GE

სახალხო დამცველმა არაფორმალური განათლების მიღების პროცესში 6 წლის ბავშვის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა

სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვნის მიმართ არაფორმალური განათლების მიღების პროცესში დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა.

საქმე ეხება დაუნის სინდრომის მქონე 6 წლის ბავშვს, რომელიც მშობელმა ერთერთ სტუდიაში არაფორმალური განათლების მიღების მიზნით 2021 წლის მარტის თვეში მიიყვანა. ბავშვის ფსიქოლოგის შეფასებით, ხატვა, ძერწვა და მსგავსი აქტივობებით დატვირთვა ბავშვს ხელს შეუწყობდა, უკეთ გამოემუშავებინა სოციალური უნარ-ჩვევები.

დედამ გაარკვია, ჰყავდათ თუ არა გადამზადებული სპეციალისტები და შეძლებდნენ თუ არა მის 6 წლის შვილთან მუშაობას შპს „არტ თაიმ სტუდიაში“. სტუდიის წარმომადგენელმა დედას უთხრა, რომ ბავშვი მიეყვანა მათთან ერთი დღით, დააკვირდებოდნენ მუშაობის პროცესს და, თუ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, სამომავლოდაც გააგრძელებდნენ ბავშვთან მუშაობას.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, როცა დედამ იმავე დღის საღამოს წამოსაყვანად მიაკითხა ბავშვს, დაწესებულებაში განუმარტეს, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და სწავლების პროცესში არანაირი პრობლემა არ გამოვლენილა. იმავე საღამოს სტუდიის წარმომადგენელი დედას დაუკავშირდა და უთხრა, რომ თუ თანახმა იყო მათთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე, შეეძლო ბავშვი მეორე დღესვე მიეყვანა და მარტის თვის სწავლის საფასური. დედა დათანხმდა შეთავაზებას და ბავშვი კვლავ მიიყვანა სტუდიაში.

ბავშვის დაწესებულებაში დატოვებიდან ნახევარი საათის შემდგომ, დედას დაუკავშირდა სტუდიის ხელმძღვანელი და სტუდიაში სასწრაფოდ მისვლა და ბავშვის წაყვანა მოსთხოვა. იქ მისულს კი განუმარტეს, რომ ბავშვს ჰქონდა ქცევის პრობლემები, საკუთარი და სხვა ბავშვების მიმართ დამაზიანებელი ქცევები, რაც გამოიხატებოდა ხელსახოცისა და ფუნჯის პირში ჩადებაში, იატაკზე წოლასა და სხვა ბავშვებისათვის მეცადინეობაში ხელის შეშლაში, თუმცა, როგორც დედა ამბობს, ბავშვებისათვის მეცადინეობაში ხელშეშლა კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა, არ განუმარტავთ. სამაგიეროდ, თანხის გადახდის ვალდებულება განემარტა – 2 დღის სწავლის საფასური, 20 ლარი უნდა გადაეხადა.

როგორც სახალხო დამცველის აპარატი წერს, საქმისწარმოების პროცესში სახალხო დამცველს წარედგინა როგორც ბავშვთან მომუშავე სპეციალისტების, ასევე სხვა შემოქმედებითი დაწესებულების თანამშრომლის შეფასება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ბავშვისთვის არ არის დამახასიათებელი სხვების ან თვითდამაზიანებელი ქცევის გამოვლენა.

აღნიშნული ფაქტის შემდეგ, დედამ ბავშვი სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მიიყვანა, სადაც ბავშვი სრულიად ჩაერთო ინდივიდუალურ და ჯგუფურ აქტივობებში და არანაირ, მათ შორის არც ქცევითი ხასიათის, სირთულეებს ადგილი არ ჰქონია.

მხარეთა პოზიციებისა და სამართლებრივი სტანდარტების ანალიზის საფუძველზე, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ დაწესებულებას მომსახურებაზე უარის თქმისას არ განუხილავს, გონივრული მისადაგების პრინციპიდან გამომდინარე, შესაფერისი ალტერნატივებისა და სასწავლო პროცესის მოდიფიკაციის შესაძლებლობა, რაც შესაძლოა ყოფილიყო გარემოსთან ადაპტირების პროცესში მშობლის დახმარება – მშობელს მისცემოდა შესაძლებლობა მცირე ხნით, დაწესებულების თანამშრომლებთან ერთად დასწრებოდა საგაკვეთილო პროცესს და ბავშვს სხვადასხვა აქტივობებში ჩართვაში დახმარებოდა, ასევე ბავშვის ფსიქოლოგთან კონსულტაციის გავლა.

სახალხო დამცველი შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციაში წერს, რომ არაფორმალური განათლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ინკლუზიური განათლების პროცესში, რამდენადაც მისი მოქნილი და კონკრეტულ კონტექსტზე ორიენტირებული პირობებიდან გამომდინარე, უკეთ შეუძლია უპასუხოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებს. დაწესებულებები, რომლებიც იღებენ პასუხისმგებლობას უზრუნველყონ მოზარდებისთვის არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცეების შექმნა, ვალდებულნი არიან, სწორად ამოიცნონ ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მოთხოვნილება და შეთავაზებული მომსახურება მაქსიმალურად მიუსადაგონ მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს.

შედეგად, სახალხო დამცველი შპს „არტ თაიმ სტუდიის“ დირექტორს რეკომენდაციით მიმართა.

„მომავალში, საქმიანობის განხორციელებისას, გაითვალისწინოთ თქვენ მიერ შეთავაზებული მომსახურების მიმღებ პირთა განსხვავებული საჭიროებები და მომსახურება განახორციელოთ იმგვარად, რომ ყველა ბავშვისთვის უზრუნველყოფილი იყოს თქვენი მომსახურებით თანასწორად სარგებლობის შესაძლებლობა;

„უზრუნველყვეთ მასწავლებელთა პროფესიული ცოდნის ამაღლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ქცევის მართვის საკითხებთან დაკავშირებით“, – წერია რეკომენდაციაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური