GE

მასწავლებელთა შემოდგომის გამოცდებიდან 7 აპლიკანტი მოიხსნა – როდის გამოცხადდება შედეგები

შემოდგომაზე ორგანიზებული საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა  ტესტირება 8 ნოემბერს დასრულდა. პირველადი მონაცემებით, 26 600-მდე აპლიკანტიდან ტესტირებაზე გამოცხადდა 80%-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი.

როგორც გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი EDU.ARIS.GE-ს კითხვის პასუხად ამბობს, შემოდგომის გამოცდებზე აპლიკანტთა დაგვიანების 10-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.

გამოცდიდან მოიხნსა 7 მასწავლებელი, მობილურის ან დამხმარე მასალის შეტანის მცდელობის გამო.

რაც შეეხება შედეგების გამოცხადებას, სოფო გორგოძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ნაშრომების გასწორება მიმდინარეობს და პასუხები ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება.

მისივე განმარტებით, ტესტირებაზე გასულები ყურადღებით უნდა იყვნენ იმასთან დაკავშირებით, რომ აპელაციისთვის მათ დიდი დრო არ ექნებათ.

“რაც შეეხება შემოდგომაზე გამოცდის გამართვას, ეს წელს მოხდა მხოლოდ და მომავალში მხოლოდ ზაფხულში გაიმართება”, – გვითხრა გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური