GE

შეძლებენ თუ არა გალელი აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას უცნობია – რაზე მუშაობენ სამინისტროები

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად მუშაობენ, რომ უკანონო შეზღუდვები მოკლე ვადებში მოიხსნას.

პრობლემა ექმნებათ იმ აბიტურიენტებს ვინც 1-ლი ივლისიდან ეროვნული გამოცდების ჩაბარების მიზნით უნდა გადმოსულიყო ე.წ. საზღვარზე და გამოცდებში მონაწილეობა მიეღო. ამ მომენტისთვის უცნობია შეძლებენ თუ არა ისინი საგამოცდო პროცესს შეუერთდნენ.

ასევე, EDU.ARIS.GE-ს ამ დრომდე ვერ მიაწოდეს ინფორმაცია, რამდენ პირზეა საუბარი, რომელთაც საზღვრის ჩაკეტვის გამო, შესაძლოა გამოცდაზე გასვლის უფლება შეეზღუდოს და არც ის ვიცით, რა ალტერნატივას შესთავაზებს მათ საქართველოს მთავრობა.

„ჩვენ უკვე გუშინდელი დღიდან გვაქვს კომუნიკაცია ყველა ფორმალური თუ არაფორმალური არხით. მათ შორის ჩვენი პარტნიორების მეშვეობით. ამ საკითხთან დაკავშირებით, მე ვიცი, რომ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა და წუხილი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აქვს, ახალგაზრდების გადაადგილებას უკავშირდება, მათ მონაწილეობას ეროვნულ გამოცდებში. განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ, რათა გალელ აბიტურიენტებს არ ჰქონდეთ შეფერხება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უმაღლეს სასწავლებლებში წვდომაზე.მინდა დავაიმედო მოსახლეობა და დავარწმუნო, რომ ყველა ნაბიჯი ახლაც და შემდგომაც, განსაზღვრული იქნება მათი ინტერესების მიხედვით და მათ დასახმარებლად მაქსიმალურს გავაკეთებთ. პოლიტიკურ შეფასებებს ცოტა მოგვიანებით გავაკეთებ, ახლა ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი ისაა, რომ მოსახლეობის ინტერესები არ დაზარალდეს და ყველაფერი ვცადოთ, რათა უკანონო შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადაში გაუქმდეს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ენგურის ხიდის ჩაკეტვის მიზეზად აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ  საქართველოში და ზუგდიდში პროვოკაციული ხასიათის მასობრივი საპროტესტო აქციების გამართვა დაასახელა, რომელიც მათი განცხადებით, აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას ეხება.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური