GE

„სასწავლებელში ყველა პირობაა შექმნილი მაღალი დონის, ევროპული განათლების მისაღებად“ – ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერი

“ეს არის ადგილი, სადაც მაღალი დონის სამოქალაქო და სამხედრო განათლების მიღება ერთ სივრცეშია შესაძლებელი” – ასე შეაფასა ჩვენმა რესპონდენტმა, გიორგი ლომიძემ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია.

20 წლის გიორგი ლომიძე ქალაქ ახმეტაში დაიბადა და გაიზარდა. ამბობს, რომ სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და მისი წარმატება აქ არ დამთავრებულა. ახლა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სწავლობს და იუნკერ-ასეულის მეთაურია. უკვე მეოთხე კურსის სტუდენტია და სულ მალე ოფიცერი გახდება.

გიორგის ჯარისკაცობა პატარა ასაკიდან უნდოდა და ეთა-ში სწავლის გადაწყვეტილებაც ამის გამო მიიღო. გარდა ამისა, საკუთარ გადაწყვეტილებას საქართველოს ისტორიის სიყვარულსა და ოჯახის გავლენასაც უკავშირებს.

,,ჩემს სახლთან ახლოს იყო ერთ-ერთი ქვედანაყოფი და მახსოვს, ბავშვობაში იქ მამას მივყავდი და მათთან ერთად ვარჯიშობდი. დედა ისტორიის მასწავლებელია და ის სულ საქართველოს ისტორიაზე მიყვებოდა, რამაც ჩემში პატრიოტიზმი გააღვივა. სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა ეროვნული თავდაცვის აკადემიაშია სწავლის გაგრძელების სურვილი“,- აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გიორგი ლომიძემ.

გიორგი ლომიძე თავდაცვის აკადემიაში გატარებულ წლებსა და იქ არსებულ მდგომარეობაზე EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტს დაწვრილებით ესაუბრა. იგი აღფრთოვანებას ვერ მალავს და ეთა-ში გატარებული თითოეული დღით კმაყოფილია. ამბობს, რომ ეს არის ის განათლების ერთადერთი კერა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ერთგული და ღირსეული სამსახურისთვის უმაღლესი აკადემიური და სამხედრო განათლების, მაღალი ეთიკის, მტკიცე მორალისა და ლიდერის თვისებების მქონე ოფიცრების მომზადებას.

,,მე ვამაყობ, რომ აკადემიის სტუდენტი ვარ, რადგან პატრიოტ ადამიანად ჩამოვყალიბდი. ახლა ცხოვრების გაგრძელება აღარ მეშინია, რადგან ძალიან დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს მიღებული. მე უკვე ვიცი, როგორ გამოვადგე ჩემს ქვეყანას“, – გვითხრა გიორგიმ.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერს კითხვები დღის რეჟიმთან დაკავშირებით დავუსვით. გიორგიმ გვითხრა, რომ ეს კურსების მიხედვით განსხვავებულია, თუმცა ძალიან საინტერესო. მისი თქმით, დილა ვარჯიშით იწყება, რომელსაც საუზმე მოსდევს და ლექციებით გრძელდება. საღამოს კი თავისუფალ დროს სხვადასხვა აქტივობით კავდება. ყველაზე მეტად საკუთარ პროფესიაში ის მოსწონს, რომ უანგაროდ ჩადგება ქვეყნის სამსახურში.

,,დილით შვიდ საათზე ვდგები, ვახსენებ პასუხისმგებელ პირს, რომ გააღვიძოს პირადი შემადგენლობა, დაიცვან ჰიგიენა და მოემზადონ საუზმისთვის. ვინმეს რამე თუ აწუხებს დილიდანვე ვზრუნავთ ამ პრობლემის აღმოფხვრაზე. შემდეგ უკვე 9 საათზე მივდივართ ლექციებზე. ძირითადად გვაქვს 5 ან 4 ლექცია. ვსწავლობთ, უცხო ენას, ვიღებთ სამხედრო და სამოქალაქო განათლებას სხვადასხვა დარგში. მე პირადად ,,თავდაცვა და უსაფრთხოებას“ ვსწავლობ, მაგრამ გვაქვს ასევე მენეჯმენტისა და აიტის სპეციალობები“, – აღნიშნა იუნკერმა.

ეთა-ს სტუდენტი სწავლის ხარისხზე, ლექტორ-მასწავლებლების პროფესიონალიზმსა და სტუდენტურ ცხოვრებაზეც გვიყვება. ამბობს, რომ ისინი ჩართულები არიან სხვადასხვა სპორტულ და ინტელექტუალურ თამაშებში. ჰყავთ ბენდი და თეატრალური დასი.

,,მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აკადემიაში არის უმაღლესი დონე სწავლის მხრივ, რადგან აქ საკუთარი საქმის პროფესიონალი ადამიანები გვასწავლიან. მათ კარგად იციან სტუდენტებთან მიდგომები და არც ერთ ჩვენგანს არ ტოვებენ უყურადღებოდ. მათი წყალობით გავიზარდე და ახლა უკვე შემიძლია მივიღო გადაწყვეტილებები ისე, რომ ყველასთვის სასარგებლო იყოს. გვასწავლეს კრიტიკული მდგომარეობიდან, როგორ ვიპოვოთ გამოსავალი.

ბევრი მიმართულება გვაქს, რაშიც შეიძლება სტუდენტი ჩაერთოს. ძირითადად სპორტი გვიყვარს. ვარ კალათბურთისა და ფრენბურთის გუნდებში. ვიღებთ ჩემპიონატებში მონაწილეობას და არაერთი წარმატებაც გვაქვს მოპოვებული. გვყავს ინტელექტუალური თამაშის “რა? სად? როდის?” გუნდი. გვაქვს ძიუდოს, თავისუფალი ჭიდაობის, რაგბის, კრივის, ფეხბურთის, და ცურვის წრეები. გამოცდილი ინსტრუქტორები გვავარჯიშებენ, რაც კიდევ უფრო დიდი მოტივაციაა ჩვენთვის“, – თქვა გიორგიმ.

იუნკერს ასევე მოსწონს აკადემიაში არსებული ინფრასტრუქტურა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და ახლად შემოტანილი საგანმანათლებლო პროგრამა „მექანიკის ინჟინერია“, რომელთა დახმარებითაც აკადემიაში ოპტიმალური საგანმანათლებლო გარემო იქმნება. სწორედ ამიტომ, ის ამბობს, რომ სასწავლებელში ყველა პირობაა შექმნილი მაღალი დონის, ევროპული განათლების მისაღებად.

გიორგი ლომიძე იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სამომავლოდ ეთა-ში სწავლას აპირებენ ურჩევს, რომ სწავლების რეჟიმს არ ჩამორჩნენ, რათა კარგ სამხედრო პირებად ჩამოყალიბდნენ.

ეროვნული თავდაცვის აკადემია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური