GE

სახალხო დამცველის საყურადღებო მიგნებები სკოლებში სექსუალური განათლების პრობლემების შესახებ

„ადამიანის სექსუალობის შესახებ კომპლექსური განათლების ნაკლებობა საქართველოს ფორმალურ საგანმანათლებლო სივრცეში კრიტიკულ გამოწვევას წარმოადგენს პოლიტიკისა და თავად განათლების სისტემისთვის“, – ეს არის ნაწყვეტი სახალხო დამცველის ოფისის მიერ მომზადებული კვლევიდან, რომელიც რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის საკითხებს ეხება.

რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის და უფლებების საკითხებზე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით მომზადებული ეროვნული კვლევის შედეგები სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წარადგინა.

კვლევაში სხვადასხვა საკითხებთან ერთად სექსუალურ განათლებაზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ მიუხედავად სახელმწიფოს მიერ გადადგმული გარკვეული ნაბიჯებისა, პრობლემა მწვავეა.  დოკუმენტში საუბარია, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გარკვეულ პროგრამებსა და სახელმძღვანელოებში მოხდა აღნიშნული თემის ასახვა, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

„სამინისტროს ინფორმაციით, ჯანსაღი ცხოვრების წესის ინტეგრაციისათვის, ფორმალური განათლების სისტემაში ორი ძირითადი საგანი გადაიხედა: „ბიოლოგია“ და „სამოქალაქო განათლება“. მე-9 კლასში ასევე ისწავლება ნაადრევ ქორწინებასთან/ორსულობასთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური რისკები. სამინისტროს განმარტებით, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების სწავლება ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით უფრო მეტად აქცენტირებული გახდა. თუმცა, სასკოლო სივრცეში მხოლოდ რამდენიმე საკითხი – ნაადრევი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და სქესთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური ასპექტები ისწავლება, რაც ადამიანის სექსუალობის შესახებ კომპლექსური განათლების მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს.
რაც შეეხება გენდერული თანასწორობის პრინციპების ასახვას სასკოლო კურიკულუმებში, სამინისტროს განმარტებით, 2018-2019 სასწავლო წლიდანვე საქართველოს ყველა საჯარო სკოლის III და IV კლასებში დაიწყო საგნის „მე და საზოგადოება“ სწავლება, რომლის „სასწავლო გეგმაც ითვალისწინებს გენდერული თანასწორობის საკითხის აქცენტირებას სავალდებულო სასწავლო თემებში, რაც ამ საგნის გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოში გათვალისწინებულია“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ოფისის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

კვლევაში რამდენიმე მიგნებაა გამოყოფილი, რომელიც სკოლებში სექსუალური განათლების პრობლემებს ეხება:

დღეს არსებული მდგომარეობით, მიუხედავად ადამიანის სექსუალობის შესახებ კომპლექსური განათლების არსებობის საჭიროებისა, საქართველო არ ახდენს მის სრულ ინტეგრირებას ფორმალური სწავლების პროცესში და ახდენს მხოლოდ მასთან დაკავშირებული გარკვეული ასპექტების სპორადული ინკლუზიას სხვადასხვა საგნობრივ სტანდარტებში;

ადამიანის სექსუალობის შესახებ კომპლექსური განათლების გარკვეული კომპონენტების სწავლებას პოლიტიკის დონეზე ხელს უშლის მისი რაობის შესახებ გავრცელებული მცდარი მოსაზრებები, ასევე, ფორმალური თუ არაფორმალური ჯგუფების/ინსტიტუციების მიერ საზოგადოებაში შექმნილი მორალური პანიკა. ადამიანის სექსუალობის შესახებ კომპლექსურ განათლებასთან მიმართებით წინააღმდეგობის გაჩენა კავშირშია მშობელთა არასაკმარის ინფორმირებულობასთან და მათ ნაკლებ ჩართულობასთან სასკოლო ცხოვრებაში;

ადამიანის სექსუალობის შესახებ მოზარდების ცოდნა კვლავ არასაკმარისია, მოსწავლეები და მოზარდები არ ფლობენ სრულყოფილ ინფორმაციას მათ სხეულზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და სექსუალობაზე;

მასწავლებელთა დაბალი კომპეტენცია, სახელმძღვანელოების შინაარსობრივი შეზღუდულობა და არსებული სტანდარტის ფარგლებში განათლების მიწოდების 13 არაპერმანენტული ხასიათი, როგორც სწავლების პროცესში, ისე საკლასო განხილვების დროსაც წარმოშობს მნიშვნელოვან დაბრკოლებებს;

პედაგოგიკა, მასწავლებელთა მზაობა, ცოდნა და მგრძნობელობა სრულყოფილად და არამასტიგმატიზებლად მიაწოდონ ინფორმაცია მოსწავლეებს, კვლავ პრობლემად რჩება. ასევე, ხარვეზიანი და ხშირად ზედაპირულია მასწავლებელთა მხრიდან მიწოდებული ინფორმაციის შინაარსობრივი მხარე;

არსებული სტანდარტის ქვეშ, ბიოლოგიის საგნის ფარგლებში ადამიანის სექსუალობის შესახებ სწავლების ხარისხი ნაკლოვანია. კვლავ დამკვიდრებულია პრაქტიკა, როდესაც მასწავლებელი გამოტოვებს პროგრამულად გათვალისწინებულ სავალდებულო საათებს, როდესაც მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს აღნიშნული გაკვეთილები სახლში წაიკითხონ, და როდესაც მასწავლებელი ბიჭებსა და გოგონებს აღნიშნულ საკითხებზე ცალ-ცალკე ესაუბრება;

ადამიანის სექსუალობის შესახებ სწავლებაზე გავლენას ახდენს სტიგმა და მასთან ასოცირებული ტაბუები, ბიოლოგიის მასწავლებლების მხრიდან არსებობს უხერხულობის განცდა ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სქესობრივ აგებულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობისას;

მასწავლებლების მსგავსად, მოსწავლეები მოუმზადებლები ხვდებიან ადამიანის სექსუალობაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და სქესობრივ აგებულებაზე ინფორმაციას, რაც მათი მხრიდან უხერხულობის განცდით გამოიხატება;

ადამიანის სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხების სწავლება მოქმედი სტანდარტით შემუშავებული სახელმძღვანელოს შინაარსს მკაცრად ექვემდებარება, რაც შინაარსობრივად ზღუდავს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს და არ აძლევს მათ საკითხში ჩაღრმავების შესაძლებლობას;

არსებობს შეთანხმება ადამიანის სექსუალობის შესახებ კომპლექსური განათლების ფორმალურ საგანმანათლებლო სივრცეებში ინკლუზიის საჭიროებაზე. როგორც მასწავლებლები, ისე მოსწავლეები, ახალგაზრდები და ზრდასრულები ხაზგასმით აღნიშნავენ ამგვარი სწავლების აუცილებლობას სკოლებში და მის როლს მოზარდთა ცხოვრების ხარისხისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებაში- ნათქვამია დოკუმენტში.

სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ ანგარიშში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები ოფიციალური სტრუქტურების მიერ, კანონმდებლობის, რეგულაციების და პოლიტიკის შემუშავების პროცესში იქნება ასახული.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური