GE

სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების შესახებ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა – რა დარღვევები იკვეთება ინსპექტირების სამსახურის დასკვნით

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების შესახებ მომზადებული განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის დასკვნის საფუძველზე თბილისის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ამას მოწმობს EDU.ARIS.GE-სთვის პროკურატურიდან მიღებული საპასუხო წერილი, რომელშიც ვკითხულობთ:

„თქვენი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83 მუხლის თანახმად, მხოლოდ მხარეა უფლებამოსილი, მიიღოს ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ წარმოადგენთ მხარეს, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, მოგაწოდოთ ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით“, – თბილისის პროკურორის საპასუხო წერილში.

მას შემდეგ, რაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ,  თავად მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და ყველა დაინტერესებულმა მხარემ აღიარა, რომ 2017-2018 წელს განხორციელებული დაწყებითი საფეხურის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი „ხარვეზიანი“ იყო, უწყების ინსპექტირების სამსახურმა მრავალთვიანი ინსპექტირება ჩაატარა და 66-გვერდიანი დასკვნაც დადო. ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების პროცესის შესწავლა მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის ზეპირი დავალების საფუძველზე განხორციელდა.

EDU.ARIS.GE-მ დასკვნის მოპოვება შეძლო. დოკუმენტი პირდაპირ ბრალს არავის სდებს, არც მისი რეკომენდაციებია ხისტი და მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ მასში მოცემული დარღვევების მცირედი ჩამონათვალიც კი სიტყვა „ხარვეზიანს“ ყველაზე მსუბუქ შეფასებად წარმოაჩენს, ინსპექტირების სამსახური მხოლოდ „მიზანშეწონილად მიიჩნევს“ დასკვნის სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემას და ღია ტექსტით არ მოითხოვს გამოძიების წარმართვას.

„ინსპექტირების სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია: ვინაიდან ინსპექტირების სამსახურის დასკვნაში მითითებული ინფორმაცია შესაძლოა, შეიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, დასკვნა შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცეს სამართალდამცავ ორგანოს“, – ვკითხულობთ დოკუმენტის დასკვნით ნაწილში. თუმცა როგორც აღმოჩნდა, პროკურატურამ ჩათვალა, რომ გამოძიება მათ დონეზეც იყო დასაწყები. თბილისის პროკურატურა არ გვპასუხობს რა ღონისძიებებია გატარებული ძიების ფარგლებში, ვინ არიან გამოკითხული პირები და როდის დასრულდება მუშაობა, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, საქმეზე უკვე გამოკითხული არიან სხვადასხვა პირები. არის თუ არა მათ შორის განათლების მინისტრის მაშინდელი მოადგილე თეიმურაზ მურღულია ოფიციალურად არ დასტურდება, დასკვნის მეორე გვერდზე კი ვკითხულობთ მურღულიას უფლებამოსილების შესახებ ჩანაწერს:

„გრიფის მინიჭების, ან გრიფის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. თავის მხრივ, მინისტრის მოადგილეს, თეიმურაზ მურღულიას, მინიჭებული აქვს გრიფის მინიჭების ან გრიფის მინიჭებაზე უარის თქმისა და გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან/სერიებიდან სკოლის მიერ სასწავლო პროცესისათვის კონკრეტული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის არჩევის ვადის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე ხელის მოწერის უფლებამოსილება“.

დოკუმენტის თანახმად გრიფირების პროცესის შესწავლისას გამოიკვეთა დარღვევები, კანონთან ან სხვადასხვა წესთან თუ კოდექსთან შეუთავსებლობა. კერძოდ:

  • დაირღვა გრიფის მინიჭების გადაწყვეტილების ვადები.
  • დადგინდა შეუსაბამობები სახელმძღვანელოების შინაარსობრივი რეცენზირების პროცესში და ტექნიკური რეცენზირების ეტაპზე.
  • დადგენილია დარღვევები მოსაზრებების განმხილველი დროებითი კომისიის მუშაობის პროცესში და გრიფირების კომისიის მუშაობისა და გადაწყვეტილების კუთხით.
  • დაირღვა ანონიმურობის პრინციპი.
  • არის შეუსაბამობები სახელმძღვანელოების სკოლებისათვის წარდგენის ნაწილში. სახელმძღვანელოების სერიის მაკეტზე წარდგენილი ფასდაკლებების გასაჯაროების კუთხით და ასევე, სახელმძღვანელოთა რანგირების პროცესში.
  • დაირღვა თანასწორობის, კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპი.

ეს არ არის დარღვევებისა თუ გრიფირების წესთან ან სხვა კანონებთან შეუთავსებლობის დეტალური ჩამონათვალი, თუმცა დასკვნაში აღწერილი და განმარტებულია ყველა შეუსაბამობა, მათ შორის:

–„გრიფის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადამ რამდენჯერმე გადაიწია და გახანგრძლივდა… მიუხედავად ამისა, გრიფირების პროცესის დადგენილ ვადებში დასრულება მაინც ვერ მოხერხდა. რითიც მინისტრის ბრძანებით დადგენილი გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადები (არაუგვიანეს 2018 წლის 25 ივნისი) უგულებელყოფილ იქნა. მინისტრის მიერ დადგენილი ვადების ასეთი ხშირი ცვლილება მისი გახანგრძლივების მიზნით და ის ფაქტი, რომ დადგენილ ვადაში გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მაინც ვერ იქნა მიღებული, მიუთითებს, როგორც ვადის არასწორად განსაზღვრაზე, ასევე თავად პროცესის არასწორ და არაეფექტურ დაგეგმვაზე, ორგანიზებასა და განხორციელებაზე, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად ახასიათებს გრიფირების პროცესს. აღნიშნულზე მიუთითებს ასევე ის ფაქტი, რომ გრიფის მინიჭების შესახებ ბოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სასწავლო წლის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, რითაც საფრთხე შეექმნა სკოლის მოსწავლეების სახელმძღვანელოებით დროულად უზრუნველყოფას“.

როგორც დასკვნა ამბობს, სახელმძღვანელოების შინაარსობრივი რეცენზირების ეტაპი შეუსაბამოდ წარიმართა. იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი სახელმძღვანელო არ აკმაყოფილებდა დადგენილ კრიტერიუმებს და იწერებოდა რომ აკმაყოფილებდა და პირიქით, ზოგიერთი სახელმძღვანელო სრულად აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს, თუმცა საპირისპიროს იღებდა. იყო შემთხვევები, როდესაც ნაცვლად სამი რეცენზენტისა სახელმძღვანელოს შეფასება მოახდინა 2–მა რეცენზენტმა. „რეცენზენტები, რომლებსაც გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული აქვთ, რომ სახელმძღვანელოარ აკმაყოფილებდა რომელიმე მოთხოვნას, თუმცა უკვე დაბეჭდილი მაკეტი აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას.“

დასკვნაში წერია, რომ მოსაზრებების განმხილველმა დროებითმა კომისიამ მოსაზრებების განხილვის ვადებთან მიმართებაში არ შეასრულა საკუთარი უფლებამოსილება. „კომისიას უნდა განეხილა მოსაზრებები და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილებები, რაც არ განხორციელებულა. კომისიამ განიხილა ისეთი საკითხი, რომლის განხილვის უფლებამოსილებაც არ ჰქონდა. „მოსაზრებების განმხილველი დროებითი კომისია ვალდებული იყო მოსაზრებების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განეხილა მოსაზრებები და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც არ განხორციელებულა“… „მოსაზრებების განმხილველი კომისია გასცდა უფლებამოსილებების ფარგლებს. ასევე, კომისიის მიერ კონკრეტულ მაკეტებთან დაკავშირებით, საქმის გარემოებების იგივეობის მიუხედავად, მიღებულ იქნა განსხვავებული გადაწყვეტილებები, დაირღვა თანასწორობის, კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპი“.

დასკვნაში ცალკე ქვეთავი ეთმობა გრიფირების კომისიას, სადაც ასევე საუბარია რიგ შეუსაბამობებსა თუ დარღვევებზე.

გრიფირების კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას გრიფის მინიჭების ან უარის თქმის შესახებ კონკრეტული მაკეტისთვის, დასკვნის თანახმად, დარღვევებით დაკომპლექტდა. ასევე, „გამოჩნდა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება, რაც არღვევს საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს და ასევე, არ შეესაბამება გრიფირების შესახებ წესს“.

–მაგალითად, რამდენიმე სახელმძღვანელოს სერიის მაკეტი აკმაყოფილებდა გრიფის მინიჭების ყველა საფუძველს და პირობას, მაგრამ გრიფირების კომისიამ არ გაუწია რეკომენდაცია გრიფის მინიჭებაზე და მინისტრის მოადგილის ბრძანებით (საუბარია თეიმურაზ მურღულიაზე), მათ უარი ეთქვათ გრიფის მინიჭებაზე. ასევე, დასკვნით ირკვევა, რომ სახელმძღვანელოების ნაწილზე კომისიამ გასცა გრიფის მინიჭების შესახებ რეკომენდაცია, მაგრამ „მინისტრის მოადგილის აქტით მიღებული იყო გადაწყვეტილება ამ სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებაა მიღებული მათ მიმართ გრიფირების კომისიის მიერ“.

–დასკვნა ამბობს, რომ სახელმძღვანელოების ზოგიერთ მაკეტებს მიენიჭათ გრიფი ისე, რომ კომისიას არ ჰქონდა ცალსახა გადაწყვეტილება მიღებული – მინიჭების, ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. როგორც აღნიშნულია, ეს მოხდა იმგვარად, რომ „არსად არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, მოხდა თუ არა სახელმძღვანელოში იმ ხარვეზის გამოსწორება, რაც შესაძლებლობას იძლეოდა გრიფის მინიჭებაზე რეკომენდაციის მისაცემად“.

EDU.ARIS.GE კვლავაც დააკვირდება მოვლენათა განვითარებას და დამატებით ინფორმაციას აუცილებლად გამოაქვეყნებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური