GE

“სემესტრის ბოლოს ყველა სკოლის სამასწავლებლო სტატისტიკის სამმართველოს ემსგავსება”

,,სემესტრის ბოლოს ყველა სკოლის სამასწავლებლო სტატისტიკის სამმართველოს ემსგავსება”, – აცხადებს თბილისის 172–ე საჯარო სკოლის ერთ–ერთი პედაგოგი ლია ჩუბინიძე. აღნიშნული განცხადებით პედაგოგი მასწავლებლებისთვის სემესტრის ბოლოს დავალებული სამუშაოების რაოდენობასა და მათ შესასრულებლად გამოყოფილი დროის სიმცირეს აპროტესტებს და განათლების სამინისტროს მესვეურებს არდადეგების კიდევ ერთი კვირით გახანგრძლივებისკენ მოუწოდებს: 

,,ვინც მიცნობს, იცის, რომ მასწავლებელი ვარ. უკვე რამდენიმე წელია, სკოლაში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბერს იწყება. წელს 29 პარასკევი იყო. 3 იანვრიდან მოყოლებული, თავაუღებლად ვმუშაობთ მასწავლებლები, ვითვლით და ვწერთ, ვითვლით და ვწერთ. იმდენი დავალება გვაქვს გასაკეთებელი, არდადეგების დრო არ გვყოფნის და ძალა აღარ გვრჩება საიმისოდ, რომ 15 იანვარს დასვენებულები, ახალი ძალითა და შემართებით შევუდგეთ ჩვენი პირდაპირი მოვალეობის შესრულებას!

თითქმის 30 წელია მასწავლებელი ვარ და ბოლო 5 წლის განმავლობაში ვნანობ, რომ ეს პროფესია ავირჩიე. რატომ? იმიტომ, რომ ხან ბუღალტერი მგონია თავი, ხან “მოსე მწერალი”. ამდენი ცხოვრებაში არ მიწერია და მიანგარიშია. არა, ვინმესთვის, და უპირველეს ყოვლისა, მოსწავლისთვის რომ იყოს ჩემი წერა-ანგარიში სასარგებლო, არ ვიწუწუნებდი. გვაკეთებინებენ საქმეს, რომელიც არც მოსწავლეს სჭირდება და არც პედაგოგს!

სემესტრის ბოლოს ყველა სკოლის სამასწავლებლო სტატისტიკის სამმართველოს ემსგავსება. ყველგან კალკულატორის წრიპინ-ჩხაკუნი ისმის, საჩვენებელ თითებზე მაზოლები გვიჩნდება.

მე-2 სემესტრის დაწყებამდე 3 სამუშაო დღე დარჩა, ჩვენ კი დავალებების ნახევარიც ვერ მოვასწარით. ამიტომ, უმორჩილესად ვთხოვ განათლების სამინისტროს მესვეურებს, გაგვიგრძელონ არდადეგები კიდევ ერთი კვირით, რომ მათ მიერ მოგონილი უსარგებლო, არაფრისმომცემი დავალებები დავასრულოთ, ჩვენ რომ ცოტა დავისვენოთ, ამას აღარ ვჩივით!”, – აღნიშნავს პედაგოგი.

განცხადებას სხვა პედაგოგებიც გამოეხმაურნენ და მეტი თვალსაჩიოებისთვის ერთ–ერთი მასწავლებელი ზემოთ აღნიშნული დავალებების განმარტებასაც აკეთებს:

,,მოგახსენებთ, რა საქმე გვაქვს, ვერც მე მოვრჩი ბოლომდე, თუმცა დღე არ გამიცდენია:

– ყველა კლასის ჟურნალის (მე-7 მაქვს) ბოლოს დასათვლელია გაცდენები, საკონტროლოების ნიშნების ჯამი, საბოლოო ნიშნებია გამოსაყვანი და თითოს სჭირდება 2 საათი. ეს 14 საათი, რომელიც აუცილებლად სკოლაში უნდა გაატარო, რადგან სახლში ჟურნალს არ გაგატანენ. რაც მთავარია, ამ ჟურნალებს ყველა დაეძებს და ხელში ძნელი ჩასაგდებია. ყველა მონაცემი, რაც გაქვს სათითაოდ, ყველა კლასზე, ცალკე ფორმაში უნდა გადაიტანო (თითოს 0,5 საათი სჭირდება) რომ კლასის დამრიგებლებმა საერთო ანგარიშის გაკეთება შესძლონ.

თითოეულ შემაჯამებელზე, რომელიც ჩაატარე, 4 გვერდიანი ფორმაა შესავსები, ასეთი მე 16 ჩავატარე. თითო ასეთი ფორმის შევსებას 1,5 საათი მაინც უნდა, რადგან სათითაოდ საანგარიშოა და ანალიზია გასაკეთებელი. ეს სემესტრის მანძილზე უნდა გვეკეთებინა, მაგრამ ხშირად ვერ ვასწრებდით.

თუ რამე აქტივობა გაქვს გაკეთებული, ყველაფერი უნდა წვრილად ჩამოწერო და კათედრის გამგეს ჩააბარო, მე 5 გვერდი გამომივიდა.

ამის შემდეგ, თუ დამრიგებელი ხარ, უნდა შეკრიბო ყველა მონაცემი, რაც საგნის მასწავლებლებმა გადმოგცეს და ეს ცალკე ანგარიშის სახით უნდა წარუდგინო დირექციას, რომ მან პედსაბჭოს გაერთიანებული ანგარიში წარუდგინოს. მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. ამის შემდეგ, სპეციალურ ჟურნალში, რომელსაც ვერ ვიტან და ჰქვია დამრიგებლის პორტფოლიო, ხელით წერ მოსწავლეების და მათი მშობლების შესახებ ყველანაირ ინფორმაციას. ამისთვის, მოსწავლეთა სია 4-ჯერ გადავწერე, ხოლო მშობლების 2-ჯერ, წერ ყველა აქტივობას, კლასის საათს, მშობელთა კრებას, მოსწავლეთა ინდივიდუალურ მახასიათებლებს და ა.შ. და ეს არ არის ყველაფერი. ამის შემდეგ, თითოეულ კლასის საათზე და კრებაზე კიდევ ცალკე ოქმები უნდა დაწერო და … ე, მაშინ ხარ თავისუფალი!”, – განმარტავს პედაგოგი.

„ვერ ვგებულობ რატომ ირთულებენ მასწავლებლები საქმეს“ – მიმართვა სქემაში ჩართულ პედაგოგებს კოლეგისგან

ეს ჩემი სამსახურია – მისი უდიდებულესობა სკოლა! აქ ძალიან მაღალ და პრესტიჟულ პოზიციაზე ვმუშაობ – მასწავლებელი ვარ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური