GE

შეივსებთ თუ არა დანამატს ჭადრაკის მასწავლებლობით? – სამინისტროს განმარტება

თუკი უფროსმა მასწავლებელმა გაიარა ორგანიზებული კურსები ჭადრაკის მიმართულებით, ჩაეთვლება თუ არა ჭადრაკის ერთი საათი უფროსი მასწავლებლის დანამატის სრული ოდენობის მისაღებად თუკი 14 საათი აქვს? – ეს კითხვა EDU.ARIS.GE-მ სასწავლო წლის დაწყების შემდეგ არაერთხელ მიიღო. კითხვები დაისვა იმის თაობაზეც, თუ რომელ საგნობრივ ჯგუფს მიეკუთვნა ჭადრაკი.

როგორც ცნობილია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N40/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ჭადრაკის სწავლება სავალდებულო გახდა I კლასში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სასწავლო პროცესში დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, ჭადრაკის ფედერაციამ გადაამზადა ყველა სკოლიდან სხვადასხვა საგნის მასწავლებლები.

„სკოლებიდან წარმოდგენილი გადასამზადებელი კანდიდატურები ამავე სკოლებში ასწავლიან სხვადასხვა საგანს. შესაბამისად, „ჭადრაკი“ დაემატა ყველა საგნობრივ ჯგუფს, რათა სწორედ ჭადრაკის ფედერაციის მიერ მომზადებულ და სერტიფიცირებულ კადრს ჰქონოდა საგნის სწავლების უფლება“, – აცხადებენ მიხეილ ჩხენკელის უწყებაში.

რაც შეეხება საათების ჭადრაკით შევსებას უფროსი მასწავლებლის დანამატის სრული ოდენობის მიღებისთვის, როგორც 30 სექტემბერს განათლების სამინისტროსთვის დასმული კითხვის პასუხად განგვიმარტეს, მასწავლებელს მიეცემა სრული ოდენობა იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში შესაბამის საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნებისათვის გათვალისწინებული საგაკვეთილო საათების რაოდენობა (ჭადრაკის საგაკვეთილო საათების რაოდენობის გარეშე) ნაკლებია სრული ოდენობის მისაღებად საჭირო საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე.

ამავე თემაზე:

150 000 ლარი 4 000 პედაგოგისთვის – რა ჯდება ჭადრაკში მასწავლებელთა გადამზადება და კიდევ რა ხარჯებს გაიღებს განათლების სამინისტრო

რომელი სკოლების პირველკლასელები ისწავლიან ჭადრაკს სავალდებულოდ სექტემბრიდან – მინისტრის ბრძანება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური