GE

სასკოლო სტარატაპ მარათონი დასრულდა – გამარჯვებული გუნდები, პრიზები და მოსწავლეების მომავლის ბიზნესგეგმები

ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებული პირველი მასშტაბური სასკოლო სტარტაპ მარათონი დასრულდა. რჩეულმა გუნდებმა საჩუქრად სოლიდური პრიზები, თავიანთი ბიზნესპროექტების განხორციელებისთვის საჭირო მხარდაჭერა და რაც ყველაზე მთავარია, საკუთარი თავის რწმენა, სტიმული და უდიდესი გამოცდილება მიიღეს.

სასკოლო მარათონი მარტში დაიწყო და 27 აპრილს, ფინალური ღონისძიებით დასრულდა. მისი მიზანი სკოლის მოსწავლეებში (მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით) სამეწარმეო უნარების განვითარება, მათი იდეების ხელშეწყობა და ანტრეპრენერობის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. პროექტი 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას 128 გუნდი იღებდა, მათ შორის აქტიურად იყვნენ ჩართულნი რეგიონებიდანაც. საბოლოო ეტაპზე, ფინალისთვის 13 გუნდი გამოვლინდა, რომელთა წარმომადგენლებიც საკმაოდ საინტერესო და ინოვაციური იდეებით ჟიურის წინაშე 27 აპრილს წარსდგნენ. სწორედ ამ დღეს გამოვლინდნენ რჩეულებიც, რომელთა პრიზების ჩამონათვალიც საკმაოდ მრავალფეროვანია: სასწავლო გრანტი ალტე უნივერსიტეტისგან, 5000-ლარიანი ჯილდო თიბისი-სგან, ტექნოპარკის ფაბლაბში პროტოტიპების დამზადებაში მხარდაჭერა GITA-სგან, მედია მხარდაჭერა Entrepreneur Georgia-ს ელექტრონულ პორტალზე, ალტე უნივერსიტეტის Start-up გარაჟის მეშვეობით ბიზნეს იდეის განვითარების ხელშეწყობა და პრიზი ისრაელის საელჩოსგან.

„ჩვენ გვსურს სკოლები უფრო აქტიურად ჩავრთოთ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში და აქტიური სკოლების ბაზაზე შევქმანთ სტარტაპ კლუბები. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც პროექტის მონაწილე გუნდებმა მიიღეს არის ცოდნა და შესაძლებლობა, ჩამოაყალიბონ ბიზნეს ხედვა საკუთარი იდეის გარშემო, იმუშაონ ინოვაციურ ბიზნეს მოდელზე და საბოლოო ჯამში, სრულიად მზად იყვნენ ნებისმიერი დაინტერესებული ინვესტორის წინაშე იდეის წარსადგენად“, – აღნიშნავს ალტე უნივერსიტეტის სტარტაპ გარაჟის ხელმძღვანელი თეონა დალაქიშვილი.

EDU.ARIS.GE სამი გუნდის წარმომადგენელს ესაუბრა და მათი იდეისა თუ კონკურსში მიღებული შთაბეჭდილების შესახებ მეტი შეიტყო:

ყველაფერი რობოტიკის შესახებ – 175-ე სკოლის მოსწავლეთა სტარტაპი

RoboBook – ეს ინოვაციური გამოგონება თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს ეკუთვნის. არსენ სებისკვერაძე, დათო ნემსაძე, თათული ბეგიაშვილი, თაკო პაჭკორია და ქეთი ბრეგიაშვილი იდეის გარშემო ჯერ კიდევ ალტე უნივერსიტეტის მიერ სტარტაპ-მარათონის გამოცხადებამდე გაერთიანდნენ და საინტერესო იდეა პროექტადაც მალევე აქციეს.

რობობუქი ინტერაქტიული წიგნია, რომელიც რობოტიკის შესასწავლად ინოვაციურ გზას წარმოადგენს. მასში სასწავლო კურსთან ერთად, თავმოყრილია პრაქტიკული სავარჯიშოები, რაც სწავლისა და შემეცნების პროცესს კიდევ უფრო პროდუქტიულსა და ნაყოფიერს ხდის. სასწავლო კურსის გავლის შემდგომ, მიღებული ცოდნისა და წიგნში არსებული დეტალების საშუალებით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სმარტ სათამაშო დამოუკიდებლად ააწყოს. რობობუქი, ძირითადად, 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა გამოცდილებამ აჩვენა, რომ დაინტერესება თანაბრად მაღალია ყველა ასაკის ადამიანთა შორის. რობობუქის მთავარი მიზანი კი, გუნდის წევრების განმარტებით, მოზარდებში STEM უნარების განვითარების ხელშეწყობაა.

„ტექნოლოგიების შემქმნელი ქვეყნები ეკონომიკურად და განვითარების დონით ყველაზე მაღალ საფეხურზე არიან. დღესდღეობით საქართველოში ამ სფეროს განვითარებისთვის მართალია იდგმება ძირეული ნაბიჯები, თუმცა მაინც მხოლოდ ტექნოლოგიების მომხმარებელ და არა მწარმოებელ ქვეყნად რჩება. ჩვენი სტარტაპის მიზანია შევქმნათ ისეთი სასწავლო რესურსი, რომელიც ახალგაზრდებს ამ მიმართულებით განვითარებაში დაეხმარება. სამწუხაროდ, საქართველოში ყველა ბავშვს არ აქვს შესაძლებლობა ტექნოლოგიები შეისწავლოს. რობობუქის საშუალებით კი ისინი რობოტიკას სასწავლო კურსისა და პრაქტიკის მეშვეობით შეისწავლიან“, – ასე პასუხობს გუნდის ერთ-ერთი წევრი, არსენ სებისკვერაძე ჩვენს კითხვას იმის შესახებ, თუ საიდან გაჩნდა იდეა.

სტარტაპ-მარათონში მიღებულ გამოცდილებას არსენი უნიკალურს უწოდებს და დასძენს, რომ მაღალი კონკურენციისა და წარსულში განცდილი იმედგაცრუებების გამო, გუნდს გამარჯვების იმედი არ ჰქონდა, თუმცა, მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა. ამან საკუთარი თავის რწმენა შესძინათ და სამომავლო გამოწვევებისთვის სტიმული მისცათ.

„ალტე უნივერსიტეტის ამ პროექტმა დაგვანახა თუ რა გვინდა ვაკეთოთ მომავალში. უკეთესად გავეცანით სტარტაპ სფეროს და საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს საიმისოდ, რომ შემდგომი ნაბიჯები თამამად გადავდგათ. რაც შეეხება ჯილდოებს, თიბისი-სგან ჯილდოდ 5 000 ლარი მივიღეთ, რაც სტარტაპის განვითარებას უნდა მოვახმაროთ. ასევე, რაც განსაკუთრებით გვიხარია, გუნდის ყველა წევრს ალტე უნივერსიტეტი სრულად დაუფინანსებს სწავლას. გასაოცარი ამბავი იყო ისიც, რომ არამხოლოდ ჩვენ, არამედ ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტის ინიციატივით, თითოეული მონაწილე დაჯილდოვდა სასწავლო გრანტით, რაც საკმაოდ დიდი მოტივაციაა ყველასთვის. საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს (GITA) რჩეული გუნდიც გავხდით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პროექტის მხარდასაჭერად მუდამ მზად იქნებიან. სულ მალე დავიწყებთ ამ პრიზების ათვისებას და ჩვენი პროექტის განხორციელებას. გვინდა, რომ გაყიდვაშიც მალევე ჩავუშვათ ჩვენი რობობუქები“, – ამბობს არსენი.

HeadStart – დასაქმების საძიებო პლატფორმა ახალგაზრდებისთვის

მე-11 კლასელი ანა რაზმაძე და მისი გუნდი (თეო ურუშაძე, ნია ღუჭაშვილი, ლუკა კვიციანი, ნიკა სოფრომაძე, დიანა ბეჭვაია და დაჩი გოგოლიშვილი) თბილისის 72-ე საჯარო სკოლას წარმოადგენენ. კლასელებმა იდეებზე ფიქრი კონკურსამდე გაცილებით ადრე დაიწყეს. ცდილობდნენ პროექტი, რომელსაც შექმნიდნენ, მათი თანატოლების ინტერესებსა და საჭიროებებზე ყოფილიყო მორგებული. ანა გვიყვება, რომ მათთვის, ამ ეტაპისთვის, ყველაზე პრობლემური დასაქმებაა. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტეს შეექმნათ ისეთი პლატფორმა, რომელიც ერთის მხრივ, დასაქმების მსურველ ახალგაზრდებს გაუმარტივებდა სამუშაოს მოძიებას, მეორეს მხრივ კი კომპანიებს, რომელთათვისაც ახალგაზრდა კადრია პრიორიტეტული, მათ პოვნაში დაეხმარებოდა. ასე დაიბადა HeadStart.

მარტივად რომ ავხსნათ, HeadStart ესაა ვებ-პლატფორმა, რომელიც განკუთვნილი და მორგებულია ახალგაზრდა სამუშაოს მაძიებელთა მოთხოვნილებებზე. საიტზე ახალგაზრდებს დახვდებათ რელევანტური ვაკანსიები, რომლებიც მათ ინტერესებს დააკმაყოფილებს და კარიერული განვითარების საშუალებას მისცემს.

„ამ ასაკში, გამოცდილების ნაკლებობის გამო, ჩემთვის საინტერესო სამუშაო პოზიციებზე მუშაობის დაწყება საკმაოდ რთულია. არ არსებობს ჩვენთვის განკუთვნილი სამუშაოს ძიების საიტი, რომელიც ახალგაზრდებს მათთვის საინტერესო ვაკანსიებს შესთავაზებს. არსებული ვებ-გვერდები უფრო გამოცდილ და მაღალი ასაკის კადრებზეა გათვლილი. სწორედ ამიტომ შეიქმნა HeadStart. ჩვენ მოტივირებულები ვართ, რომ ჩვენს თანატოლებს კომფორტული გარემო შევუქმნათ, რათა თავიანთ უნარ-ჩვევებზე დაყრდნობით სასურველი სამუშაო იპოვონ“, – განმარტავს ანა.

ამ იდეით HeadStart ალტე უნივერსიტეტის რჩეული გუნდი გახდა და შვიდივე წევრმა საჩუქრად სწავლის დაფინანსებასთან ერთად უნივერსიტეტისგან იდეის განსავითარებლად მხარდაჭერაც მოიპოვა. გარდა ამისა, დაგეგმილია გუნდის შეხვედრა უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, რომელმაც მოსწავლეებს, პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერა პირადად აღუთქვა.

„ამ პროექტმა იმხელა გამოცდილება მოგვცა, რომ ეტაპები, რომლებიც გავიარეთ, ფასდაუდებელია. საკუთარი ძალებით და მენტორების მხარდაჭერით, თეორიული ცოდნის გარდა, ყველა საჭირო პრაქტიკული უნარიც შევიძინეთ. ამ პროექტმა კი ზუსტად გადამაწყვეტინა რა მიმართულებით მსურს სწავლის გაგრძელება. ჩვენი გუნდის სხვა წევრებიც იმავეს ფიქრობენ“, – დასძენს ანა.

ქვევრი – ბიზნესპროექტი გურჯაანიდან

გუნდი „ქვევრი“ გურჯაანელი მოსწავლეებისგან შედგება. სოფელ ახაშენის მე-11 კლასელ თიკა მაწიაშვილსა და ალექსანდრე გოდელაშვილს იდეა სპონტანურად გაუჩნდათ. იდეის წყარო კი მათ სოფელსა და ზოგადად, რაიონში არსებული საჭიროებები გახდა, რაც ვენახის მოვლის რთულ, შრომატევად და დროში გაწერილ სამუშაოებს უკავშირდება. განხორციელების შემდეგ, პროექტი ნამდვილი შვება იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კახეთის რეგიონში არ ცხოვრობენ, თუმცა ვენახისა და ნაკვეთების მიტოვება არ სურთ და მათი შორიდან მოვლა ურთულდებათ.

როგორც თიკა EDU.ARIS.GE-ს ეუბნება, რთულია იპოვო მუშახელი და დააორგანიზო სამუშაოს თითოეული ეტაპი შორიდან. ამავდროულად კი, ადგილზე მუდმივად არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან ვენახის მოვლა და ამა თუ იმ პროცედურის ჩატარება საკუთარ თავზე აიღონ, თუმცა ეს ორი მხარე ერთმანეთს, ხშირ შემთხვევაში, ვერ პოულობს. სწორედ მათი დამაკავშირებელი ჯაჭვის როლი ითავეს თიკამ და სანდრომ თავიანთი პროექტით, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

„შევქმენით ვებ-გვერდი, სადაც ადამიანებს შეეძლებათ, კახეთის მასშტაბით, დაიქირაონ მუშახელი, როგორც ერთჯერადი სამუშაოსთვის, ისე ხანგრძლივი მოვლა-პატრონობისთვის. ანუ, ადამიანი ჩაგვაბარებს მიწას და ჩვენ მას მთელი წლის განმავლობაში მოვუვლით. ის ირჩევს სამუშაოებს, რომლებიც სურს რომ ვენახს ჩაუტარდეს და ჩვენ ვუგზავნით სრული თანხის კალკულაციას. შესრულებულ სამუშაოს კი, ეტაპობრივად, ფოტო და ვიდეომასალის სახით გავუგზავნით. ჩვენი მიზანია დამკვეთები დავარწმუნოთ, რომ მათი მიწა საიმედო ხელშია და საკუთარივით მოვუვლით. მართალია მე და ალექსანდრე ამ საქმეში დამწყებები ვართ, მაგრამ გვერდით გვიდგანან უფრო გამოცდილი ადამიანები, ჩვენი ოჯახების სახით“, – ამბობს თიკა.

თიკა და მისი პარტნიორი დარწმუნებულები არიან, რომ პროექტს დიდი მომავალი აქვს, ვინაიდან მსგავსი საჭიროება კახეთის რეგიონში ბევრს აქვს.

„კონკურსში გვასწავლეს ყველაფერი, რაც ჩვენი იდეის დასახვეწად გვჭირდებოდა. ასეთი მაღალპროფესიონალური მხარდაჭერა და პერსონალი იშვიათია. მართლა ბედნიერები ვართ, რომ მსგავსი კარგი პროექტის მონაწილეები გავხდით და ამ შედეგამდე მივედით. ჯილდოდ, თიბისი ბანკისგან და ალტე უნივერსიტეტისგან საჩუქრები მივიღეთ. თუმცა, ის რაც ყველაზე მეტად მახარებს არის სწავლის დაფინანსება ალტე უნივერსიტეტისგან. ჩემი სასურველი უნივერსიტეტების სიაში, ერთ-ერთ პირველ ადგილს, სწორედ ალტე უნივერსიტეტი იკავებს“, – დასძენს სტარტაპ მარათონის გურჯაანელი მონაწილე.

სასკოლო სტარტაპ მარათონი ალტე უნივერსიტეტის ინიციატივით, თიბისის სტარტაპერის, თიბისი ახალი თაობისთვის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერია ”Entrepreneur Georgia” და ონლაინ გამოცემა „ახალი განათლება“. პროექტის აქტიური მხარდამჭერია ისრაელის საელჩო საქართველოში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური