GE

სახელმძღვანელოების საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებული შენიშვნების შესრულება სავალდებულო იქნება

ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების მაკეტების საჯარო განხილვის პროცესი დაიწყო. როგორც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ 14 აპრილს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, განხილვის პროცესი მიმდინარე წლის 1-ელ მაისს დასრულდება.

აღნიშნული საკითხით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირონ ელექტრონულად ვებგვერდზე: grifireba.emis.ge.

„გაზიარებული შენიშვნები/რეკომენდაციები აისახება შინაარსობრივი საგნობრივი ჯგუფის რეკომენდაციაში და განმცხადებლებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი გახდება“, – წერს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა; სამინისტროს დაზუსტებით კი, მოსაზრება სავალდებულოდ შესასრულებელი იმ შემთხვევაში იქნება, თუ ის არგუმენტირებულად, დასაბუთებულად იქნება წამორდგენილი. თუ რამდენად არგუმენტირებულია შენიშვნა, ამაზე შემფასებელთა ჯგუფი იმსჯელებს.

საკითხზე დამატებითი ინფორმაცია გამოაქვეყნა დღეს განათლების სამინისტრომაც, მათი განმარტებით, X კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი უკვე დაიწყო და გრიფირების განაცხადების მიღება 2022 წლის 3 აპრილს დასრულდა. სახელმძღვანელოების რეცენზირების I ეტაპი მაისის დასაწყისში, ხოლო II ეტაპი – ივნისში დასრულდება.

“სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება არაუგვიანეს 2022 წლის 17 ივნისისა. იმ შემთხვევაში, თუ საგანში სამზე მეტი გრიფირებული სახელმძღვანელო გაივლის რეცენზირების ეტაპს, სკოლას ექნება შესაძლებლობა არჩევანი რეიტინგის პირველი სამეულიდან გააკეთოს

მიმდინარე წელს კონკურსის გზით შეირჩა მასწავლებლის, დარგის მეცნიერისა და ფსიქოლოგის სტატუსის მქონე რეცენზენტთა კანდიდატურები.  სახელმძღვანელოების რეცენზენტთა კონკურსის გზით შერჩევისა და მათი გადამზადების მიმართულებით სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატთან და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან.”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ასევე იხილეთ:

რა პრობლემები რჩება სასკოლო სახელმძღვანელოების დამტკიცების პროცესში და რას არ აკეთებს სამინისტრო

რის შეცვლას ითხოვს სკოლის ისტორიის სახელმძღვანელოებში სახალხო დამცველი

სასკოლო წიგნებისა და სკოლების სხვა რესურსების ეფექტიანობას პარლამენტში შეაფასებენ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური