GE

სახალხო დამცველის ანგარიშის გამო, 202-ე სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ თბილისის №202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის შესახებ მომზადებული ანგარიშის შემდეგ, აღნიშნული დაწესებულების დირექტორმა თანამდებობა დატოვა და პირველი ნოემბრიდან სკოლას ახალი დირექტორი ეყოლება, – ამის განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსმა ეკა დგებუაძემ განაცხადა.

დგებუაძის თქმით, სახალხო დამცველის ანგარიშს ნაწილობრივ ეთანხმება, თუმცა ასევე აცხადებს, რომ სკოლის ერთჯერადი, ორსაათიანი შემოწმება საკმარისი არ არის სრულყოფილი დასკვნის მოსამზადებლად.

დგებუაძის განცხადებით, კვების ნაწილში ანგარიშის შინაარსს არ ეთანხმებიან, რადგან სკოლაში მენიუ განახლდა და მოსწავლეები დაბალანსებულ კვებაზე გადავიდნენ, რასაც სამინისტრო პერიოდულად ამოწმებს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ეკა დგებუაძის ინფორმაციით, იგეგმება რეაბილიტაცია, რომელიც აისახება სკოლის რეაბილიტაციის გეგმაში, თუმცა ვადები უცნობია.

ეკა დგებუაძემ კომენტარი გააკეთა მოსწავლეების ფიზიკურ და ვიზუალურ კონტროლთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ გამოთქმულ შენიშვნაზე და განაცხადა, რომ ამ მხრივ შესაძლო დარღვევებს სამინისტრო თავად სწავლობს.

სახალხო დამცველის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, თბილისის უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის ინფრასტრუქტურა ვერ აკმაყოფილებს მისაწვდომობის მინიმალურ სტანდარტს და საფრთხის შემცველია მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოსწავლეების ფიზიკური კონტროლი ადმინისტრაციის ზოგიერთი წევრის მხრიდან უხეში ფორმებით ხორციელდება. ამასთან, კვება და სამედიცინო მომსახურება კი ვერ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად.

წყარო: 1tv

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური