GE

შავი ზღვის უნივერსიტეტისთვის პირველკურსელთა მიღების აკრძალვის გადაწყვეტილებას ავტორიზაციის საბჭო ხელახლა განიხილავს

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭო, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის პირველკურსელთა მიღების აკრძალვის გადაწყვეტილებას ხელახლა განიხილავს. კერძოდ კი გადაწყვეტილების გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხზე იმსჯელებს.

როგორც EDU.ARIS.GE-ს უნივერსიტეტში განუცხადეს, სააპელაციო საბჭომ მათი სარჩელი დააკმაყოფილა და საკითხი ხელახალი განხილვისთვის ავტორიზაციის საბჭოს დაუბრუნა.

„10 სექტემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საბჭოში შევიტანეთ სარჩელი, სადაც ვითხოვდით შავი ზღვის უნივერსიტეტისთვის პირველკურსელთა მიღების აკრძალვის გადაწყვეტილების გაუქმებას. აპელაციის სხდომაზე საბჭომ ეს სარჩელი დააკმაყოფილა. ამ სარჩელის საფუძველზე სააპელაციო საბჭო ხელახალი განხილვისთვის უბრუნებს საკითხს ავტორიზაციის საბჭოს. ახლა ავტორიზაციის საბჭოს აქვს 30 დღე, რომ მან ან გააუქმოს პირვანდელი გადაწყვეტილება, ან ძალაში დატოვოს ის. შინაარსობრივი განხილვა მიმდინარეობდა სამი საათის განმავლობაში და მათ შორის, ამ პროცესს ესწრებოდა ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე დავით აფრასიძე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ავტორიზაციის საბჭომ ახლა იმსჯელოს სწორედ იმ საკითხებზე რაზეც გვედავებოდა – მატერიალური უზრუნველყოფის საკითხი ვინაიდან არის ამოწურული, მნიშვნელოვანია, რომ მათ იმსჯელონ სწორედ პირველკურსელთა მიღების აკრძალვის გადაწყვეტილების გაუქმებაზე.

ავტორიზაციის საბჭოს ასევე აქვს უფლება, რომ არ გაითვალისწინოს სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილება, თუმცა ამის მოლოდინი ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ სააპელაციო საბჭოს ათი წევრის ერთსულოვან მხარდაჭერას ჩვენდამი, გაითვალისწინებს ასევე ავტორიზაციის საბჭოც.

როგორც EDU.ARIS.GE-ს შავი ზღვის უნივერსიტეტში განუმარტეს, გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ პირველკურსელი სტუდენტები მობილობის პრინციპით უკვე მეორე სემესტრიდან მიიღონ.

„როგორც გაცხადებული იყო, ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელისა და ასევე პარლამენტის განათლების კომიტეტის ხელმძღვანელის მიერ, ამ გადაწყვეტილების გაუქმების, ჩვენგან საჭირო პროცედურების გავლის შემდგომ ჩვენთვის გაიხსნებოდა სპეციალური მობილობა და შევძლებდით პირველკურსელების დაბრუნებას მეორე სემესტრიდან. სწორედ ამ ფორმით დავიბრუნებთ ჩვენ პირველკურსელებს“, – განმარტავენ უნივერსიტეტში.

როდის მოხდება განხილვა და გამოიყენებს თუ არა ავტორიზაციის საბჭო 30 დღიან ვადას, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ასე გვიპასუხეს:

„საკითხი ავტორიზაციის საბჭოს დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად და მოხდება მისი განხილვა. 10 სამუშაო დღეში, სააპელაციო საბჭოს ოქმი და გადაწყვეტილება ოფიციალურად უნდა გამოქვეყნდეს და ამის შემდეგ უკვე ჩაინიშნება სხდომა“, – განგვიმარტეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური