GE

„სასწავლო გეგმების გაუმჯობესება“ – რაზე ისაუბრა გაეროს განათლების ტრანსფორმაციის სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართულ განათლების გარდაქმნის მაღალი დონის სამიტის მონაწილე ლიდერებს სიტყვით მიმართა.

განათლების ტრანსფორმაციის სამიტი, გაეროის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გენერალური მდივნის ინიციატივით გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის გრძელვადიანი პოლიტიკა სამ ძირითად საყრდენს ეფუძნება და ესენია ხარისხი, თანასწორობა და კარგი მმართველობა. მან ისაუბრა სკოლების რეაბილიტაციის თემაზეც და თქვა, რომ 2030 წლისთვის, ყველა ქართული სკოლა სრულად იქნება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისი.

„საქართველოს მთავრობას მიაჩნია, რომ ინკლუზიური, თანაბარუფლებიანი და მაღალი ხარისხის განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და განათლება კიდევ უფრო მაღლა დავაყენეთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტების რიგში. მიგვაჩნია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს მივცეთ წვდომა სკოლამდელ, ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ განათლებაზე ყოველგვარი ბარიერების გარეშე… საქართველოს მთავრობამ იკისრა ვალდებულება განათლების სახელმწიფო დაფინანსება 2030 წლისთვის გაზარდოს მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-მდე. მთავრობა გეგმავს, კვლავ გააორმაგოს ძალისხმევა სასწავლო გეგმების გასაუმჯობესებლად, თანამედროვე და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე, მასწავლებლებისა და პედაგოგების პროფესიულ განვითარებაში ინვესტირებისთვის… პანდემიის პირველ დღეებში, საქართველომ განათლების სისტემას წარმატებით მისცა დისტანციური სწავლების რეჟიმში მუშაობის საშუალება. კრიზისმა გამოიწვია ინოვაციური გადაწყვეტილებების მატება. საქართველო მსოფლიოში პირველია მათ შორის, ვინც სასწავლო გეგმებზე დაფუძნებული სატელევიზიო პროგრამები დანერგა. პროგრამების პოპულარობა იზრდება და მთლიანად ემსახურება ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს. საქართველოს წარმატება დისტანციური სწავლების დანერგვაში აღიარებულ იქნა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ისაუბრა განათლების კუთხით იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებსა და საჭიროებებზეც.

„განათლების სფეროში არსებული გლობალური გამოწვევები კვლავ ხელმისაწვდომობასა და თანასწორობას უკავშირდება, რისგანაც საქართველო არ არის დაცული. უნდა ვეცადოთ ციფრული წყვეტის ამოვსებას და ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ცენტრიდან მოშორებულ რეგიონებში მდებარე სკოლებში, სოციალურად დაუცველ თემებში, შშმ პირებში, ეთნიკურ უმცირესობებში, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებში.

ჩვენმა ქვეყანამ, ისევე როგორც ბევრმა სხვამ, რომლის წარმომადგენლებსაც ამ დარბაზში ვხედავ, თავად იხილა იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების სირთულეები. ვიცით, რომ ამ თემების კომპლექსურ საჭიროებებს შორის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სტუდენტებისთვის ყოვლისმომცველი მხარდაჭერის მიწოდება გადამწყვეტია. საგანმანათლებლო სფეროში უწყვეტმა ძალისხმევამ შეიძლება უზრუნველყოს ნორმალურობის განცდა კრიზისის დროს და საერთაშორისო საზოგადოების წევრები იმ ინსტრუმენტებით აღჭურვოს, რომლებიც მათ წარმატების მისაღწევად დასჭირდებათ.

საქართველოში პრიორიტეტად მივიჩნევთ განათლების სისტემის მხარდაჭერას სტუდენტებისთვის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც მიმდინარე რუსულმა ოკუპაციამ ხელყო ყოველდღიური ცხოვრების ბევრი ასპექტი. გარდა ამისა, ქართულ სკოლებში წარმატებით ჩავრიცხეთ 1500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე, რომლებიც რუსული აგრესიის გამო იძულებული გახდნენ გამოქცეულიყვნენ. ამისათვის, სკოლებში ჩამოვაყალიბეთ ჩარიცხვის გამარტივებული პროცედურები და, კვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით, ზოგად განათლებას უკრაინულ ენაზე ვახორციელებთ სტანდარტული უკრაინული სასწავლო გეგმების მიხედვით. გარდა ამისა, უკრაინელ სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს განათლებას აგრძელებენ საქართველოში, უკვე შეუძლიათ ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხონ სასწავლებლებში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სამიტში გაეროს გენერალური ასამბლეის მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებმაც მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე განათლების ტრანსფორმაციის შესახებ საკუთარი ხედვა წარადგინეს.

ასევე იხილეთ:

დეპუტატი: განათლების მინისტრს დავუსვამ ამ კითხვებს, როცა პარლამენტში მოვა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური