GE

სახელმწიფო წელს 900-მდე მაგისტრანტს დააფინანსებს – გამოცდები 2017

წელს საერთო სამაგისტრო გამოცდაზე წინა წლებთან შედარებით ყველაზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა –13 300. სახელმწიფოს მათ დასაფინანსებლად  2 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი. ანუ, უფასოდ დაახლოებით 900 მათგანი ისწავლის.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის  სამაგისტრო ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე წერეთელი EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში გამოცდების ჩატარების დროზე, ბარიერებსა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე საუბრობს.

–როდის დასრულდა რეგისტრაცია და რამდენი მსურველი დარეგისტრირდა წელს მაგისტრატურის გამოცდაზე?

–ივანე წერეთელი: რეგისტრაცია დასრულდა 5 აპრილს 18:00 საათზე. სულ დარეგისტრირდა 13 300-ზე მეტი მსურველი.

–როგორია ეს მონაცემი წინა წლებთან შედარებით? გაიზარდა თუ შემცირდა მსურველთა რაოდენობა?

–ი.წ: წელს მსურველთა რაოდენობა, დაახლოებით 700-ით გაიზარდა.

რომელ წელს იყო დარეგისტრირებული  ყველაზე მეტი აპლიკანტი?

–ი.წ: ყველაზე მეტი აპლიკანტი წელს დარეგისტრირდა.

რამდენად ხშირია შემთხვევა, როდესაც დარეგისტრირებული აპლიკანტები გამოცდაზე არ ცხადდებიან? საერთო რაოდენობის რა ნაწილი იქცევა ასე?

–ი.წ: ასეთი შემთხვევა ყოველ წელს ხდება. მაგალითად, შარშანდელი მონაცემებით, გამოცდაზე არ გამოცხადდა დარეგისტრირებულ აპლიკანტთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 6%.

–რა რაოდენობის თანხაა წელს გამოყოფილი გრანტისთვის, რამდენი ისწავლის უფასოდ?

–ი.წ: სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი საგრანტო თანხა დაახლოებით 2 მილიონ  ლარს შეადგენს. სახელმწიფო გრანტს, სავარაუდოდ, 900-მდე აპლიკანტი მიიღებს.

–როგორია ბარიერი?

–ი.წ: საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტი შედგება ოთხი ნაწილისაგან. ეს ნაწილებია: წაკითხულის გააზრება; ანალიტიკური წერა; ლოგიკური მსჯელობა; როდენობრივი მსჯელობა. ბარიერები, ამ ნაწილების მიხედვით ასეთია:

წაკითხულის გააზრება – 30%; ბარიერის გადასალახად აპლიკანტმა მაქსიმალური 21 ქულიდან უნდა დააგროვოს 6,3, ქულაზე მეტი, ანუ მინიმუმ 6,4 ქულა.

ანალიტიკური წერა – 30%; ბარიერის გადასალახად აპლიკანტმა მაქსიმალური 20 ქულიდან უნდა დააგროვოს 6 ქულაზე მეტი, ანუ მინიმუმ 7 ქულა.

ლოგიკური მსჯელობა – 30%; ბარიერის გადასალახად აპლიკანტმა მაქსიმალური 17 ქულიდან უნდა დააგროვოს 5,1 ქულაზე მეტი, ანუ მინიმუმ 5,2 ქულა.

როდენობრივი მსჯელობა – 25%; ბარიერის გადასალახად აპლიკანტმა მაქსიმალური 20 ქულიდან უნდა დააგროვოს 5 ქულაზე მეტი, ანუ მინიმუმ 5,2 ქულა.

–როდის ჩატარდება გამოცდა?

–ი.წ: ყოველი აპლიკანტი გამოცდას ჩააბარებს ორი დღის განმავლობაში: პირველ დღეს ჩატარდება გამოცდა წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის ნაწილებში, მეორე დღეს კი – ლოგიკური მსჯელობისა და რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილებში.  რაც შეეხება გამოცდის ჩატარების დროს,  ეს, სავარაუდოდ (ისევე როგორც გასულ წლებში), ივლისი იქნება.

–არის თუ არა წელს რაიმე სიახლე?

ი.წ: მაგისტრობის მსურველები გამოცდას ნაწილობრივ ელექტრონული ფორმით ჩააბარებენ. გარდა ამისა, წელს შეფასებისა და გამოცდები ეროვნული ცენტრი მაგისტრობის მსურველებს სთავაზობს შემდეგი სახის სიახლეს: 27 მარტს დაიწყო რეგისტრაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის იმიტაციაში მონაწილეობის მსურველთათვის (ვებგვერდებზე www.naec.gov.ge ან online.naec.ge).

მონაწილეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, გაიარონ ტესტირება წაკითხულის გააზრების, ლოგიკური მსჯელობისა და რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილებში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტში, სპეციალურად ორგანიზებულ საგამოცდო სექტორში,  ზედმიწევნით დაცული საგამოცდო პროცედურებით. ამ საკითხზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად მსურველებს შეუძლიათ მიმართონ ვებგვერდს www.naec.ge.

2017 წლის სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი უნივერსიტეტების მიხედვით

2017-2018 სასწავლო წლისათვის სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა და პირობები განისაზღვრა

ტესტები

 

მოამზადა თაკო მათეშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური