GE

საქართველოში გოგონები ბიჭებთან შედარებით კითხვაში 58 ქულით მაღალ შედეგს აჩვენებენ – PISA-ს ნაციონალური ანგარიში

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA-ს მიხედვით, საქართველო იმ 41 ქვეყანას შორისაა (70 ქვეყანას შორის), სადაც კითხვაში მოსწავლეთა მიღწევების საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) საშუალოს. საქართველო 59-64 ადგილებს შორის დიაპაზონშია მოქცეული.

ამის შესახებ ნათქვამია PISA-ს უახლესი კვლევის ნაციონალურ ანგარიშში, რომლის მომზადებაზეც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მუშაობდა.

PISA 2015 სულ 72 ქვეყანაში ჩატარდა, მათ შორის 35 OECD-ის წევრია. დაახლოებით 540 000 მოსწავლე წარმოადგენდა თავის ქვეყანას, აქედან 6000-ზე მეტი ქართველი მოსწავლე იყო, რომლებიც თავის მხრივ 263 სკოლიდან შეირჩნენ.

როგორც ნაციონალურ ანგარიშში ვკითხულობთ, მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის ციკლში საქართველომ კვლავ სხვა ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალი შედეგი აჩვენა კითხვაში, წინა ციკლთან შედარებით, საქართველოს მოსწავლეთა მიღწევებში დიდი გაუმჯობესება აღინიშნება.

PISA-ს ციკლებში მუდმივად ჩანს ზოგადი ტენდენცია, რომ გოგონები კითხვაში ბიჭებზე მაღალ შედეგს აჩვენებენ. ამ მხრივ, 2015 წლის ციკლში საქართველო განსაკუთრებით გამორჩეულ შემთხვევას წარმოადგენს, რადგან ბიჭებისა და გოგონების საშუალო ქულებს შორის განსხვავება ძალიან დიდია – 58 ქულას შეადგენს, -ესაა ის ძირითადი დასკვნები, რომელიც მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის ანგარიშშია მოცემული კითხვაში მოსწავლეთა მიღწევებთან დაკავშირებით.

უფრო კონკრეტულად კი, როგორც PISA-ს ანგარიშშია აღნიშნული, 2015 წელს წაკითხულის გააზრებაში მოსწავლეთა საშუალო ქულამ OECD-ის ქვეყნებისათვის 493 შეადგინა. სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეთა საშუალო ქულა სწორედ ამ ნიშნულს ედრება. საქართველო იმ 41 ქვეყანას შორისაა (70 ქვეყანას შორის), რომელთა საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება OECD-ის საშუალოს (401 ქულა აქვს საქართველოს).

საშუალოზე მაღალ შედეგს PISA-ს კითხვის ტესტში 22 ქვეყანა აჩვენებს. ყველაზე მაღალი საშუალო მაჩვენებელი (535 ქულა), რომელიც OECD-ის საშუალოზე 42 ქულით მაღალია, აქვს სინგაპურს. სინგაპურზე დაბალ, თუმცა OECD-ის საშუალოზე 30 ქულით მაღალ შედეგს სამი ქვეყანა აჩვენებს – კანადა, ფინეთი და ჰონგკონგი/ჩინეთი. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან საუკეთესო შედეგი აქვს ესტონეთს (534 ქულა), რომლის რეიტინგული ადგილიც მე-5-8 ადგილებს შორის დიაპაზონშია მოთავსებული.

კითხვის ტესტში მოსწავლეთა შედეგების გამოსახვის კიდევ ერთი ფორმაა მიღწევის დონეების მიხედვით მოსწავლეთა განაწილება. PISA-ს კითხვის ტესტში მიღწევების სკალა დაყოფილია შვიდ დონედ. თითოეულ დონეზე მოსწავლეთა შედეგები აღიწერება სამი პროცესის მიხედვით, რომელთაც მოსწავლე ტესტზე მუშაობის დროს იყენებს. ეს პროცესებია: ა) „ინფორმაციის მოძიება“ (გულისხმობს ინფორმაციის პოვნის, შერჩევისა და შეერთებისათვის საჭირო უნარებს); ბ) „ინტეგრირება და ინტერპრეტაცია“ (გულისხმობს ინფორმაციის დამუშავებას და აზრის გამოტანას); და გ) „გააზრება და შეფასება“ (გულისხმობს ტექსტთან ნაკლებად დაკავშირებული, „გარე“ ცოდნის, იდეებისა და ფასეულობების გამოყენებას ტექსტის შესაფასებლად). ჩანართი 4 დეტალურად აღწერს მიღწევის დონეებს წაკითხულის გააზრებაში.

მეორე დონე PISA-ს ტესტში საბაზო დონედ ითვლება. საშუალოდ OECD-ის ქვეყნებში ე.წ. დაბალი მიღწევის ჯგუფში (მიღწევის მეორე დონის ქვემოთ) მოსწავლთა 20% იმყოფება, ე.წ. მაღალი მიღწევის ჯგუფში (მეხუთე და მეექვსე დონე) კი მოსწავლეთა 8.4%-ია.

საქართველოში PISA-ს ტესტში მონაწილე მოსწავლეთა ნახევარი (51.7%) დაბალი მიღწევის ჯგუფშია. ხოლო მაღალი მიღწევის ჯგუფში მოსწავლეთა მხოლოდ 1.2% ექცევა.

რაც შეეხება მიღწევის ცვლილების დინამიკას, მიღწევის საშუალოს ცვლილების სამწლიანი ტრენდი კითხვაში აჩვენებს ქვეყნის მიღწევის მაჩვენებლის საშუალო ცვლილებას სამი წლის განმავლობაში.

64 ქვეყნიდან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სულ მცირე ორ ციკლში, 31 ქვეყანა არ აჩვენებს სტატისტიკურად მნიშვნელოვან განსხვავებას მიღწევის სკალაზე წინა ციკლის მაჩვენებელთან შედარებით, 20 ქვეყანაში აღინიშნება გაუმჯობესება, ხოლო 13 ქვეყანაში – საშუალო მაჩვენებელი გაუარესდა.

სამწლიანი ტრენდის მაჩვენებლის მიხედვით, PISA-ში მონაწილე ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნახტომი აღინიშნება საქართველოში – ყოველი სამი წლის განმავლობაში (PISA-ში მონაწილეობის პირველი ციკლიდან) ქვეყნის საშუალო მაჩვენებელი საშუალოდ 16,2 ქულით უმჯობესდება (ციკლებს შორის მოსწავლეთა დემოგრაფიაში განსხვავებების გათვალისწინებით ცვლილების სამწლიანი ტრენდის მაჩვენებელი 17.8 ქულამდე იზრდება).

გაუმჯობესების სამწლიანი ტრენდის შედარება ქვეყნების მიხედვით გვიჩვენებს, რომ გაუმჯობესების მაჩვენებელი მაღალია ყველა იმ ქვეყანაში, რომლებმაც წინა ციკლში განსაკუთრებით დაბალი შედეგი აჩვენეს, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ 2009 წლის ციკლში გაუმჯობესება თვალსაჩინოა შედარებით მაღალი შედეგების მქონე ქვეყნების ნაწილშიც. ამ მხრივ საინტერესო მაგალითებს წარმოადგენს ირლანდია, ესტონეთი, რუსეთი.

საქართველო იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, რომლებშიც მიღწევის საშუალო მაჩვენებლის გაუმჯობესება განპირობებულია როგორც მაღალი მიღწევის მქონე მოსწავლეების წილის ზრდით, ისე დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეების წილის შემცირებით.

რაც შეეხება გენდერულ განსხვავებებს მოსწავლეთა მიღწევებში, PISA-ს ციკლებში მუდმივად ჩანს ზოგადი ტენდენცია, რომ კითხვაში გოგონები ბიჭებზე მაღალ შედეგს აჩვენებენ (OECD, 2014), 2015 წლის ციკლშიც გოგონებს ბიჭებზე 27 ქულით უკეთესი შედეგი აქვთ.

ამ მხრივ 2015 წლის ციკლში საქართველო გამორჩეულ შემთხვევას წარმოადგენს, რადგან ბიჭების საშუალო ქულა გოგონების ქულაზე 58 ქულით ნაკლებია. ანალოგიური სურათია იორდანიაში, ალბანეთში, ყატარსა და მოლდოვაში, სადაც სხვაობა გოგონებისა და ბიჭების საშუალო მიღწევებს შორის 50 ქულაზე მეტია.

საქართველოში, ისევე როგორც მონაწილე ქვეყნების უმეტესობაში, ვარიაცია მიღწევის ქულებში უფრო დიდია ბიჭებში, ვიდრე გოგონებში. გენდერული განსხვავებები უფრო დიდია დაბალი მიღწევების მქონე მოსწავლეების ჯგუფში (ქულათა შორის სხვაობა = 70, სტ. შეცდ. = 7.3), ვიდრე მაღალი მიღწევების მქონე მოსწავლეების ჯგუფში (ქულათა შორის სხვაობა = 38, სტ.შეცდ. = 7.5).

კვლევის მიხედვით, წინა ციკლთან შედარებით, საქართველოში გენდერული განსხვავებები კითხვის ტესტში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

რაც შეეხება განსხვავებებს სკოლის მახასიათებლებისა და ტესტის შესრულების ენის მიხედვით,  ქვეყნის შიგნით კითხვაში მოსწავლეთა მიღწევებში თვალსაჩინო განსხვავებები იკვეთება. კერძოდ, მიღწევის საშუალო მაჩვენებელი უფრო მაღალია ქალაქად, ვიდრე სოფლად, ასევე მაღალია კერძო სკოლებში საჯარო სკოლებთან შედარებით, თუმცა სკოლის მახასიათებლების (ტესტის შესრულების ენა, დასახლების ურბანულობა და სკოლის სტატუსი) ურთიერთეფექტისა და მოსწავლეთა და სკოლის სოციო-ეკონომიკური სტატუსის გათვალისწინების შედეგად სკოლის მდებარეობისა და ტიპის ეფექტი ქრება, თუმცა კვლავ მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება ტესტის შესრულების ენა. ის მოსწავლეები, რომლებმაც ტესტი აზერბაიჯანულ ენაზე შეასრულეს, კითხვაში საშუალოდ უფრო დაბალ შედეგს აჩვენებენ. ის მოსწავლეები, რომლებმაც ტესტი აზერბაიჯანულად შეასრულეს, საშუალოდ 55 ქულით დაბალ შედეგს აჩვენებენ იმ მოსწავლეებთან შედარებით, რომლებმაც ტესტი ქართულ ენაზე შეასრულეს.

შეგახსენებთ, რომ PISA-ს ახორციელებს ეკონომიკური და კულტურული განვითარების ორგანიზაცია (OECD). საქართველო კვლევაში 2009 წლიდან მონაწილეობს. მომდევნო ციკლი 2018 წელს იგეგმება.

PISA აფასებს მოსწავლეთა კომპეტენციებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, კითხვასა და მათემატიკაში.  კითხვის სფეროში PISA  აფასებს ინდივიდის უნარს, გაიგოს, გამოიყენოს და გაიაზროს წაკითხული ტექსტი, რათა მიაღწიოს დასახულ მიზნებს – განივითაროს ცოდნა და შესაძლებლობები და სრულყოფილი მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

PISA -ს სამიზნე ჯგუფს 15 წლის მოზარდები წარმოადგენენ. PISA 2000 წლიდან ტარდება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის OECD-ს მიერ და მასში მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. საქართველო კვლევაში 2009 წელს ჩაერთო იმ 10 ქვეყანასთან ერთად, რომლებიც შედარებით მოგვიანებით შეურთდნენ კვლევას – „PISA 2009 +“ პროექტის ფარგლებში. ჩვეულებრივ, თითოეულ ქვეყანაში კვლევაში მინიმუმ 150 სკოლა და ამ სკოლებიდან შემთხვევით შერჩეული 4500- დან 10000-მდე მოსწავლე მონაწილეობს.

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური