GE

სახალხო დამცველი ბავშვთა სახლებს მოუწოდებს, ბენეფიციართა ტელევიზორზე, კომპიუტერსა და ინტერნეტზე თანაბარი წვდომა უზრუნველყონ

სახალხო დამცველმა ბავშვთა სახლებში მონიტორინგი ჩაატარა და შესწავლის შედეგები დღეს, 16 სექტემბერს გამოაქვეყნა.

მონიტორინგი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ გაეროს კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის ფარგლებში 2020 წელს ჩატარდა და მასში შეფასებულია ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დაცვის ხარისხი, მათ შორის, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ჭრილში.

ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას ანგარიშში საუბარია რიგ დარღვევებზე, მათ შორის საჭირო საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო სერვისების დეფიციტზე.

,,როგორც ინსტიტუციური აღზრდა, ინკლუზიური ზრუნვისა და საჭირო საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო სერვისების დეფიციტი განაპირობებს ინსტიტუციაზე დამოკიდებულების სინდრომის ჩამოყალიბებას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში არასათანადო ჩართულობას და ამცირებს დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობებს”, – ვკითხულობთ კვლევაში.

ანგარიშში კორონავირუსის გავლენაზეც არის საუბარი და ნათქვამია, რომ 2020 წლის განმავლობაში, კორონავირუსის გავრცელების გამო, შეიზღუდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები და აქტივობები, რამაც ნეგატიურად იმოქმედა ბენეფიციართა სოციალური აქტიურობის ხელშეწყობაზე, მათ ემოციურ მდგომარეობასა და მოტივაციაზე.

,,კოჯრის შშმ ბავშვთა სახლში შეინიშნება ტექნიკის (ტელევიზორი, კომპიუტერი) და განმავითარებელი რესურსების სიმწირე. ასევე, საერთო მოხმარების ოთახებსა და სააღმზრდელო ჯგუფებში არ არის შესაბამისი ინვენტარი და სათამაშოები. გამოვლინდა, რომ ბავშვები არ არიან ჩართულნი სხვადასხვა აქტივობაში, რაც მათ ემოციურ, ფიზიკურ, სოციალურ, ინტელექტუალურ და შემოქმედებით განვითარებაში დაეხმარებოდა. ფსიქოლოგის ან/და წრის ხელმძღვანელის მხრიდან შეთავაზებული აქტივობები არ არის სტრუქტურირებული და ბავშვთა განვითარებისათვის საკმარისი. საათობრივი დღის რეჟიმი და კვირის განრიგი გაწერილი არ არის.

კოჯრის შშმ ბავშვთა სახლისგან განსხვავებით, თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები ჩართულნი არიან სხვადასხვა სახის კულტურულ, გასართობ და სხვა ღონისძიებებში. მომსახურების ფიზიკური გარემო აღჭურვილია ბენეფიციართა ინტერესებისა და საჭიროებების შესაბამისი რესურსით. ასევე, თითოეულ ჯგუფში არის ტელევიზორი. ბავშვები სარგებლობენ სენსორული ოთახით. დღეში ერთხელ ან ორჯერ ისინი გაჰყავთ სუფთა ჰაერზე, აივანზე ან ეზოში.

დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ დაწესებულებები სრულყოფილად არ აკმაყოფილებენ ბენეფიციარების ინტერესებსა და საჭიროებებს. გარდა ამისა, მათთვის მიწოდებული სერვისი არ იძლევა განვითარების საშუალებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ბენეფიციარების სხვა მომსახურებაში გადაყვანამდე, არ ხდება მათი საჭიროებებისა და კონკრეტულ გარემოსთან მორგების საკითხის შესწავლა, არ არის დანერგილი ბენეფიციარის მიერ წინასწარ სასურველი სერვისის ადგილზე გაცნობის შესაძლებლობა“, – წერია ანგარიშში.

სახალხო დამცველი დაწესებულებებს რეკომენდაციებს აძლევს, სადაც ვკითხულობთ, რომ ბენეფიციარებისთვის მიწოდებული აქტივობები უნდა გაიწეროს საათობრივად, შემუშავდეს დღის და კვირის განრიგი, ისე, რომ ბენეფიციარები თანაბრად იღებდნენ დაწესებულებისგან შეთავაზებულ სერვისს. უზრუნველყონ ბენეფიციართა ტელევიზორზე, კომპიუტერსა და ინტერნეტზე თანაბარი წვდომა. გააძლიერონ დაწესებულებებში ჯასაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე და ბენეფიციართა მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა, მათ ფიზიკურ/სპორტულ აქტივობებში ჩასართავად.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური