GE

საზღვარგარეთ სწავლის მრავალფეროვანი შესაძლებლობები გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისგან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აბიტურიენტებსა და სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლის მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს. უნვერსიტეტში ირწმუნებიან, რომ აქ ნებისმიერი მოთხოვნის, სურვილისა და ინტერესის მქონე ახალგაზრდა შეძლებს აარჩიოს მასზე მორგებული და მისთვის საჭირო პროგრამა, რისი მეშვეობოთაც სწავლას ევროპულ უნივერსიტეტებში განაგრძობს. ეს მათ შეუძლიათ როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი სასწავლო პროგრამებით, განსხვავებული შეთავაზებებითა და ფასებით.

უნივერსიტეტის საერთაშორისო ინტეგრაცის ცენტრის ხელმძღვანელი თათა თავხელიძე ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად პროგრამებს ასახელებს და ამბობს, რომ მათ შეთავაზებები არა მხოლოდ სტუდენტებისთვის აქვთ, არამედ აკადემიური პერსონალისთვისაც.

თათა თავხელიძე: უნივერსიტეტი დაარსების დღიდანვე ორიენტირებულია ინტერნაციონალიზაციაზე და სტუდენტების ჩართულობაზე სხვადასხვა პროექტში. წლების განმავლობაში იგი სწორედ ამით გამოირჩეოდა. ჩვენთან ხშირად მოდიან ახალგაზრდები და გვეუბნებიან, რომ აქ სურთ ჩაბარება, რადგანაც იციან, რომ ჩვენთან ბევრი საერთაშორისო პროგრამაა. ამიტომ შემიძლია თავდაჯერებულად ვთქვა, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტუდენტების ჩართვას ინტერნაციონალიზაციის პროცესში, კერძოდ იმაში, რომ მათ უცხოეთში განათლება მიიღონ, შემდეგ დაბრუნდნენ და ეს განათლება თავიანთ ქვეყანას და თუნდაც თავიანთ უნივერსიტეტს მოახმარონ.

ჩვენთან მართლაც ძალიან საინტერესო უცხოენოვანი პროგრამებია. განსაკუთრებით მრავალმხრივი ურთიერთობა გვაქვს საფრანგეთის უნივერსიტეტებთან. მაგალითად ლილის უნივერსიტეტში წასვლა სტუდენტს ბოლო კურსიდან შეუძლია. მჭიდრო კონტაქტები გვაქვს პოლონეთის, პორტუგალიისა და გერმანიის უნივერსიტეტებთანაც. ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები გვაქვს საფრანგეთის და გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებთან. ეს იმას ნიშნავს, რომ სტუდენტები ერთი წელი საქართველოში სწავლობენ, მეორე წელს კი საფრანგეთის ან გერმანიის უნივერსიტეტებში მიდიან.

გარდა ამისა, 2016 წელს  გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის აფილირებული პარტნიორი გახდა, რაც გულისხმობს ჰარვარდის ბიზნესის სკოლის კონკურენციისა და სტრატეგიის ინსტიტუტის სპეციალიზირებული კურსის “კონკურენტუნარიანობის მიკროეკონომიკა” (MOC) აფილირებული ქსელის წევრობას.

უნივერსიტეტის ერთ-ერთ წარმატებად მივიჩნევთ, ბიზნესისა   და მართვის სკოლის  ჰარვარდის ბიზნესსკოლასთან აფილირებას, რომელმაც შექმნა პრეცედენტი იმისა, რომ სადოქტორო  ნაშრომების განხილვა შესაძლებელი გახდა  პარტნიორ უნივერსიტეტებში, რაც ხელს უწყობს  ურთიერთნდობასა და აღიარებას.

რაც შეეხება საერთაშორისო კვლევით მიმართულებას, ყოველწლიურად ვატარებთ საერთაშორისო კონფერენციებს. აღსანიშნავია, რომ  ყოველწლიურად ჩვენთან ტარდება მულტიდისციპლინარული ფორუმი, რომელზე წარმოდგენილი ნაშრომებიც საერთაშორისო ჟურნალში ქვეყნდება. ჩვენი სტუდენტები ყოველწლიურად დადიან ტურიზმის საერთაშორისო გამოფენებსა და კონფერენციებზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართულნი აკადემიური პერსონალის მობილობის პროცესში. ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია ისინი წავიდნენ მაგალითად კვლევით სამუშაოებზე, ან ლექციების ჩასატარებლად, ან ტრენინგებზე. ამ მიმართულებითაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ.

რა არის საჭირო იმისათვის, რომ სტუდენტმა საზღვარგარეთ ისწავლოს? რამდენად მარტივი და ხელმისაწვდომია ეს თუნდაც ფინანსური კუთხით?

თ.თ: პირველ რიგში, მთავარი ისაა, რომ ინგლისური ენა იცოდნენ. ჩვენთან სწავლისას ინგლისურს, რა თქმა უნდა, ვასწავლით. თუ სტუდენტი უცხოეთში მიდის, მას უკვე ინგლისურის გაძლიერებული კურსი უტარდება.

რაც შეეხება თანხას, სხვადასხვანაირი შეთავაზებები გვაქვს, გააჩნია რომელ უნივერსიტეტში მიდის სტუდენტი. თუ ეს ძალიან მაღალი რანგის უნივერსიტეტია, გადასახდელი თანხაც უფრო მაღალია, თუმცა ჩვენ გვაქვს პროექტები, რომლითაც სტუდენტს დაფინანსების მიღება შეუძლია.  ასევე გვაქვს ურთიერთთანამშრომლობა რიგ უნივერსიტეტებთან, რომლის ფარგლებშიც იქ სწავლის გაგრძელება ჩვენს სტუდენტს შეღავათიან ფასებში შეუძლია. ვცდილობთ, რომ ეს შეთავაზებები  ყველანაირი შესაძლებლობის მქონე სტუდენტზე იყოს მორგებული. ვთავაზობთ როგორც სასტიპენდიო და დაბალფასიან პროგრამებს, ისე მაღალი რანგის უნივერსიტეტებსა და თავისთავად, უფრო მაღალ გადასახადს. გვაქვს სპეციალური შეთავაზებები წარჩინებული სტუდენტებისათვისაც.

რამდენად აქტიურად სარგებლობენ სტუდენტები ამ შეთავაზებებით? აწარმოებთ თუ არა ერთგვარ სტატისტიკას?

თ.თ: რა თქმა უნდა, სტატისტიკას ყოველწლიურად ვაწარმოებთ. ბოლო შვიდი წლის სტატისტიკას მოგახსენებთ – 2011 წლიდან დღემდე ყოველწლიურად იზრდება სტუდენტების რიცხვი, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის სურვილს იჩენენ. 2018 წელი ჯერ არ დასრულებულა და დაახლოებით 60 სტუდენტი უკვე გაშვებული გვყავს. ზოგი მოკლევადიან კურსებზეა, ზოგიც – მთელი წლით.

რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროგრამა და მიმართულება?

–თ.თ: ამ ეტაპზე ყველაზე მოთხოვნადი საფრანგეთის უნივერსიტეტები და „ერასმუსის“ პროგრამაა. ზოგადად, დაფინანსებული პროგრამები ყოველთვის უფრო პოპულარულია. რაც შეეხება მიმართულებას, თითქმის ყველა მიმართულების სტუდენტები ჩართულები არიან, მაგრამ განსაკუთრებით აქტიურობენ ბიზნესისა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები. მათ მოსდევენ ფსიქოლოგები და ჟურნალისტები.

როგორ ფიქრობთ, რა არის იმის მიზეზი, რომ სტუდენტებში ფრანგულ უნივერსიტეტებზე განსაკუთრებული მოთხოვნაა?

თ.თ: საფრანგეთთან აქტიური ურთიერთობა რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ. საფრანგეთის საელჩოც მხარს გვიჭერს. ძალიან კარგი პროექტები და პროგრამები გვაქვს მათთან და, ალბათ, სწორედ ამან გამოიწვია.

როგორც თქვით, აკადემიური პერსონალითვისაც გაქვთ შეთავაზებები…

თ.თ: დიახ. თუ პროფესორს ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება კონფერენციაში ან რომელიმე პროექტში მონაწილეობის მისაღებად, უნივერსიტეტი მაქსიმალურად ცდილობს, რომ მას მხარში დაუდგეს. ჩვენი პროფესორები ასევე დადიან „ერასმუსის“ ფარგლებში, კითხულობენ ლექციებს, ჩადიან ტრენინგებზე. გარდა ამისა, კონტაქტები გვაქვს უნივერსიტეტებთან, სადაც კვლევითი პროგრამებისათვის, ან თუნდაც ურთიერთთანამშრომლობის გასაგრძელებლად ჩადიან.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური