GE

სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებას სამინისტრო განახლებული კონცეფციით განახორციელებს – დეტალები

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გრიფირების პროცესს განახლებული კონცეფციით განახორციელებს. მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე აცხადებს, რომ წიგნები შესაბამისობაში იქნება „ახალი სკოლის მოდელთან“, რაც მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტირებასა და წიგნიერებაზე ორიენტირებას გულისხმობს.

„გრიფირების მთავარ სიახლეს სამინისტროსა და დაინტერესებულ პირებს, გამომცემლებს შორის, გრიფირების საწყისი ეტაპიდან ინტენსიური თანამშრომლობა და კონსულტირება წარმოადგენს. ამ მიზნით გამომცემლებს დამატებით საშუალება მიეცემათ გრიფირების გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში წარმოადგინონ სახელმძღვანელოს სტრუქტურა და ერთი საჩვენებელი თავი და მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენად სწორი გზით მიდიან სახელმძღვანელოს შედგენისას, რა უნდა გაითვალისწინონ და გამოასწორონ“, – ამბობს მინისტრის მოადგილე.

მისივე თქმით, გასულ წლებთან შედარებით, მე-7 კლასის სახელმძღვანელოები მეთოდიკური თვალსაზრისით უფრო მეტადაა გაუმჯობესებული.

„განახლებული საგნობრივი სტანდარტებიდან გამომდინარე, გაჩნდა საკვანძო/სააზროვნო შეკითხვები, კომპლექსური დავალებები. თუმცა, სახელმძღვანელოების ანალიზმა აჩვენა, რომ სუსტ წერტილად რჩება მასწავლებლის წიგნი, რომელიც ძირითად შემთხვევაში ზოგადი დებულებებისა და თეორიების ნაკრებია. ამიტომ წელს დავამატეთ კონკრეტული ფორმები მასწავლებლის წიგნისთვის. ამ ფორმებში ნაჩვენებია მასწავლებლის წიგნის აგების სტრუქტურა საგნების მიხედვით: როგორ გაიშალოს და დამუშავდეს კონკრეტული თემა ამ თემის შესაბამისი (და არა ზოგადი ხასიათის) ინსტრუქციებით, საკვანძო შეკითხვებით, აქტივობებით, კომპლექსური დავალებებით, რესურსების დაკონკრეტებით და ა.შ.“,-განმარტავს ირინა აბულაძე.

სამინისტროს ინფორმაციით, სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შინაარსობრივი და ტექნიკური რეცენზირება განხორციელდება ორ ეტაპად – ძირითადი შეფასება და სახელმძღვანელოს დახვეწა-გაუმჯობესება; მეორე ეტაპზე გადასული სახელმძღვანელოების ავტორებსა და რეცენზენტებს შორის მოიხსნება ანონიმურობის საკითხი და მოხდება ინტენსიური თანამშრომლობა სახელმძღვანელოების დასახვეწად. ტექნიკური რეცენზირება შეეხება მხოლოდ მათ, ვინც გადალახავს შინაარსობრივი რეცენზირების პირველ ეტაპს (ძირითად რეცენზირებას).

ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ავტორებისთვის გამკაცრდა ხარისხზე მოთხოვნა – ბარიერი 79%-დან გაიზარდა 90%-მდე. თუმცა, მათი მხარდაჭერისთვის გაორმაგდა საბაზისო და ელექტრონული რესურსისთვის გასაცემი ერთჯერადი ჰონორარები; ასევე, გაიზარდა მოსწავლის წიგნის ნაბეჭდი ეგზემპლარისთვის გასაცემი ჰონორარი.

სახელმძღვანელოს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის მისაღწევად,  შეიცვალა ხარისხისა და ფასის პროპორცია – 90/10 %-ის ნაცვლად ხარისხს ექნება 95% წილი, ხოლო ფასს – 5 %.

სახელმძღვანელოების ხარისხის გაზრდის მიზნით, ასევე გაიზარდა სახელმძღვანელოს შექმნის, რეცენზირების, შინაარსობრივი დახვეწა-გაუმჯობესების ვადები:

1. კონცეფციის წარმოსადგენად გამოცხადებიდან 1 თვე (1-ლი ნოემბრის ჩათვლით);

2. განაცხადების წარმოდგენა 17-21 თებერვალი (წერისთვის აქვთ 4.5 თვეზე მეტი);

3. ძირითადი რეცენზირება  (შინაარსობრივი) განხორციელდება 2 თვის მანძილზე (მარტი-აპრილი);

4. ავტორებისა და რეცენზენტების ერთობლივი მუშაობა სახელმძღვანელოს დახვეწა-გაუმჯობესების მიზნით გაგრძელდება 1 თვე (მაისი);

5. ტექნიკური რეცენზირებისას ხარვეზის გამოსწორების საშუალება ექნებათ 2 კვირის მანძილზე (თუ ვერ გამოასწორებს ამ ვადაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავარდება ტექნიკურის მხრივ);

6. გრიფის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადაა 19 ივნისი;

7. სკოლების მიერ სახელმძღვანელოების შერჩევა განხორციელდება 22 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით.

8. 2019 წელს გრიფირება შეეხება შემდეგ სახელმძღვანელოებს:

  • VIII კლასის ყველა სახელმძღვანელო (სულ 17 საგანი);
  • დაწყებითი საფეხურისა და VII კლასის ზოგიერთ სახელმძღვანელო: დაწყებითი, VI-VI კლასები – ქართული, როგორც მეორე ენა და ფრანგული ენა; VII კლასი – ფიზიკური აღზრდა და სპორტი, ფრანგული ენა, რუსული ენა.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური