GE

სახელმწიფო კონსერვატორიას ახალი რექტორი ჰყავს

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას ახალი რექტორი ჰყავს. აკადემიურმა საბჭომ აღნიშნულ თანამდებობაზე ნანა შარიქაძე აირჩია.

უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელის არჩევნებზე ოთხი კანდიდატურა იყო დარეგისტრირებული: ნინო ჟვანია, ნანა შარიქაძე, თამარ ჩხეიძე და ირაკლი ცინცაძე.

ახალი რექტორი შვიდკაციანმა აკადემიურმა საბჭომ აირჩია, ფარული კენჭისყრის შედეგად გაიმარჯვა კანდიდატმა, ვინც ხმების უმრავლესობის მოპოვება შეძლო, ნანა შარიქაძემ ოთხი ხმა მიიღო.

ახალი რექტორი, ამავე სასწავლებლის კურსდამთავრებულია. ის 1999 წლიდან არის ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი , 2001 წლიდან დოცენტი, 2007 წლიდან კი -პროფესორი.

რექტორის არჩევამდე აკადემიური საბჭოს წევრებმა, კანდიდატების პროგრამები მოისმინეს.
სახელმწიფო კონსერვატორიაში აცხადებენ, რომ საარჩევნო პროგრამის მოსმენასა და ხმის დათვლის პროცედურას დაესწრნენ რეგისტრირებული დამკვირვებლები, მათ შორის სტუდენტები კონსერევატორიის თვითმმართველობიდან.

ხმების დათვლის შემდეგ, არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმით სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი ნანა შარიქაძე გახდა.

სახელმწიფო კონსერვატორიაში გამართული არჩევნების ობიექტურობა, ჩატარებამდე დააყენა ეჭვქვეშ სასწავლებლის თვითმმართველობის ყოფილმა პრეზიდენტმა და მაგისტრანტმა სიმონ ჩაჩანიძემ. მისი თქმით, კონსერვატორიის უკვე ყოფილი რექტორის მოადგილე მანანა დოიჯაშვილი არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის გაყვანას ლობირებდა და პროცესებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა.

“ვფიქრობ, დიდი საფრთხე უდგას კონსერვატორიის რექტორის არჩევნებს. საფრთხე იმისა, რომ დოიჯაშვილის მარადიულობას კიდევ ერთხელ მიეცემა საშუალება. ვოკალისტის აღზრდის პროცესში უმნიშვნელოვანესია საოპერო სტუდია, რომელსაც დოიჯაშვილმა აბსოლუტურად ყველაფერი წაართვა და  მინიმალურ ზღვარზე დატოვა. საოპერო სტუდიას შეუზღუდა დიდ დარბაზში საქმიანობის განხორციელების უფლება. დიდი დარბაზი, ისევე როგორც მცირე დარბაზი, არის კომერციული და არაა გამორიცხული, რომ ფინანსური მხარეც იყოს ამ ყველაფერში ჩართული,”- განაცხადა სიმონ ჩაჩანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური