GE

საზოგადო მოღვაწეები კულტურის სამინისტროს აღდგენას ითხოვენ

საქართველოში მოღვაწე ხელოვანები და საზოგადო მოღვაწეები მათ შორის: რობერტ სტურუა, კახი კავსაძე, ილიკო სუხიშვილი და ელდარ შენგელაია, საქართველოს   პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართავენ და განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსგან კულტურის სამინისტროს გამოყოფას მოითხოვენ.

განცხადებაში, ნათქვამია, რომ მსოფლიოსთვის საქართველო რეალურად საინტერესო და მიმზიდველი მისი უძველესი და თვითმყოფადი კულტურითაა.

„სწორედ ქართული კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა არის ის მთავარი ფაქტორი, რაც ასე იზიდავს ტურისტებს საქართველოში. სწორედ კულტურა არის ის ძირითადი სფერო, რითაც ასე ამაყები ვართ საერთაშორისო ასპარეზზე კინოსა და თეატრალურ ფესტივალებზე, ბიენალეებზე, არტექსპოებზე, კონკურსებსა და სხვა მრავალ უმაღლესი რანგის ღონისძიებაზე. ისეთი სფეროების ერთ უწყებად გაერთიანებამ, როგორებიცაა განათლება და მეცნიერება, კულტურა და სპორტი მნიშვნელოვნად უკან დახია საქართველოში კულტურის განვითარების შესაძლებლობა, რადგან კულტურის სფეროში შემავალ ყველა დარგს თავის მხრივ მრავალი ინსტიტუციური, ფინანსური და იურიდიული პრობლემა აქვს მოსაწესრიგებელი“, – ნათქვამია განცხადებაში.

მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში დღეს არსებული მძიმე მდგომარეობა გარკვეულწილად საზოგადოებაში კულტურის დეფიციტითაა განპირობებული.

„ქართული სახელმწიფოს დღევანდელი მძიმე მდგომარეობა გარკვეულწილად განპირობებულია საზოგადოებაში კულტურის დეფიციტით, საზოგადოება განიცდის სულიერ და კულტურულ კრიზისს, მის დაძლევაში კი უმნიშვნელოვანესი წვლილი უნდა შეიტანოს კულტურამ“.

მიმართვას ხელს აწერენ: რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, მარინა ჯანაშია, ელდარ შენგელაია, ნიკოლოზ რაჭველი, კახი კავსაძე, ლია სტურუა, დათო ევგენიძე, ნანა ჯანელიძე, გოგი ალექსი-მესხიშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, თემო გოცაძე, ვალერი ასათიანი, გია ჯაფარიძე, ქეთი დოლიძე, გიორგი კალანდია, ნინო სუხიშვილი, ილიკო სუხიშვილი, ლაშა თაბუკაშვილი, ნიკუშა შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი, მირიან შველიძე, კოტე ფურცელაძე, ნანა ფაჩუაშვილი, ლელა ალიბეგაშვილი, პაატა გულიაშვილი, დავით დოიაშვილი, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე, დავით უფლისაშვილი, მარინა კახიანი, ნინო არსენიშვილი, ნინო ნახუცრიშვილი, ჟანრი ლოლაშვილი, თათული დოლიძე, მანანა გამცემლიძე, შალვა მატუაშვილი, ნანი ჩიქვინიძე, ნანული სარაჯიშვილი, ეთერ თათარაიძე, მანანა მენაბდე, ამირან არაბული, ალეკო შუღლაძე, დიმიტრი ღვთისიაშვილი, ჯამში 50-ზე მეტი ადამიანი.

შეგახსენებთ, 2018 წელს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით,  მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროების შერწყმა განხორციელდა, თუმცა 2019 წელს სამთავრობო წრეებში უკვე აქტიურად დაიწყო საუბარი, რომ კულტურის კომპონენტი ისევ ცალკე უნდა გამოიყოს.

 

 

 

 

 

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური