GE

შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა გამოცდები დღეს იწყება

2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების პროცესი დღეს, პროფესიული ტესტირებით იწყება და 8 ნოემბერს დასრულდება.

წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის  26 600 – ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული. მათგან 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელია.

პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ხელახალი ტესტირებისას მიღებული შედეგები აუქმებს იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას წინა ჯერზე მიღებულ შეფასებასა და შესაბამის კრედიტქულებს.

რა დასაშვებია და რა დაუშვებელი მასწავლებელთა ნოემბრის გამოცდებზე – დეტალები პროცესის შესახებ

ყველა მონაწილე დროულად უნდა გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით. სურვილის შემთხვევაში, აპლიკანტს საშუალება აქვს თან იქონიოს გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით. საგამოცდო წესების თანახმად, დაგვიანებული აპლიკანტი ტესტირებაზე არ დაიშვება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის თქმით, ნოემბერში დაგეგმილ გამოცდების პირველი სესიები 11:00 საათზე დაიწყება, რაც იმას ნიშნავს რომ საგამოცდო ცენტრებში აპლიკანტები დილის 10 საათზე უნდა გამოცხადდნენ.

რომელ საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება მასწავლებელთა გამოცდები – საგამოცდო ცენტრები და მარშრუტები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური