GE

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 572 პედაგოგია აცრილი – NCDC

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ყოველდღიურად იმატებს. ეპიდემიოლოგების განცხადებით კი, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მე-4 ტალღა დაიწყო.

ვირუსის გავრცელების პარალელურად, ჯანდაცვის წარმომადგენლები და მთავრობა მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. მათ შორის არაერთი განცხადება კეთდება საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულთა (პედაგოგები, პროფესორ-მასწავლებლები, სკოლის პერსონალი, სტუდენტები) ვაქცინაციის მხრივ.

იმ ფონზე, როცა უსაფრთხო სასკოლო გარემოსთვის მასწავლებელთა აცრა მთავარი რეკომენდაციაა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 22 ივლისის სტატისტიკის მიხედვით, იმუნიზაციის დაწყებიდან დღემდე ვაქცინაცია სკოლის პედაგოგებიდან მხოლოდ 572-მა ადამიანმა ჩაიტარა.

ამ მონაცემის შესახებ დასმულ კითხვას 23 ივლისს უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმაც და განაცხადა, რომ ის თავად არის მზად განათლების მინისტრთან ერთად შეხვდეს პედაგოგებს და ჩაერთოს პროცესში.

“რაც შეეხება განათლების სამინისტროს, ყოველდღიურად გვაქვს კომუნიკაცია. როგორც ვიცით, არის 19% აცრილი იმ პერსონალისა, რომელიც საბოლოო ჯამში უნდა აიცრას 92 000. პედაგოგების გარდა, ასევე არიან დამხმარე პერსონალი და ასევე სამინისტროს სხვადასხვა სიპები და ჩვენ ვუყურებთ ჯამურ რაოდენობას. ეს მუშაობა განათლების სამინისტროსთან ერთად გაგრძელდდება და მე მზად ვარ პედაგოგებთან შეხვედრებში მინისტრთან ერთად ჩავერთო”, – განაცხადა ელატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ახალი სასწავლო წლიდან, სკოლებში დისტანციური სწავლების შემოღება გამოსავალი არ იქნება, გამოსავალი არის მხოლოდ ვაქცინაცია.

„იმ პირობებში, როცა დღეს ქვეყანაში გვაქვს მილიონნახევარი დოზა ვაქცინა და კიდევ ერთ მილიონს ველოდებით, სკოლებთან მიმართებაში პირადად ჩემი მთავარი რეკომენდაცია და ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი რეკომენდაცია არის, რომ დარჩენილი ივლისის და აგვისტოს თვეები, სკოლის კოლექტივმა გამოიყენოს აქტიური ვაქცინაციისთვის. იმისათვის, რომ სკოლები დახვდეს სასწავლო წლის დაწყებას უსაფრთხო გარემოში. დღეს შეზღუდვა სკოლის პირობებში გამოსავალი არ არის, არც დისტანციური სწავლა არ არის ამ პრობლემის გადაწყვეტა, პრობლემის გადაწყვეტა არის ვაქცინაცია და თხოვნა მექნება ყველასთვის, ვინც დაკავებულია სასკოლო გარემოში სწავლებით ან მუშაობით, მიმართოს ვაქცინაციის ცენტრს, დღეს არის ამის შესაძლებლობა, რომ აიცრან“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რა შემთხვევაში შეიძლება გითხრან უარი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე – „ფაიზერის“ ვაქცინით 16 წლის მოზარდების აცრა ოფიციალურად ნებადართულია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური