GE

სეზონური არდადეგების დადებითი და უარყოფითი მხარეები – როგორ შეფასდა მინისტრის იდეა

ქვეყნის რეგიონებში სეზონური არდადეგების დაწესების იდეა განათლების მინისტრმა ტურიზმთან კავშირში განიხილა. მისი თქმით, ეს კარგი იქნება როგორც კურორტების განვითარებისთვის, ასევე მოსწავლეების ჯანმრთელობისთვის.

აღნიშნული ინფორმაცია ფართო განხილვის საგანი გახდა. მშობლებისა და პედაგოგების ნაწილს იდეა მოსწონს და ევროპის ქვეყნებში აპრობირებულ მაგალითებს ადარებს. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საქართველოს რეალობაში მას პერსპექტივა არ აქვს, რადგან მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა  ისეთი არ არის, რომ კურორტებზე დასვენებას, თუნდაც ფასდაკლების სეზონზე შეწვდეს.

„რაღაც კარგი ნამდვილად იქნება ევროპაში და ის რომ გადმოიტანოთ და დანერგოთ არა? რაღა ამ იდიოტობებს დაეტაკებით ხოლმე. გერმანიაში არის ეგრე და ჩვენ მიწაზე რომ დასვენებაა, სხვა მიწაზე სწავლაა და ბავშვებს საშუალება არ აქვთ მეგობრებთან ერთად გაისეირნონ“, – ამბობს ერთ–ერთი მშობელი.

სეზონური ადადეგების იდეა მიუღებელი არ არის განათლების ყოფილ მინისტრ გია ნოდიასთვის ის EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ მთავარია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საკითხები შესრულდეს და არდადეგები როდის გამოცხადდება, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მისივე თქმით, წარსულში  განათლების რეფორმა, სასწავლო წლის თარღის გამოცხადებასაც, სხვადასხვა რეგიონისთვის განსხვავებულად ითვალისწინებდა.

maxresdefault„არაფერი პრობლემა არ არის თუ არდადეგები სეზონურ იქნება, არც იმაში არ არის პრობლემა, რომ სხვადასხვა რეგიონში სხვადსხვა დროს იწყებოდეს სკოლა. თავდაპირველად განათლების რეფორმა ითვალისწინებდა, რომ  რახან რეგიონებს სხვადასხვა კლიმატური და ეკონომიკური თავისებურებები აქვს, შეიძლებოდა სხვადასხვა დროს დაწყებულიყო სასწავლო წელი და სხვადასხვა დროს დამთავრებულიყო. მთავარია, რომ  არის ეროვნული სასაწავლო გეგმა და ის უნდა შესრულდეს და არდადეგები რომელ თვეში იქნება და რომელ დღეებში, ამას არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ყველაფერი პრაგმატულად უნდა გადაწყდეს. რა მნიშვნელობა აქვს პატარაა თუ დიდი ქვეყანა, მთავარია, რომ დასვენების პერიოდი იყოს მოსახერხებელი მოსწავლეებისთვის და მშობლებისთვის”.

ნოდია მიიჩნევს, რომ რომ  მთავრობის მთავარი პრიორიტეტი არა არდადეგების საკითხი, არამედ სკოლაში საუკეთესო კადრების მოზიდვაა, რაც ვერც წინა და ვერც ახლანდელი ხელისუფლების პირობებში ვერ ხერხდება.

„რაც შეეხება ეროვნული სასაწავლო გეგმის შესრულებას, სამწუხაროდ ვერც ერთი მთავრობის პირობებში ვერ მოხდა გარდატეხა სწავლების ხარისხში. სადღაც შეიძლება გარკვეული პროგრესი არის, მაგრამ ზოგადად ეს განვითარების ტემპი არის სრულიად არადამაკმაყოფილებელი. ძირითადი მიზეზი არის ალბათ ფინანსური, იმიტომ რომ ვერ ხერხდება მასწავლებლის ხელფასის აწევა და საუკეთესო კადრების მოზიდვა სკოლაში. მეორეს მხრივ, არის ნაწილობრივ პოლიტიკური მიზეზი, სასკოლო განათლების გაუმჯობესებას სჭირდება კადრების გადახალისება, ბევრმა ძველმა პედაგოგმა უნდა დაკარგოს სამსახური. ეს პოლიტიკურად არის სახიფათო ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. ამას უფრთხოდა ბოლო პერიოდში „ნაციონალური მოძრაობა“ და როგორც ჩანს ასევე უფრთხის დღევანდელი ხელისუფლება. ესაა ძირითადი პრობლემა და არა ვთქვათ არდადეგები“, – განმარტავს გია ნოდია.

განათლების კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი სეზონური არდადეგების იდეას ეკონომიკასთან კავშირში განიხილავს, თუმცა ფიქრობს რომ საქართველოში ის არარელავანტური იქნება.

13dgdgdgd„ლოგიკური დასკვნა შემიძლია გამოვიტანო, რომ ეკონომკის სამინისტრომ მიმართა განათლების სამინისტროს ასეთი „ბრძნული იდეით“, რომ მოდი დავტვირთოთ კურორტები, როდესაც არის დაბალი ფასები. დაბალი ფასი არის იმიტომ, რომ ტურისტი არ ჩამოდის. მოდი დავასვენოთ ბავშვები, რომ ისინი წავიდნენ ამ კურორტებზე. თუ ეს იგულისხმება, ეს არაადექვატური და არარელავანტური იქნება. საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ ბავშვების უმეტესობა არდადეგებზე ისვენებენ  ბებიებთან და ბაბუებთან, ან უკეთეს შემთხვევაში მშობლებთან ერთად, წელიწადში ერთხელ. თუ ჩვენ ამ ბავშვებს დავასვენებთ იმის იმედით, რომ მშობლები გაქანდებიან ფულს დახარჯავენ კურორტებზე, არ მჯერა, რომ ამ მშობლებს ვიღაცა შვებულებაში გაუშვებს  წელიწადში 2-ჯერ.

„მესმის, რომ განათლება ყოველთვის უკავშირდება ეკონომიკას. ეს აბსოლუტურად სწორია, გასაგებია, რომ ბავშვებს დასვენების დროც უნდა და სწავლის დროც. როდესაც  ზაფხულში არის პირობითად სამი თვე დასვენება, მშობელი წინასწარ გეგმავს თავის შვებულებასაც და ბავშვების წაყვანასაც.  იმის გამო, რომ მარტში უფრო დაბალი ფასია კურორტზე, დამიჯერეთ,   დასაქმებულ მშობელს წელიწადში ორჯერ შვებულებას არავინ არ მისცემს. მეორე საკითხია ის, რომ ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა ისვენებს ბებიებთან და ბაბუებთან. რამდენეიმე წლის წინ ასე იყო და  არამგონია ამ ოთხი წლის მანძილზე რამე შეცვლილიყო, ამიტომ არდადეგების სეზონურობა დიდად სურათს ვერ შეცვლის“,- ამბობს დიმიტრი შაშკინი EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.

მისივე თქმით სასწავლო წლის დაწყების სეზონურობაც საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნების მაგალითზე ეფქტური არ იქნება. როგორც შაშკინი ამბობს, მისი მინისტრობის პერიოდში რეგიონების მიხედვით, სასწავლო წლის სხვადასხვა დროს დაწყება, არ განიხილებოდა და თვლის, რომ ეს საქართველოს რეალობისთვის უაზრობაც იქნებოდა.

„ასეთი სისტემა არის აშშ-ში, სადაც ცხოვრობს 300 მილიონზე მეტი ადამიანი და უზარმაზარი ტერიტორიაა. იქ შტატების მიხედვით სხვადასხვა პერიოდში იწყება სწავლა, რადგან სხვადასხვა კლიმატური პირობებია. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ გვყავს დაახლოებით 500 ათასზე მეტი მოსწავლე, ამ ბავშვების 70% სწავლობს თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და დიდი ქალაქების სკოლებში. კლიმატური პირობები ამ ქალაქებში განსხვავებულია, მაგრამ არა დრამატულად. არის ბუნებრივია მაღალმთიანი რეგიონების სკოლები, სადაც დიდთოვლობა იცის და სწორედ ამიტომ ცხადდება ზამთარში არდადეგები, რომელიც შემდეგ კომპენსირდება. არავინ არ იცის ეს დიდთოვლობა შეიძლება დაიწყოს დეკემბერში  და ან იანვარში, ამიტომ ჯობია სიტუაციიდან გამომდინარე იყოს დასვენება. ზამთრში როდესაც 15 იანვარი  გამოვაცხადე სწავლის დაწყების დღედ, ზუსტად იყო დათვლილი, რომ ბავშვებს ქონოდათ შესაძლებლობა აეთვისებინათ ეროვნული სასაწავლო გეგმა და დაესვენათ კიდეც. იყო დაახლოებით სამთვიანი დასვენება ზაფხულზე და ერთთვიანი ზამთარში. ამის შეცვლა მართლა არ მესმის რას მოიტანს“, – ამბობს დიმიტრი შაშკინი.

განათლების სამინისტრო ეტაპობრივი არდადეგების იდეას ინტენსიურად განხილავს, ამის შესახებ მინისტრმა რამდენიმე დღის წინ გამართულ დირექტორთა საბჭოს სხდმაზე ისაუბრა. მისი მთავარი არგუმენტი იყო, რომ ქვეყანაში არსებული საკურორტო ობიექტები მოსწავლეებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

მშობლების ნაწილს სეზონური არდადეგების იდეა მოსწონს, ნაწლი წინააღმდეგია, ბევრი მათგანი ფინასების ნაკლებობაზე საუბრობს. „რა საჭიროა ამდენი დასვენება? ძალიან არ მომეწონა ეს საგაზაფხულო  ადადეგების დაწესება. ბავშვებს ისედაც ეზარებათ სწავლა და კიდევ ეს უნდოდათ? ეს ეტაპობრივი არდადეგები კიდევ საერთოდ ვერ გავიგე რა პრინცპით უნდა იყოს,-“ ამბობს  მშობელი ეკა ნიორაძე ჩვენთან საუბარში.

„მე ძალიან მომწონს ჩვენი მინისტრის ინიციატივები. მომხრე ვარ იმის, რომ ბავშვებს რაც შეიძლება გაუმარტივონ სასწავლო პროცესი, რომ უფრო სახალისო გახდეს. ჩემ შვილს ძალიან გაუხარდა საგაზაფხულო არდადეგები, სიამოვნებით დავისვენებდით მაღალმთიან კურორტზე. ფასებიც შედარებით დაბალია ახლა, მაგარამ სამწუხაროდ კრედიტი მაქვს და  მომიხდა ბავშვისთვის ამეხსნა, რომ წელს ვერ წავალთ, თუმცა მომავალ წელს თუ ისევ იქნება ეს არდადეგები, აუცილებლად გამოვიყენებთ.  რაც შეეხება სეზონურობას, არც ამის წინააღდეგი არ ვარ, ვიცი მაგალითად ევროპაში ძალიან კაგად იყენებენ მსგავს პრაქტიკას“, – გვითხრა ანა მელიქიძემ.

საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში რეგიონების მიხედვით სხვადასხვა დროს გამოცხადდება

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური