GE

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის დის საქმეზე, ბატიაშვილის უწყებამ ვიდეოფაილი ექსპერტიზაზე იმთავითვე ცნობილი პასუხის მისაღებად გააგზავნა

ბატიაშვილის უწყებას 320 დღე დასჭირდა იმისათვის, რომ ექსპერტიზაზე გაგზავნილი, გამომცემლობა ,,დიოგენეს“ მიერ მოწოდებული ვიდეოფაილის ავთენტურობა დაედგინა. შეგასხენებთ, რომ ეს თემა სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების სკანდალს უკავშირდებოდა. კერძოდ კი, გამომცემლობა “დიოგენეს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარი იყო განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე (ამჟამინდელი სახელმწიფო მინისტრის მოადგილე) ლია გიგაურის დის მხრიდან ისტ–ის სახელმძღვანელოს სავარაუდო ლობირებაზე. ლალი გიგაური, სავარაუდოდ, გრიფირების კონკურსში შეტანილი სახელმძღვანელოს შექმნაში მონაწილეობდა და ამასთან, სავარაუდოდ იყო „დიოგენე“-ს გამომცემლობის მიერ მომზადებული ერთ-ერთი სახელმძღვანელოს რეცენზენტიც.

2019 წლის 5 მარტს ჩატარებული სამხარაულის ვიდეო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად (გვაქვს ასლი), რომლის ჩატარებამ ერთ დღეზე მეტი დრო არ დაიკავა – გამომცემლობა ,,დიოგენე“-ს მიერ განათლების სამინისტროში გაგზავნილი ვიდეოჩანაწერი „არ წარმოადგენს ორიგინალ ავთენტურ ჩანაწერს და ის მიღებულია მონტაჟის გზით“, „პირველად ვიდეოჩანაწერზე სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით დადებულია ე.წ. „ბანერები“ იმისათვის, რომ მომხდარიყო ბანერის ქვეშ განთავსებული მონაცემების დაფარვა..“ და ეს „ვიდეო-სამონტაჟო პროგრამის გამოყენებით არის განხორციელებული“.

მაგრამ, ეს ხომ ექსპერტიზის გარეშეც იყო ნათელი. ვიდეოს ყურების დროს ბანერებს, რომლებიც პერსონალურ ინფორმაციას ფარავენ, მარტივად ხედავ. რას აძლევს მაშინ სამინისტროს ექსპერტიზის პასუხი? რა დასკვნა შეიძლება გააკეთონ?  გამომცემლობა „დიოგენე”-მ ვიდეოჩანაწერი გააყალბა? სავარაუდოდ – არა, და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო.

გამომცემლობა ,,დიოგენე“-ს დირექტორის თამარ ლებანიძის თქმით, ვიდეოფაილის სამი ვერსია არსებობს. კერძოდ: ბანერებით გადაფარებული მოკლე ვერსია, ბანერებით გადაფარებული ხანგრძლივი ვერსია და მთავარი – ერთი წლის წინ სსიპ-აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ფაქტად დაფიქსირებული ორიგინალი ვიდეოჩანაწერი.

ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ვიდეოჩანაწერის და გუგლ დრაივიდან ამოღებული ფაილების ავთენტურობის შემოწმებას აზრი არასოდეს ჰქონდა. ეს თავიდანვე იყო აღსრულების ბიუროს მიერ დაფიქსირებული. ოდნავ გაუგებარია, თუ რატომ მოუხდა გამომცემლობა ,,დიოგენე“-ს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დამოწმებული საბუთები განათლების სამინისტროსთვის მხოლოდ 2019 წელს, 21 მაისს გადაეგზავნა. სავარაუდოდ, ყველა გამომცემლობა მაინც სამინისტროზეა ნაწილობრივ დამოკიდებული და სულ მალე, ივნისში „ვინთერ ის ქამინგ“…

და მაინც, რა არის ჩაწერილი ვიდეოზე და რა იდო გუგლ დრაივზე? სავარაუდოდ, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის და ლალი გიგაური, მის სავარაუდო მეგობრებთან ერთად, ერთ ჯგუფში არიან გაერთიანებული და ამ ჯგუფის საქაღალდეებში  სხვადასხვა ჯგუფის წევრების მიერ სხვადასხვა დროს ატვირთული ბევრი საბუთია – რეცენზიები სახელმძღვანელოებზე (რაც სავარაუდოდ სახელმძღვანელოების განხილვამდე ბევრი თვით ადრე არ უნდა გასულიყო განათლების სამინისტროს სისტემიდან), სავარაუდოდ გრიფირების პროცესის მონაწილეების კომენტარები, ასევე შეთანხმების პროექტი – „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორთა შეთანხმება“, რომლის თანახმადაც, სახელმძღვანელოს ჰყავს ოთხი თანაავტორი, აქედან ერთი-ერთ თანაავტორად ჩაწერილია ლალი გიგაური, აქვე ვკითხულობთ: „მიუხედავად სახელმძღვანელოს თანაავტორების თანაბარი საავტორო უფლებებისა“…  „სახელმძღვანელოზე არ ეწერება ერთი თანაავტორი – ლალი გიგაური,  მანამ სანამ მას არ მიეცემა ამის იურიდიული უფლება“, მოცემულია ფულის გადანაწილების ფორმულა და სხვ.

უდანაშაულობის პრეზუმპცია არავის გაუუქმებია, ცხადია, არც ჩვენ ვცდილობთ ვინმეს დამნაშავეობის თუ უდანაშაულობის დამტკიცებას, მითუმეტეს, რომ საქმეში გარკვევის დაინტერესების თაობაზე განათლების სამინისტრომ არაერთხელ თავად განაცხადა.

სწორედ იმდროინდელმა განათლების მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ, „საჯარო ინტერესიდან გამომდინარე“ და ასევე, ვინაიდან საქმე „გრიფირების პროცესს მთლიანად ჩრდილს აყენებს“, სამსახურიდან გაშვებამდე 2 თვით ადრე, საქმეში გარკვევის ვალდებულება აიღო.

ზუსტად ამ საქმესთან დაკავშირებით, EDU.ARIS.GE-სთან საუბარში, ჯერ კიდევ ახალბედა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

რა არის დასადგენი?

#1 საკითხი – ინტერესთა კონფლიქტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლით დათარიღებული #28/ნ ბრძანების თანახმად, სახელმძღვანელოების გრიფირების წესით განსაზღვრულია, რომ ლალი გიგაურს, როგორც საკითხის განმხილველი უწყების ხელმძღვანელის მოადგილის დას, უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო კონკურსში, როგორც სახელმძღვანელოს თანაავტორს. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, თუ თქვენი და განათლების მინისტრის მოადგილეა, არ შეიძლება, რომ თქვენ იყოთ გრიფირებაზე წარდგენილი სახელმძღვანელოს ავტორი/თანაავტორი.

#2 საკითხი – ინფორმაციის გაჟონვა

როგორც ცნობილია, გრიფირების პროცესში სახელმძღვანელოების ავტორთა გამჟღავნება აკრძალულია იმ სპეციალისტებისა და ექსპერტებისთვის, ვინც სახელმძღვანელოებს აფასებს და დასკვნას წერს. აღნიშნულს კანონი ითვალისწინებს. ასევე, კანონით დაუშვებელია სახელმძღვანელოების შესახებ ინფორმაციის სამინისტროს სტრუქტურებიდან გაჟონვა. „დიოგენე”-ს მიერ მომზადებული ისტ–ის სახელმძღვანელოს შემთხვევაში კი, კონფიდენციალობა დაირღვა, რადგან ინფორმაცია სამინისტროდან გავიდა. კერძოდ, „დიოგენე“-ს მიერ გრიფირებისთვის წარდგენილი ისტ–ის სახელმძღვანელოების შესახებ ინფორმაცია გამომცემლობის კონკურენტებისთვის გახდა ხელმისაწვდომი. უფრო ზუსტად კი, ამ სახელმძღვანელოების ტექსტი და რეცენზენტთა შენიშვნები. ხოლო ამ ინფორმაციის გაჟონვა  მაშინ მოხდა, როცა ჯერ თავად „დიოგენე“-მაც არ იცოდა დაიწუნა თუ არა მისი სახელმძღვანელო განათლების სამინისტრომ. „დიოგენე“-ს სახელმძღვანელოს დაწუნების შესახებ ოფიციალურად გახდა ცნობილი გაჟონვიდან 5 თვის შემდეგ.

ინფორმაციის გაჟონვა რომ მოხდა, ამას მინისტრის ყოფილი მოადგილე თეიმურაზ მურღულიაც აღიარებს, უფრო სწორედ ამბობს, რომ იცის, თუ რომელი რეცენზენტის მასალა იყო ატვირთული გუგლ დრაივზე.

რას აკეთებს განათლების სამინისტრო:

საკუთარ თავზე აიღო ტექნიკურად რთული საქმის გამოძიება, სადაც შესაძლოა დადგეს მოცემულობა, რომ, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებს  – რატომ?

330 დღის განმავლობაში, ექსპერტიზის შედეგების მიუხედავად, ვერ მოამზადა საკუთარი დასკვნა იმჟამინდელი განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის დის, ლალი გიგაურის საქმეში შესაძლო მონაწილეობა-არ მონაწილეობაზე – რატომ?

სამინისტრო არც განცხადებას აკეთებს, რომ საქმე გადაცემულია პროკურატურაში – რატომ?

საჯარო ინფორმაციით მუდმივ მანიპულაციას ახდენს – რატომ?

EDU.ARIS.GE-მ, განათლების სამინისტროს, მოცემულ საქმეზე განცხადების გაკეთების ნებისმიერი ფორმა შესთავაზა. მათ შორის ისეთიც, რაც, სავარაუდოდ „ყოვლისშემძლე“ ლია გიგაურს და სისტემას სამინისტროზე ნაკლებად გაანაწყენებდა, შედეგად კი, მხოლოდ მინისტრის გაურკვეველი ბუტბუტი მივიღეთ – „რა ჩაიხვიეთ, გადაგზავნილია, გადაგზავნილია…“

რატომ ბატონო მინისტრო? რატომ ასე გაურკვევლად? რატომ ბუტბუტით?
გააკეთეთ განცხადება! ან შეხვდით მე-6 კლასის ისტ-ის სახელმძღვანელოს ავტორებს ნინო ჯამასპიშვილს და ხათუნა ნანობაშვილს, შეხედეთ მათ და გრიფირების გამჭირვალე პროცესებზე ისე ესაუბრეთ.

 

P.S.

თუ კარიკატურა მოგეწონებათ, ან მისი ამობეჭდვისა და კედელზე გაკვრის სურვილმა წაგძლიათ, დააწკაპეთ და ჩამოტვირთეთ.

ძვირფასო მეგობრებო, EDU.ARIS.GE  ზოგიერთი სხვა სახელმძღვანელოსათვის გრიფირების მინიჭების პროცესების შესწავლას იწყებს. ამ ეტაპზე ჩვენ ნინო ტალახაძის სახელმძღვანელოს „მე და საზოგადოება“-სთან დაკავშირებული საკითხების გადამოწმებას ვიწყებთ.

სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საინტერესო ინფორმციის ფლობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (032) 2192121 ან მოგვწერეთ grif@aris.ge-ზე, კონფიდენციალურობა გარანტირებულია.

ამავე თემაზე:

მინისტრის მოადგილის დას სახელმძღვანელოს ლობირებაში ადანაშაულებენ (ვიდეო)

განათლების მინისტრის მოადგილის ბრიფინგი (ვიდეო)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი