GE

„საყურადღებოა, მოსწავლისგან სკოლის გაცდენის მიზეზი თუ შეისწავლა სკოლამ“ – სოციალურ მუშაკთა ასოციაცია 14 წლის გოგონას თვითმკვლელობაზე

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ეხმიანება ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში მომხდარ 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის ფაქტს.

“შემთხვევის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აშკარაა ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შეუსრულებლობა ქმედითი უწყებების მიერ. ასევე, ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების უგულებელყოფა არასრულწლოვანის მიმართ, სწრაფი და შესაბამისი რეაგირების ვერ განხორციელება, განსაკუთრებით ასეთი მწვავე შემთხვევის დროს.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობდა გამოძიება დროში შეფერხებით, რამაც ფაქტია, მკვეთრად გააუარესა მსხვერპლის მდგომარეობა.

ასევე, საყურადღებოა, საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბავშვის აკადემიური გაცდენის ფაქტი. საინტერესოა, სკოლამ თუ შეძლო, დროულად მოეხდინა რეაგირება 10 დღის განმავლობაში მოსწავლის სკოლაში გამოუცხადებლობაზე და შეესწავლა მიზეზები გულდასმით. და თუ შესწავლილი იყო, მაშინ რატომ არ მოხდა მათი მხრიდან რეაგირება? იკვეთება ხარვეზები მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მუშაობაშიც, რადგან როგორც ჩანს არ მოხდა არასრულწლოვნისთვის შესაბამისი აუცილებელი ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდება. ასევე აღსანიშნავია, რომ მეურვეობა-მზრუნველობის საბჭოზე დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ძალადობის შემთხვევების გატანა, დროული და ადეკვატური რეაგირების დასაგეგმად. აღსანიშნავია, რომ, როგორც ირკვევა, მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურიც არ ყოფილა ჩართული ოჯახთან მუშაობის პროცესში, შესაბამისი დახმარების უზრუნველსაყოფად.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, აღნიშნულმა უწყებებმა ვერ მოახერხეს შეთანხმებული მოქმედება არასრულწლოვანის ინტერესების ეფექტიანად დაცვისა და შესაბამისი მომსახურების უზრუნველყოფისთვის, რის გამოც კიდევ ერთი შემთხვევა დასრულდა ფატალურად.
სახელმწიფომ და ყველა ჩართულმა უწყებამ უნდა გაიაზროს, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ძალადობის მსხვერპლთა შესაბამის მომსახურებებში ჩართულობის უზრუნველყოფა და აქტიური მონიტორინგის განხორციელება, ვინაიდან ძალადობის შედეგები ყოველთვის ხილული არ არის და საჭიროებს ინტენსიურ შესწავლასა და დაკვირვებას.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია კიდევ ერთხელ გულისტკივილს გამოთქვამს მომხდარის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილი არასრულწლოვანის ოჯახს და ველით სახელმწიფოსგან ადეკვატურ რეაგირებას, სისტემაში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად”, – აღნიშნულია ასოციაციის განცხადებაში.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქობულეთში 24 წლის კაცი დააკავეს, რომელმაც 16 წლამდე ბავშვთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი 14 წლის გოგოა, რომელმაც გუშინ თავი მოიკლა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური