GE

საუნივერსიტეტო სიახლეების ყოველკვირეული მიმოხილვა 10-17 მარტი

ალმა მატერის სტუდენტებს თბილისის მერიის „იურიდიულმა კლინიკამ – ჩემი ადვოკატი“ სერტიფიკატები გადასცა. GIPA-ში განსხვავებული ღია კარის დღე აბიტურიენტების დასაჩუქრებით დასრულდა. IBSU და კსუ აბიტურიენტებს 2017-2018 სასწავლო წლისთვის სწავლის საფასურზე შეღავათებს სთავაზობს. აწსუ-სა და საქართველოს შსს აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, – ამ და სხვა სიახლეებით იყო დატვირთული გასული კვირა ქართული უნივერისტეტებისთვის.

EDU.ARIS.GE გთავაზობთ 10-17 მარტს უნივერსიტეტებში მომხდარი ამბების დაიჯესტს.

ალმა მატერის სტუდენტებს თბილისის მერიის „იურიდიულმა კლინიკამ – ჩემი ადვოკატი“ სერტიფიკატები გადასცა.  გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მაგისტრანტები იურიდიულ კლინიკაში სამართლის პრაქტიკულ კურსს ოთხი თვის მანძილზე გადიოდნენ. ამ პერიოდში მათ საშუალება ჰქონდათ, ტრენერ-ადვოკატების ზედამხედველობით, სიღრმისეულად დაუფლებოდნენ პროფესიულ უნარ-ჩვევებს და ეწარმოებინათ მოქალაქეთა კონსულტაციები.

GIPA-ში განსხვავებული ღია კარის დღე აბიტურიენტების დასაჩუქრებით დასრულდა. ღია კარის დღის ღონისძიებაზე  “MADE IN GIPA” COLDPLAY-ს ბილეთები გათამაშდა. იღბლიანი აბიტურიენტები ლიზა ბაქრაძე და ანა ქიღლაძე არიან, ისინი ზაფხულში გერმანიაში გაემგზავრებიან.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 2017 წლის 9 მარტს  ჯილდო „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს გადაეცა. ჯილდო  IBSU-ს გადასცეს იმიტომ, რომ   აქტიურად უწყობს ხელს გენდერულ თანასწორობას და ქალების მონაწილეობას სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით საქმიანობაში. დასაქმებაში გათვალისწინებულია გენდერული ბალანსი და 30 აკადემიური თანამდებობა ქალს უკავია, ხუთი ფაკულტეტიდან ოთხს ქალი ხელმძღვანელობს.

„ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ კონკურსი წელს მეორედ განხორციელდა და მასში მონაწილეობა საქართველოში მოქმედმა 33-მა კომპანიამ მიიღო.

IBSU აბიტურიენტებს 2017-2018 სასწავლო წლისთვის სწავლის საფასურზე შეღავათებს სთავაზობს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის პროექტი ”ბიზნეს ანბანი” დაიწყო. გაცნობითი შეხვედრის შემდეგ სკოლის 50 მოსწავლე ჯგუფებში გადანაწილდა და პირველი ტრენინგი ჩაუტარდათ.

“ბიზნეს ანბანის” პროექტი 2014 წლიდან ფუნქციონირებს. დღემდე პროექტში 800-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, როგორც თბილისის, ისე რეგიონების მასშტაბით. ტრენინგი განკუთვნილია მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის, მიუხედავად მათ მიერ არჩეული სამომავლო პროფესიისა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერს ბაქოს „ოდლარ იურდუს“ უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა. ვახტანგ წივწივაძეს დიპლომი და სიმბოლური საჩუქრები უნივერსიტეტის რექტორმა ახმედ ვალიევმა გადასცა. „ოდლარ იურდუს“ უნივერსიტეტის რექტორს სიმბოლური საჩუქრები ვახტანგ წივწივაძემაც გადასცა.

ოქროსა და ვერცხლის მედლების მფლობელი აბიტურიენტები, რომლებიც რეგისტრაციისას უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალში პირველ ან მეორე ნომრად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს მონიშნავენ, ჩარიცხვის შემთხვევაში, შეღავათით ისარგებლებენ.

ოქროს მედალოსნების წლიური გადასახადი, 2500 ლარის ნაცვლად, 2000 ლარით განისაზღვრება; ვერცხლის მედალოსნების წლიური გადასახადი, 2500 ლარის ნაცვლად, 2250 ლარით განისაზღვრება. ოქროსა და ვერცხლის მფლობელი აბიტურიენტები, მედიცინის ფაკულტეტზე ჩარიცხვის შემთხვევაში, 2000 ლარად ისწავლიან.

GIPA-ს გუნდი საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესის ფინალურ შეჯიბრზე გაემგზავრება. Willem C. Vis-ის სახელობის, საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისათვის საერთაშორისო კომერციულ სამართალსა და კომერციულ არბიტრაჟში ცოდნის გაღრმავება. შეჯიბრი 1994 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში და აერთიანებს სტუდენტებს, წამყვან პრაქტიკოს და მეცნიერ იურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური დასაქმებისა და ინიციატივების მხარდაჭერის ცენტრის – SEIS-ის ორგანიზებით 11-12 მარტს სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგები: ეფექტური CV და გასაუბრების ტექნიკები და ეფეექტური პრეზენტაციის უნარები. ტრენინგს უძღვებოდა ტრენერი ლანა ლაგვილავა.

18-19 მარტს ტრენინგები ჩატარდება თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სიღნაღის სასწავლო კორპუსის სტუდენტებისთვის.

აწსუსა და საქართველოს შსს აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  ღონისძიებაზე ასევე აჩვენეს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში მომზადებული დოკუმენტური ფილმი, რომელიც ეძღვნება 1956 წლის 9 მარტის მოვლენების ოფიციალურ ქრონიკას, თვითმხილველთა მოგონებებს, საიდუმლო შიფრტელეგრამებს, 9 მარტის შემდგომ რეპრესიებს, სისხლის სამართლის საქმეს მე-11 კლასელი ლიდერების (ზ. გამსახურდია, მ. კოსტავა და სხვ.) მიმართ, დაჭრილებისა და გარდაცვლილების სიებს, უნიკალურ ფოტოდოკუმენტურ მასალას.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, გორის რეგიონალური ოფისის დამკვირვებელმა, მარჯაანა რაფმა 2017 წლის 9 მარტს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივესტიტეტში სტუდენტებისთვის გამართა პრეზენტაცია ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სადაც სტუმარმა ვრცლად ისაუბრა ქალთა თანასწორუფლებიანობასა და ადამიანის უფლებებზე.

თსუ-ში ელდარ შენგელაიას საღამო გაიმართა. საღამოს უძღვებოდა ცნობილი კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი.

“მე ვარ ბედნიერი. დღეს ამ ახალგაზრდებს რომ ვუყურე, დავრწმუნდი, ჩვენი მომავალი იქნება ლამაზი და კარგი. მივხვდი, რომ განათლებული ახალგაზრდობა გვყავს. ძალიან გახარებული ვარ ამ მნიშვნელოვანი საღამოთი, ყველას დიდი მადლობა“, – განაცხადა ელდარ შენგელაიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საღამოზე.

ინფორმაცია უნივერსიტეტების შესახებ

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური