GE

„შედეგები ჯერ ძალიან ადრეა“ – მინისტრის მოადგილე დისტანციური სწავლების შეფასებაზე 

მნიშვნელოვანია, სწორედ შეფასდეს მოსწავლის აკადემიური მიღწევა, მაგრამ ამას სჭირდება გარკვეული პერიოდი და ის დრო, როდესაც უნდა შეფასდეს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოსწავლეების აკადემიური მიღწევების შეფასება სავარაუდოდ წლის ბოლოს შეფასდება.

„მუდმივად ვსაუბრობთ პანდემიაზე, იმ გამომწვევ მიზეზებზე და იმ შედეგებზე, რომლებიც შეიძლება, გარკვეული პერიოდის შემდეგ დადგეს. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის განათლება და ვიცით, რომ უკვე მარტის თვიდან დისტანციური სწავლების ფორმატში ვიმყოფებით. ამის მიზეზი არის სწორედ ის ვითარება, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს და არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, მოგეხსენებათ, მარტის თვიდან დავიწყეთ დისტანციური სწავლების პროცესზე როგორც მუშაობა, ასევე პროცესი მიმდინარეობს. შედეგები ჯერ ძალიან ადრეა. სწორედ აკადემიური მიღწევების გაზომვას ჩვენ უზრუნველვყოფთ. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მიზანი, რომელსაც გარკვეული პერიოდის შემდეგ მოვახდენთ, სავარაუდოდ სასწავლო წლის ბოლოს“, – აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.

მისი თქმით, დღეს განათლების სისტემა ძალიან ფორსმაჟორულ მდგომარეობაშია.

„მოგეხსენებათ, გარდა იმისა, რომ დღეს თბილისისა და ათი ქალაქის, ასევე აჭარის გარდა, საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში მიმდინარეობს, 2085 საჯარო სკოლაა, ჩვენ გვიწევს ამ სკოლების ყოველდღიური მართვა. მოგეხსენებათ, ის სკოლები, რომლებიც, ასე ვთქვათ, საკლასო ოთახებში ახორციელებენ სასწავლო პროცესს, ყოველდღიურად იცვლება სიტუაცია. შესაძლებელია, ამ შემთხვევაში მოსწავლეს, მოსწავლის ოჯახის წევრს, მასწავლებელს შეექმნას გარკვეული საფრთხე ვირუსთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს ინფორმაციის გაზიარება ჯანდაცვის სამინისტროსთან, მუნიციპალიტეტებში არსებულ ცენტრებთან კომუნიკაცია, გადაწყვეტილების მიღება ინდივიდუალურად, სკოლების მიხედვით, საკლასო ოთახების მიხედვით, თუ ​როგორ წარიმართოს პროცესი. შესაბამისად, ჩვენ ვიმყოფებით ძალიან რთულ, ფორსმაჟორულ სიტუაციაში და ყოველდღიურად გვიწევს განსხვავებულ, ასე ვთქვათ, მიდგომითი სისტემის მართვა. რაც შეეხება აკადემიურ მიღწევებს, ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, სწორედ შეფასდეს მოსწავლის აკადემიური მიღწევა, მაგრამ ამას სჭირდება გარკვეული პერიოდი და ის დრო, როდესაც უნდა შეფასდეს“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ საზოგადოებრვი მაუწყებლის ეთერში.

წყარო: 1ტვ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური