GE

შემდეგი ნაბიჯი ტრენინგების დეცენტრალიზაციისკენ

უახლოეს პერიოდში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროვაიდერ ორგანიზაციებთან ღია კარის დღეს გამართავს. ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ საგანმანათლებლო პროგრამებზე მუშაობის გამოცდილება და სამომავლოდაც სურთ  ამ მიმართებით საქმიანობა, ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ პროგრამების რეგისტრაციის  ახალ წესსა  და პროცედურებზე.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, წინა კვირაში დამტკიცდა ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების რეგისტრაციის დებულება და საფასური“.

მასწავლებლის სახლისთვის  პროგრამების რეგისტრაციის ფუნქციის დამატების შესახებ ჩანაწერი ჯერ კიდევ 2018 წლის ივლისში გაჩნდა კანონში  ზოგადი განათლების შესახებ.

EDU.ARIS.GE-სთან  საუბრისას ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი აღნიშნავს:

,,ჩვენი  მიზანი არის, რომ სისტემაში მყოფ მასწავლებლებს პროფესიული განვითარების  პროგრამების გავლისას უფრო მრავალფეროვანი არჩევანი ჰქონდეთ.  გარე პროვაიდერების ჩართვა საუკეთესო საშუალება ამისთვის. ეს ორგანიზაციები განათლების საკითხებზე სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ. აქამდეც მასწავლებლებისთვის მათი არაერთი  პროგრამა მოქმედებდა, მაგრამ  პრობლემა იქმნებოდა შედეგების აღიარების მექანიზმის არარსებობის გამო.  ახლა უკვე მათ შესაძლებლობა ეძლევათ, გაიარონ რეგისტრაცია. ამჯერად, სქემა მილევად რეჟიმშია და იანვრიდან რეგულირების წესი იმუშავებს. მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა, პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული ვალდებულებები სწორედ ამ რეგისტრირებული პროგრამებით  შეივსონ.“

როგორც მასწავლებლის სახლში ვარაუდობენ რეგისტრაციის პროცესისადმი პროვაიდერების მხრიდან დიდი ინტერესი უნდა გამოიხატოს. ბევრი პროგრამა უკვე არსებობს და მოხდება მათი რეგისტრაცია, ასევე შეიქმნება ახალი პროგრამები მოთხოვნების შესაბამისად. უახლოეს პერიოდში დამტკიცდება დოკუმენტების შიდა პაკეტი და გამოცხადდება ღია კარის დღე.

,,იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში გაჩნდება ძალიან ბევრი საინტერესო შეთავაზება მასწავლებლებისათვის და ეს შეთავაზებები იქნება მორგებული მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე“, – აღნიშნავს მანანა რატიანი.

მოამზადა ანა ნინიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი