშუალო განათლების მიღების შემთხვევაში ექნებოდათ.

ამავე კვლევის თანახმად, ქვეყნის ადამიანური კაპიტალის ინდექსი 0.61 პროცენტს უტოლდება, მაშინ როდესაც განათლების ხარისხის გაუმჯობესება ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა.

„პიემსის“ კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი აღნიშნავს, რომ განათლების სფეროში სისტემური პრობლემა გვაქვს, რომელსაც ერთი რეცეპტით ვერ ვუმკურნალებთ და ცალკეული მიდგომებია საჭირო.

„ამ კვლევის მიზეზი იყო ის, რომ სისტემური პრობლემა გვაქვს და ერთი რეცეპტით განათლების რეფორმის ფარგლებში რომ ყველა პრობლემა გადავჭრათ არ შეიძლება. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება მისაქცევია განათლების რეფორმაზე სოფლად, რეპეტიტორობის ინსტიტუტზე, რომელიც ახლა გამოსავალია არსებული პრობლემიდან, როდესაც სასკოლო პროცესი, განსაკუთრებით მაღალ კლასებში, გასულია სკოლის გარეთ. საჭიროა, რომ რეფორმის ფარგლებში სოციალურად დაუცველ ჯგუფებს განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს. ამიტომ მნიშვნელოვანია გამოსავალი ვეძებოთ ჯგუფების მიხედვით და არა ერთი გამოსავალი ყველასთვის“, – განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

კვლევის შედეგებზე ისაუბრა განათლების ექსპერტმა პაატა პაპავამაც.

„ძალიან სერიოზული საკითხი წამოიწია წინ ამ კვლევის შედეგად. ეს არის არა მხოლოდ ის, თუ ბავშვისთვის ცალკეულ ოჯახში ან სკოლაში განათლება რამდენად არის უზრუნველყოფილი, არამედ უფრო ფართო სურათს ვხედავთ და ვხედავთ სიღარიბის გავლენას განათლებაზე და პირიქით, რა კორელაციებია სიღარიბესა და განათლებას შორის; ზოგადად სოციოეკონომიკურ მდგომარეობასა და განათლების გზით რეალიზებულობას შორის. ანუ ეს არის ერთგვარი პროგნოზი, როგორი იქნება ჩვენი ბავშვების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი და რეალიზებულობა მომდევნო 10 წლის განმავლობაში,“ – განაცხადა პაატა პაპავამ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

კვლევის ავტორების განცხადებით, ადამიანური კაპიტალის ინდექსი ფასდება ორი კრიტერიუმით – ეს არის წლები, რომლებსაც ბავშვები უთმობენ განათლების მიღებას, აქ იგულისხმება სკოლამდელი განათლებაც, და მეორე, შედეგებით, რასაც აჩვენებენ მოსწავლეები სხვადასხვა აღიარებული ტესტის ჩაბარების დროს.

“ეს არის მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული ინდექსი, რომლითაც განისაზღვრება, რამდენი წელი უთმობს ახალგაზრდა განთლებას და ის შედეგები რაც მიიღო, განათლების რომელი საფეხურის დონეს უდრის. მაგალითად, თუ სწავლობ 12 წელი და შედეგები გაქვს დაბალი, ეს იმას ნიშნავს, რომ 9 წლის განათლება მიიღე. ადამიანური კაპიტალის ინდექსს ერთი კომპონენტიც ახლავს, ეს არის ჯანმრთელობა ანუ ადამიანური კაპიტალის კონკურენტუნარიანობა განისაზღვრება ერთი მხრივ იმით, თუ რამდენად ჯანმრთელია ადამიანი და მეორე მხრივ, რამდენად განათლებულია”, – აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა.

ა.წ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური